ბრძანება N 9609

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 9609
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9609

14 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ი“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ.მის.: --------------------------;

იურ.მის.: -------------------------- )

2025 წლის 14 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „----------ი“ს (ს/ნ ---------------) №56965/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის №-----/2025 დასკვნის მიხედვით, საქონლის 3305 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასფიცირების მართლზომიერების საკითხს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტავს, რომ ----დან შემოტანილი საქონელი - კონაზოლის შამპუნი (2% ketoconazole) არის სამედიცინო დანიშნულების ფარმაცევტული საქონელი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დავადებების სამკურნალოდ და ------დან გამოგზავნილ ინვოისში მითითებულია 300 49 00 სეს ესნ კოდი. საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნით კი განისაზღვრა 3305 10 სეს ესნ კოდი - თმის საშუალება.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ----------იც და საქართველოც სეს ესნ კოდის მინიჭებისას სარგებლობს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის რეგულაციებით და მისთვის გაურკვეველია ფარმაცევტულ საქონელს რატო მიენიჭა სხვადასხვა სეს ესნ კოდი -------სა და საქართველოში. მისი მოსაზრებით, სახეზეა მონოპოლიის მინიჭება სხვა კომპანიებისთვის, რომლებსაც იგივე საქონელი შემოაქვთ 300 49 00 სეს ესნ კოდით და სარგებლობენ შეღავათით, რაც ხელს უშლის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.

საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს რომ კონაზოლის შამპუნისთვის 3305 10 სეს ესნ კოდს მინიჭებით მას ერთმევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონლის აფთიაქებში რეალიიზაციის, რადგან თუ არ იქნება რეგისტრირებული 300 49 00 სეს ესნ კოდით, ვერ მოხდება მისი დასაწყობება ფარმაცევტული საქონლისთვის განკუთვნილ საწყობებში. ასევე აფთიაქები უარს იტყვიან მის შეძენაზე, რადგან www.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ფარმაცევტული საშუალება არ უნდა იყოს 3305 10 000 00 სსნ კოდით და ასევე დაჯარიმდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საქნლისთვის ექსპერტიზის დასკვნით მინიჭებული 3305 10 000 00 სეს ესნ კოდი შეიცვალოს 300 49 00 სეს ესნ კოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 17 მარტს შპს „----------მმა“ (ს/ნ ---------------) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს საქონლის (ინვოისი №------------ 28.02.2025) სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით.

ექსპერტიზისთვის წარდგენილი საქონელი იყო სამედიცინო დანიშნულების შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic , broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml)), რომელიც გამოიყენება სებორიული დერმატიტის, კანისა და ფრჩხილის მიკოზების, ქერტლის სიმპტომების მართვისა და კონტროლისთვის, თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნით.

საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე მომზადებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად.

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა შემდეგი შენიშვნები და განმარტებები:

– 34-ე ჯგუფის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა – „შამპუნები, კბილების საწმენდი საშუალებები, კრემები და ქაფები პარსვისათვის ან შედგენილობები აბაზანის მისაღებად, საპნისა ან სხვა ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებების შემცველობით კლასიფიცირდება - 3305, 3306 ან 3307 სასაქონლო პოზიციებში“;

– 30-ე სასაქონლო ჯგუფის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის შენიშვნა – „მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება „3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე“;

– 33-ე ჯგუფის მე-3 პუნქტი (განმარტება) – „33.03-დან 33.07 სასაქონლო პოზიციების პროდუქტები რჩება ამ სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული, მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა ისინი დამხმარე ფარმაცევტულ ან სადეზინფექციო კომპონენტებს, ან ის ითვლება როგორც დამხმარე თერაპიული ან პროფილაქტიკური მნიშვნელობის მქონედ“.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის 1999 წლის 23- ე სესიაზე მიღებულ იქნა კომპენდიუმის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სამკურნალო შამპუნი კეტოკონაზოლის 2%-იანი შემცველობით კლასიფიცირდა 3305 10 სასაქონლო სუბპოზიციაში.

გარდა ამისა, კლასიფიკაციისთვის მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მსგავსი საქონლის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის №-----/2025 დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

შემოსავლების სამსახურისთვის კი უცნობია რამ განაპირობა ექსპორტის დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის მიმართ 3004 სასაქონლო პოზიციის მითითება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას, იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან, .. უზრუნველყოფს ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებას, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლი ადგენს:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) მომზადებულია „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე. აღნიშნული ნომენკლატურა დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) გამოიყენება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ღონისძიებათა განსახორციელებლად, სტატისტიკური აღრიცხვის წარმართვის და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის სრულყოფისათვის.

დასახელებული ნომენკლატურის მე-3 მუხლის („საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“) პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად. მე-7 პუნქტით კი დადგენილია წესი VI: იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე, mutatis mutandis, ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით,რომ მხოლოდ ერთი და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნები, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.

დადგენილია, რომ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა დასახელებულ ნომენკლატირაში მითითებული შენიშვნები და განმარტებები.

ამასთან ერთად, საქართველო როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ხელმძღვანელობს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აღნიშნული კომიტეტის მიერ კენჭის ყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ჰარმონიზებული სისტემის კომპენდიუმს. კომიტეტის 1999 წლის 23-ე სესიაზე მიღებულ იქნა კომპენდიუმის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სამკურნალო შამპუნი კეტოკონაზოლის 2%-იანი შემცველობით კლასიფიცირდა 3305 10 სასაქონლო სუბპოზიციაში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ადმინისტაცია, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.

დადგენილია ასევე, რომ მითთებულის გარდა, საქონლის კლასიფიკაციისთვის მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მსგავსი საქონლის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის №-------/2025 დასკვნის მიხედვით, საქონლის (სამედიცინო დანიშნულების შამპუნი – კონაზოლი (2% ketoconazole (a synthetic , broad-spectrum antifugal agent) 20mg/ml)), რომელიც გამოიყენება სებორიული დერმატიტის, კანისა და ფრჩხილის მიკოზების, ქერტლის სიმპტომების მართვისა და კონტროლისთვის, თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნით) კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საჩივარში მითითებულ არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ და საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის საფუძველზე, რომლებიც მკაფიოდ აწესრიგებენ საქონლის კლასიფიკაციის პროცესს, ერთი კომპანიის (ამ შემთხვევაში შპს „------მ“) მომართვის საფუძველზე განხორციელებული ექსპერტიზა, ვერ ჩაითვლება სხვა სუბიექტებისთვის უპირატესობის მინიჭებად. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ნებისმიერი ეჭვის არსებობას, რომ საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მოქმედება მიზნად ისახავს ან იწვევს რომელიმე ეკონომიკური სუბიექტისათვის გამონაკლისი პირობების შექმნას ან ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურას, რომლის მიზანია პროდუქტის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამგვარად, ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვება ემყარება არა სასაქონლო კოდს, არამედ სპეციალურ ნორმატიულ მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს ბაზრის ხელოვნურ რეგულირებას ან შეზღუდვას საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის გზით. ფარმაცევტული პროდუქტის/სამკურანლო საშუალების კლასიფიცირება სასაქონლო პოზიციით (მაგალითად, 3004 ან 3305) ტექნიკური საკითხია და ის არ იძლევა ფარმაცევტული რეგულირების წესების გვერდის ავლით (ან პირიქით) პროდუქტის ბაზარზე დაშვება/არდაშვების სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, სასაქონლო პოზიცია 3004 მოიცავს ფართო სპექტრის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შექმნილია დაავადების პირდაპირ სამკურნალოდ. მათ შორის, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონების შემცელი პროდუქტები და ინსულინის შემცველი პროდუქტები. სწორედ ამიტომ, 3004 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეთ თანხვედრა იმ პროდუქციის კატეგორიასთან, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა ზემოაღნიშნული კანონით.

რაც შეეხება www.moh.gov.ge ვებსაიტს, აღნიშნული ვებსაიტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ონლაინ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობას და ის ვერ გამოიყენება პროდუქტის რეგისტრაციის საკანონმდებლო საფუძველად, მითუმეტეს, როცა რეგისტრაციის პროცესში არ გამოიყენება სასაქონლო კოდი. აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია ასახული იყოს რეგისტრირებული პროდუქტები, რომლებიც კლასიფიცირდება სხვადასხვა სასაქონლო კოდში.

ამრიგად, სასაქონლო კოდის მინიჭება არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს პროდუქტის ბაზარზე დაშვებისთვის ან მის შეზღუდვისთვის. საქონლის კლასიფიკაცია ემყარება საერთაშორისო ჰამონიზებული სისტემის ინტერპრეტაციის ძირითად წესებს, სასაქონლო პოზიციების ტექსტებს, შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებს, რა დროსაც ხდება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პრაქტიკის გაზიარება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის №-----/2025 დასკვნის შედეგები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ი“-ს (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საქნლისთვის ექსპერტიზის დასკვნით მინიჭებული 3305 10 000 00 სეს ესნ კოდი შეიცვალოს 300 49 00 სეს ესნ კოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 17 მარტს მომჩივანმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზისთვის წარდგენილი საქონელი იყო სამედიცინო დანიშნულების შამპუნი – კონაზოლი . საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე მომზადებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა შემდეგი შენიშვნები და განმარტებები: – 34-ე ჯგუფის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა – „შამპუნები, კბილების საწმენდი საშუალებები, კრემები და ქაფები პარსვისათვის ან შედგენილობები აბაზანის მისაღებად, საპნისა ან სხვა ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებების შემცველობით კლასიფიცირდება - 3305, 3306 ან 3307 სასაქონლო პოზიციებში“; – 30-ე სასაქონლო ჯგუფის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის შენიშვნა – „მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება „3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე“; – 33-ე ჯგუფის მე-3 პუნქტი (განმარტება) – „33.03-დან 33.07 სასაქონლო პოზიციების პროდუქტები რჩება ამ სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული, მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა ისინი დამხმარე ფარმაცევტულ ან სადეზინფექციო კომპონენტებს, ან ის ითვლება როგორც დამხმარე თერაპიული ან პროფილაქტიკური მნიშვნელობის მქონედ“. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის 1999 წლის 23- ე სესიაზე მიღებულ იქნა კომპენდიუმის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად სამკურნალო შამპუნი კეტოკონაზოლის 2%-იანი შემცველობით კლასიფიცირდა 3305 10 სასაქონლო სუბპოზიციაში. გარდა ამისა, კლასიფიკაციისთვის მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მიერ მსგავსი საქონლის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა „3305 10 000 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში. შემოსავლების სამსახურისთვის კი უცნობია რამ განაპირობა ექსპორტის დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის მიმართ 3004 სასაქონლო პოზიციის მითითება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35(1.2.3.4.);