ბრძანება N1224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1224
26 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2023 წლის 17 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრისა და 2024 წლის 11 იანვრის სხდომებზე (ოქმი №125 და N2) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) №196000/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 ნოემბრის ID ---------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 3 ნოემბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს გრანტის ფარგლებში მომსახურებისა და პროდუქციის შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნით. 2023 წლის 13 ნოემბერს მიიღო უარყოფითი პასუხი - "საქართველოს კანონის "გრანტების" შესახებ მე-4 მუხლის გათვალისწინებით და იმ მიზეზით, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არ შიძლება იყოს გრანტის მიმღები, მაშინ როცა ამავე კანონის ამავე პუნქტით "ზ" ქვეპუნქტით გრანტის მიმღებს წარმოადგენს აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ16 პუნქტი განმარტავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – "უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს" და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით". აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას და წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ,,-----------“ (ს/ნ -----------) მიერ 2023 წლის 3 ნოემბერს წარდგენილი იქნა ID ----------- განცხადება სსიპ ------------ გაფორმებული საგრანტოს ხელშეკრულების (№-----------) საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.
შპს ,,-----------“ (ს/ნ-----------) გაეგზავნა პასუხი და ეცნობა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება №----------- არ აკმაყოფილებს ”გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლს, რომელიც გრანტის მიმღებ პირად არ ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. აღნიშნულ განცხადებაზე 2023 წლის 13 ნოემბრის ID ----------- გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 15 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლოსამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) კოლეჯი;
დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის შესაბამისად:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს გრანტის ფარგლებში მომსახურებისა და პროდუქციის შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას და წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ, წარდგენილი იქნა განცხადება სსიპ_თან გაფორმებული საგრანტოს ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.პასუხად ეცნობა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ”გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლს, რომელიც გრანტის მიმღებ პირად არ ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);181(2,3);
გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, მე-4 მუხლის „ზ“ პუნქტი