ბრძანება N 25831

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.10.2023
№ დოკუმენტი 25831
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 25831

18 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 21 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 21 სექტემბრის №83720/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №064-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს პროექტებს, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ნაქირავები ფართები, რომლებსაც იყენებდა საცხოვრებელი/საყოფაცხოვრებო და საოფისე მიზნებისთვის. აღნიშნული ფართების მოსაწყობად კომპანიამ შეიძინა ავეჯი და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამასთან, მიუთითებს, რომ ვინაიდან შეძენილი საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა შეძენილ საქონელზე ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების შედეგად ნაწილობრივ მოხდა ლოდების შეძენის ხარჯის გათვალისწინება. კერძოდ, შემმოწმებელმა ხარჯებში გაითვალისწინა ლოდების მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც მოხმარდა პირველი ტენდერის სამუშაოებს, ხოლო მომდევნო ორი ტენდერისთვის მოხმარებული ლოდების მოცულობა არ იქნა გათვალისწინებული.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „------თვის“ გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. განმარტავს, რომ შპს „------“ არის შპს „-----ს“ ქვეკონტრაქტორი. მიუთითებს, რომ თავდაპირველად შპს „-----მ“ ავანსის სახით ჩარიცხა თანხა, ხოლო მომდევნო ჯერზე განხორციელებული ანგარიშსწორებები არ იყო არც დროული და არც სრული. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხრაჯად) მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ყველა მომსახურება გამოყენებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ამასთან, საწარმოს მიღებულ მომსახურებებზე გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზე კომპანიას შეუძლია დაადასტუროს ამ მომსახურებების, როგორც მიღება, ასევე მათთან ანგარიშსწორება.

5. გადასახადის გადამხდელი შემოწმებულ პერიოდში მოქცეული ფაქტურებისა და დეკლარაციების დაზუსტების ნებართვასთან დაკავშირებით, ითხოვს შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32394 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახდის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32394 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 292 712 ლარით, მათ შორის გადასახადი 195 123 ლარი, ჯარიმა 97 589 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 აგვისტოს №064-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.

 მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის სხვადასხვა მტკიცებულებები. შემმოწმებლის მიერ მოხდა ამ დოკუმენტების შესწავლა და შედარება იმ სახელმწიფო ტენდერების მონაცემებთან, რომელთა მიხედვით გადამხდელს შესრულებული აქვს სამუშაოები, მ.შ. როგორც ქვეკონტრაქტორს. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. შედარების შედეგად დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში 45171.43 კბ.მ ქვის დამატებით გამოყენება, რაზეც ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და საჭიროება სადავო არ არის. მისი ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით არის 1219628.61 ლარი. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საწარმო უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შემცირება არ განხორციელებულა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ:

 ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.

 ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 რაც შეეხება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 ხოლო, სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკაშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს იმ პერიოდებზე, რომელზედაც ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „------“ მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მას მონაწილეობა მიღებული აქვს 8 ტენდერში. ტენდერის საფუძველზე სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ჩაბარება მოითხოვს აუცილებლობას, რომ შპს „-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ასევე შპს „-----ს“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურები თანხობრივად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევოდეს ერთმანეთს. სამწუხაროდ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ეს სიზუსტე. კერძოდ, შპს „------სა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2021 წლის ბოლოს გაფორმდა ხელშეკრულებები -----ს, ------სა და ------ს მუნიციპალიტეტებში მდინარის ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის თაობაზე. შპს „------სა“ და შპს „-----ს“ შორის ასევე გაფორმდა ქვეკონტრაქტები ზემოხსენებული სამუშაოების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოები წინასწარ საჭიროებდა გარკვეულ თანხებს (დიზელი, გაბიონის ყუთების და სხვ.) შპს „-----სა“ და შპს „-----ს“ დირექტორები შეთანხმდნენ, რომ შპს „------“, შპს „-----ს“ ჩაურიცხავდა ავანსის თანხას. შპს „------ მისივე სახსრებითა და საშუალებებით დაიწყებდა პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის შეძენას და სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას, ხოლო შპს „-------“, შპს „------ს“ ანგარიშზე გარკვეული პერიოდულობით გადმორიცხავდა შესრულებული სამუშაოების თანხებს (რაც ყოველთვის ნაკლები იყო ფაქტობრივად შესრულებულთან). ჩარიცხული თანხები დადეკლარირდებოდა და გამოიწერებოდა ფაქტურები, ხოლო პროექტის დასრულებისთანავე გადაიხურებოდა ავანსის ფაქტურა. ასევე, დაზუსტდებოდა გამოწერილი ფაქტურები კომპანიებს შორის საბოლოო ფორმა 2-ებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების შესაბამისად. შეთანხმებისამებრ, პროექტის დასრულებისთანავე გადაიხურა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და პროექტების განხორციელების მთლიან პერიოდზე - 2021 წლის დეკემბერი - 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გამოიწერა დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (რომელთა ჯამი რიცხობრივად და თანხობრივად ემთხვეოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა თვეების მიხედვით არსებობდა გარკვეული თანხობრივი სხვაობები) და გამოეგზავნა შპს „------ს“ დაშვებით, რომ მოხდებოდა ადრე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩანაცვლება ახალი ანგარიშ-ფაქტურებით, შესაბამისად დაზუსტებობდა შესაბამისი თვის დეკლარაციები ზუსტი თანხებით. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურების დაზუსტება ვერ მოხერხდებოდა, რადგან, შპს „------ს“ ამოწმებდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი და შემოწმების პერიოდში ექცეოდა 2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტის თვე.

შედეგად გადამხდელი ითხოვს იმ პერიოდებზე, რომელზედაც ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები. მიუთითებს, რომ მართალია აღნიშნულით, შპს „------ს“, შემოწმებელ პერიოდზე უმცირდება ჩათვლა, უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება და ემატება დღგ, თუმცა ------ს დირექტორი აცხადებს სრულ თანხმობას, რადგან ნათელია, რომ სხვაობა ავტომატურად ბალანსდებოდა შემდგომ პერიოდებზე - 2022 წლის აპრილი-ოქტომბრის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს-თვის გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხრაჯად) მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

5. გადასახადის გადამხდელი შემოწმებულ პერიოდში მოქცეული ფაქტურებისა და დეკლარაციების დაზუსტების ნებართვასთან დაკავშირებით, ითხოვს შემოწმების პერიოდში მოხვედრილ თვეებზე (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი) ჩაიხსნას შემოწმებულ პერიოდში მოხვედრილი დეკლარაციებიდან ძველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (9 ფაქტურა, საერთო ჯამით 1 106 000 ლარი) და სანაცვლოდ აიტვირთოს ახლად გამოწერილი, დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.

 მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საწარმო უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შემცირება არ განხორციელებულა.

 

გადაწყვეტილება

პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მე-5 სადავო საკითხთან დაკაშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 298(2).

შემოსავლების სამსახურის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანება.