ბრძანება N 4377

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2023
№ დოკუმენტი 4377
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4377

07.03.2023

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.:„-------“ )

2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------“ (ს/ნ „-------“ ) №79004/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №000-290 საგადასახადო მოთხოვნას (ბრძანება №011-291/1). აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არ ჰქონდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ბუღალტერმა შეცდომით მოახდინა მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ვინაიდან არ გაითვალისწინა მათ მიერ შეცდომით 2021 წლის 10 ნოემბერს ამობეჭდილი სალარო აპარატის ჩეკი, რომელშიც 700 ლარის ნაცვლად, შეცდომით ამოღებული იქნა 73954 ლარი. აღნიშნული შეცდომა მაშინვე იქნა დაფიქსირებული და შესაბამისი განცხადებაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში. გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2023 წლის 19 სექტემბერს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და განახორციელა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 01.01.2021- 19.09.2022 წ.წ. პერიოდში. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) მიერ წარმოდგენილია 2022 წლის 19 სექტემბერს ID„-------“ განცხადება.აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 3 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-291 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 (2022 წლის სექტემბერი 100*5%=5;) ლარი.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2021 წლის თებერვლის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დეკლარაციები. 2022 წლის 29 დეკემბერს გამოიცა ბრძანება №011-291/1 და დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 2643.26 ლარი (ჯარიმა განისაზღვრა თანხით 2648.26 ლარი ნაცვლად 5 ლარისა). აღნიშნულზე 2022 წლის 29 დეკემბერს გამოიცა №000-290 საგადასახდო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 12 იანვარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 8890.53 ლარი, საურავი 1428.94 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 2748.26 ლარს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.