გადაწყვეტილება №21333/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21333/2/2023
18 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------- “ (ს/ნ "------")
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 16.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21333/2/2023).
დავის საგანი:
1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის გაუქმება;
2. საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება;
3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28172 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2023 წლისთვის არსებული ზედმეტობა 19 616,07 ლარის ოდენობით, ავტომატურად გაუქმდა 15.05.2023 წელს.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 5.06.2023 წლის მდგომარეობით, რიცხული აღიარებული საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის გაუქმება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.10.2023 წლის გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28172 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის გაუქმება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 1.01.2023 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილ თანხები 19 616,07 ლარის ოდენობით, რაც წარმოშობილია 1.01.2016 წლიდან 1.01.2020 წლამდე დარიცხულ და გადახდილ გადასახადებს შორის სხვაობის შედეგად, ამასთან, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ასევე არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია.
მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.05.2023 წელს ავტომატურად განხორციელდა 31.12.2022 წლისთვის არსებული ზედმეტობის ჩამოწერა. მომჩივნის მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2023 წლიდან თანხის ჩამოწერამდე წარდგენილია 2023 წლამდე პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტზე.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
10.02.2023 წელს გაიყიდა კომპანიის 100%-იანი წილი. კომპანიის დამფუძნებელი/პარტნიორი გახდა "------", რომელმაც კომპანიის წილი იყიდა იმის შემდეგ, რაც ყოფილმა დამფუძნებელმა/პარტნიორმა "------"-მ სრულად დაფარა იმ მომენტისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულებები.
ყიდვა-გაყიდვის მომენტში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე კომპანიას უფიქსირდებოდა ზედმეტობა 5 326,23 ლარი. 15.05.2023 წელს კომპანიის პირადი ბარათიდან, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩამოიჭრა 19 616,07 ლარი, რომლის შედეგად ბარათზე აისახა დავალიანება (ზედმეტობის განაშთვის შემდეგ): გადასახადი - 1 526,6 ლარი, ჯარიმა - 3 479,74 ლარი და საურავი - 9 608,59 ლარი, სულ - 14 614,93 ლარი.
შემოსავლების სამსახურის მიერ თანხის - 19 616,07 ლარის, ჩამოჭრის საფუძვლად მითითებულია №13446 ბრძანების მე-4 მუხლის 22-ე პუნქტი.
შემოსავლების სამსახურის მიერ ზედმეტობის ჩამოჭრა მოხდა რიგი დარღვევებით, კერძოდ კომპანიის შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე (RS.GE) არ ყოფილა გამოგზავნილი შეტყობინება მოსალოდნელი ხანდაზმული ზედმეტობის გაუქმების შესახებ.
არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანება, აღნიშნული წესების დაცვით, კერძოდ, ამ ბრძანების მე-4 მუხლის არსებული ჩანაწერი წარმოადგენს:
„გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციების ჩაწერის წესები:
20. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის
გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
22. ამ მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს.“
2023 წლის იანვარში მოხდა 2020-2022 წლების დეკლარაციების დაზუსტება-წარდგენა, რომლის თანხების დარიცხვის შემდეგ მოხდა ოქმების გასაჩივრებები და საპასუხოდ გამოგზავნილი იყო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ოქმების ასახვის შემდეგ გამოიგზავნა შეტყობინება დარიცხული თანხების შესახებ, რომელიც გადახდილი იყო 2023 წლის იანვარში (გადახდილი იქნა 63 955 ლარი).
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში გარკვევით მითითებულია, რომ ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს, ბარათზე არ განხორციელებულა კორექტირება და პირველი იანვრის მდგომარეობით აღნიშნული თანხები კომპანიას ერიცხებოდა როგორც ზედმეტობა. გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანების ჩანაწერი შეუსაბამოა საგადასახადო კოდექსთან. საგადასახადო კოდექსში, რომლის საფუძველზეც არის გამოცემული აღნიშნული ბრძანება, არ არის მითითება, თუ როდის უუქმდება პირს საგადასახადო ზედმეტობა (მითითება არის მხოლო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე). გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანების შინაარსი არასამართლიანია, რადგან იგი არათანაბარ მდგომაროებაში აყენებს სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელს. თუ კომპანიას ბარათზე ნაცვლად ზედმეტობისა, ექნებოდა საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო ორგანო ამ დავალიანებას არ ჩამოაწერდა (როგორც ჩამოაწერა ზედმეტობა) და გამოიყენებდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია და მისი დამფუძნებელი ვერ ჩათვლიდა არსებული ზედმეტობის გამოყენებას არამართლზომიერად. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის ახალმა პარტნიორმა 100% წილი შეისყიდა სს საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით, რომლის დაფარვაც ხდებოდა და უნდა მოხდეს ამ კომპანიაში არსებული ქონების გაქირავებით (იჯარით) მიღებული შემოსავლით, ხოლო დარიცხული თანხების გამო დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს სესხის დროულად გადახდას, რაც ზიანს აყენებს კომპანიასაც და დამფუძნებელსაც.
გათვალიწინებული უნდა იქნას ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოება და კომპანიას დაუბრუნდეს პირად ბარათზე 15.05.2023 წელს ჩამოჭრილი თანხა 19 616,07 ლარი და შესაბამისად გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.10.2023 წლის №20330/2/2023 გადაწყვეტილება.
2. საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 4.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 1 526,6 ლარი, ჯარიმა 3 479,74 ლარი და საურავი 9 623,86 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 5.06.2023 წელს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2023- 095110 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (14 630,2 ლარზე).
5.06.2023 წლის №011-2023-095110 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1,85 ლარი. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო დაკორექტირდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, 16.06.2023 წლის გამოცემული იქნა №021-2023- 098020 კორექტირებული საინკასო დავალება (22 665,74 ლარზე), ხოლო 20.07.2023 წელს გამოცემული იქნა №021-2023-115599 კორექტირებული საინკასო დავალება (22 828,15 ლარზე), 23.08.2023 წელს გამოცემული იქნა №011-2023-137590 კორექტირებული საინკასო დავალება (22 990,57 ლარზე), 26.09.2023 წლის გამოცემული იქნა №021-2023-153863 კორექტირებული საინკასო დავალება (23 152,98 ლარზე), ხოლო, 31.10.2023 წლის გამოცემული იქნა №022-2023-204011 კორექტირებული საინკასო დავალება (23 320,17 ლარზე), კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 5.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებული პირველი დავის საგნის ნაწილში.
3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადის სახით 1 526,6 ლარი, ჯარიმა 3 479,74 ლარი და საურავი 9 610,12 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე და 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებისთვის, აღნიშნულ ზედმეტად გადახდილ თანხაზე 1.01.2023 წლის მდგომარეობით გასული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა და აგრეთვე, გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა უფიქსირდებოდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია (მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია)).
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, საკითხის განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის 15.05.2023 წელს ავტომატურად გაუქმების აუცილებელი და საკმარისი პირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით 31.12.2022 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგენილი უნდა იქნას ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინებისა და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანების გაუქმება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28172 ბრძანება;
3.მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით, 31.12.2022 წლის მდგომარეობით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღადგინოს ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი;
4.ვალის მართვის დეპარტამენტის დაევალოს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინებისა და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანების გაუქმება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ კომპანიას უნდა დაუბრუნდეს პირად ბარათზე 15.05.2023 წელს ჩამოჭრილი თანხა 19 616,07 ლარი და შესაბამისად გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინება და ბრძანება.
ასევე,თვლის,რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.10.2023 წლის №20330/2/2023 გადაწყვეტილება.
2.მომჩივნის არგუმენტაცია მითითებული პირველი დავის საგნის ნაწილში.
3.მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანს 1.01.2023 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილ თანხები,რაც წარმოშობილია 1.01.2016 წლიდან 1.01.2020 წლამდე დარიცხულ და გადახდილ გადასახადებს შორის სხვაობის შედეგად, ამასთან, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ასევე არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია.
მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ავტომატურად განხორციელდა ზედმეტობის ჩამოწერა. მომჩივნის მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2023 წლიდან თანხის ჩამოწერამდე წარდგენილია 2023 წლამდე პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით.
2.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 4.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.აღნიშნულიდან გამომდინარე, 5.06.2023 წელს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2023- 095110 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.
3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინებისა და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანების გაუქმება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
238,243.