ბრძანება N 30143
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30143
04 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---) (მის.: ქ. ---)
2023 წლის 15 თებერვლის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ---) 2023 წლის 15 თებერვლის №27775/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის ID: ---- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 27 დეკემბრის მოთხოვნის (ID ---) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, შპს „---ის“ (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად.
შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 16 იანვარს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, კერძოდ, შპს „---ის“ (ს/ნ ---) ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016- 2019 წლიდან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
ზემოაღნიშნული შესაგებელი გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 5 ივნისის №12359 ბრძანებით შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №20131/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12359 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №20131/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც მომჩივანი აღნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, კომპანიას უფლება მიეცა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით დადგენილი შეღავათით და რომ კომპანიის მიერ დაზუსტდა დეკლარაციები, ხოლო აღნიშნულ გარემოებები რა გავლენას ახდენს მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურს არ აქვს ნამსჯელი.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე თავის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ---) 2022 წლის 27 დეკემბრის მოთხოვნის (ID ---) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
შესწავლის შედეგად, ზემოაღნიშნული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, კერძოდ, შპს „---ის“ (ს/ნ ---) ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის წარმოქმნის საკითხი არ იქნა შესწავლილი, ასევე უგულვებელყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80, 811 , 812 პუნქტების მოთხოვნები.
ზედმეტად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ იქნა შეტანილი მერიის ნუსხაში, რომლის საფუძველზეც საწარმოს უფლება მიეცემოდა გათავისუფლებულიყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით უძრავი ქონების მიწოდების დროს. საწარმოს მიერ ბინების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო 2019 წლის 7 მაისის უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „---ს“ უფლება მიეცა ესარგებლა დადგენილი შეღავათით, რის საფუძველზეც საწარმოს მიერ დაზუსტდა დეკლარაციები და ბინების რეალიზაცია გათავისუფლებულ იქნა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შედეგად აღდგენილ იქნა ბიუჯეტში გადახდილი დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის შესაგებელი გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 5 ივნისის №12359 ბრძანებით საწარმოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №20131/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12359 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65; 4 (8).