ბრძანება N 11029

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 11029
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11029

17.05.2023

ი/მ -------------- (ს/ნ -------------)

(მის.:--------------------)

2023 წლის 26 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ---------) 2023 წლის 26 თებერვლის №18964/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №023-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 85 450 ლარი დატოვა იჯარის სახით მიღებულ შემოსავლად, დაბეგრა 20%-ით და მასზე გაწეული ხარჯი არ გაითვალისწინა. წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხი, კერძოდ:

მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ გაწეული მომსახურების საიჯარო მომსახურებად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

აცხადებს, რომ იგი წარმოადგენს მცირე მეწარმეს, ეწევა სატრანსპორტო მომსახურებას და მართლზომიერად ბეგრავდა მიღებულ შემოსავალს საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. აღნიშნავს, რომ 2019 წლის მაისის თვეში შეიძინა სპეციალური ბეტონმრევი 27 000 ლარად, ხოლო მეორე ბეტონმრევი 2020 წლის თებერვალში - 23 000 ლარად. სატრანსპორტო საშუალებებს ნორმალურად რომ ემუშავათ, მათ შეკეთებაზე იგივე ხარჯი გასწია, რაც შეძენაზე გადაიხადა. საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ზოგ შემთხვევაში მომხმარებელთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება საკუთარი საწვავის გარეშე მომსახურების გაწევის შესახებ, ზოგჯერ კი თავისი საწვავით ახდენდა მომსახურებას, თუმცა ვინაიდან იყო მცირე მეწარმე, საწვავის შეძენის დამადასტურებელი საბუთის მოპოვება არც უცდია.

ასევე, აცხადებს, რომ 2 მძღოლთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება და მათი საშუალებით ემსახურებოდა მომხმარებლებს. დამატებით მიუთითებს, რომ გაცემულ ხელფასებს გადახდის წყაროსთან არ აკავებდა, ვინაიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, არც გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასები აღემატებოდა ჯამში წლიურად 6 000 ლარს და არც მისი შემოსავალი აღემატებოდა 50 000 ლარს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე ი/მ -----------ის (ს/ნ------------) 2022 წლის 28 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1. ი/მ -----------ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მესამე პირების (სხვადასხვა საწარმოს/მეწარმის) მიერ ი/მ -------------ის (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №34 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 9 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 10 965 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 310 ლარი, ჯარიმა 3 655 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №023-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე მესამე პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მესამე პირების (სხვადასხვა საწარმოს/მეწარმის) მიერ ი/მ ------------ის (ს/ნ -------------) საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 10 965 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ ა :

 

1. ი/მ----------- ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადაო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე მესამე პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ოპერაციის საიჯარო მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302;304