ბრძანება N 954
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 954
25.01.2023
“-----“ (ს/ნ “------“ )
(მის: ------- )
2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა „-----„ (ს/ნ ------ ) №77638/1/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №CB1424265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს,რომ დირექტორი არ იმყოფება საქართველოში და შეზღუდული ჰქონდათ წვდომა ელექტრონულ გვერდზე.შეტყობინების გახსნის დროს სწორად ვერ გააანალიზეს შეტყობინება და შესაბამისად ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „-----„ (ს/ნ -----) მიმართ 2022 წლის 27 სექტემბერს გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-4440 ბრძანება, რომელსაც გაეცნო 2022 წლის 6 ნოემბერს. აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია „-----„ (ს/ნ ----- ) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №011-4440 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე 2022 წლის 9 დეკემბერს შედგენილ იქნა №CB1424265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 9 დეკემბერს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 9 დეკემბერს.(ID: -------). ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული "მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის" 45-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 11 იანვარს N011-53 ბრძანებით გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 სექტემბრის 011-4440 ბრძანება "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ".
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2.საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით,ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „-----„ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.„-----„(ს/ნ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №CB1424265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში(მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16)ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.