ბრძანება N 33951
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33951
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 24 თებერვლის
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №20631/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“-ის (ს/ნ ---) №33971/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №005-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართებით ფაქტობრივად სარგებლობის დაწყების მომენტის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ ამხანაგობა შექმნილია არაკეთილსინდისიერი მშენებლისგან დაზარალებული ფიზიკური პირების მიერ, დღეის მდგომარეობით სრულად არ არის შესრულებული სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები და საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ არის დასრულებული, შესაბამისად, ამხანაგობის წევრებზე ბინები არ გადაცემულა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №22112 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აპრილის №005-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 11 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) ,,---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით განსაზღვროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №22112 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 იანვრის №005-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19368 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19368 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №20631/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19368 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია: საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №22112 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლას, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:
შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს არასაკმარის და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, რომლებიც არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, ასევე, ვერ ადასტურებს გადამხდელის საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაქევემდებარა კორექტირებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ამხანაგობა შექმნილია არაკეთილსინდისიერი მშენებლისგან დაზარალებული ფიზიკური პირების მიერ, დღეის მდგომარეობით სრულად არ არის შესრულებული სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები და საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ არის დასრულებული, შესაბამისად, ამხანაგობის წევრებზე ბინები არ გადაცემულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ქალაქ ----ს მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2023 წლის 12 ივლისის წერილი, სადაც აღნიშნულია: ქალაქ ----ს მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში: გამყიდველი) და ამხანაგობა „----“-ის წევრებს (შემდგომში: მყიდველი) შორის 2010 წლის 15 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ქ. ---ში, ---ის ქ. -ში მდებარე 3 216 კმ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (მიწის ს/კ: ---) შესაბამისი საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობით. ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში (არაუგვიანეს 2012 წლის 15 დეკემბრისა) საპრივატიზებო ტერიტორიიდან 600 კმ2 მიწაზე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პროფილის მქონე ორსართულიანი შენობის აშენება, კეთილმოწყობა, ექსპლუატაციაში მიღება და მისი ეზოსთვის საპრივატიზებო ობიექტის ტერიტორიიდან 400კმ2 მიწის ნაკვეთის დათმობა (პუნქტი 4.3).
მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე, ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული შენობისა და მისი ეზოსთვის გამოყოფილი 400 კმ2 მიწის ნაკვეთის, რომელიც უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, ქ.---ის თვითმმართველი ერთეულისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა (პუნქტი 4.5). მყიდველის მიერ დღემდე არ არის შესრულებული ხელშეკრულების 4.3 და 4.5 პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები, კერძოდ:
საპრივატიზებო ობიექტზე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პროფილის მქონე შენობა არ არის აშენებული 600 კმ2 მიწაზე;
არ დგინდება არის თუ არა საპრივატიზებო ობიექტის ტერიტორიიდან 400 კმ2 მიწის ნაკვეთი დათმობილი აღნიშნული დაწესებულების ეზოსთვის;
შესაბამისი შენობა არ არის მიღებული ექსპლუატაციაში;
აღნიშნული შენობა, ასევე შენობისა და ეზოსთვის დათმობილი მიწის ნაკვეთი არ არის ქალაქ ---ის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადმოცემული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, მყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 1 000 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან (2012 წლის 16 დეკემბრიდან) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ოდენობა ზრდადია მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ სრულად არ არის შესრულებული ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „----“-ის მიერ ქალაქ ---ს მუნიციპალიტეტის მერიასთან 2010 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დამდგარა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო და შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტიური სარგებლობის დაწყების მომენტის ამხანაგობის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციად მიჩნევა არამართლზომიერია.
საქმეზე არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტიური სარგებლობის დაწყების მომენტის დღგით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართით ფაქტიური სარგებლობის დაწყების მომენტის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი ფართებით ფაქტობრივად სარგებლობის დაწყების მომენტის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19368 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №20631/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19368 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.