გადაწყვეტილება №27306/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 27306/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27306/2/2026

19 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27306/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №7273 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა;

 

დარიცხული თანხა: 1 953 306.56 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 766 357

ჯარიმა - 383 179

საურავი - 803 770.56

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურება (ტვირთის გადაადგილება, შენახვა, დასაწყობება, გადატვირთვა, გაცილება და ა.შ.). ასევე, ახორციელებს ქვანახშირის რეალიზაციას/ტრანსპორტირებას ------- ჩინეთის მიმართულებით, პერიოდულად ასევე, ------- საქართველოს მიმართულებით.

რისკის მიმოხილვის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტმა საწარმომ „-------“-მა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ კომპანია შპს „-------“, გადაზიდვის მარშრუტია -------. თანმხლები დოკუმენტაციით დგინდება, რომ ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიას გაივლის ტრანზიტის რეჟიმით.

შპს „-------“ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა თავის მხრივ დაუკვეთა არარეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს „-------“-ის.

ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე გაფორმებული აქვს აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიასთან და ანგარიშსწორებას ახორციელებს მასთან. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის განმარტებით არარეზიდენტი კომპანია „-------“ წარმოადგენს ------- რეზიდენტ საწარმოს.

აღნიშნული გარემოებების „საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის, 104-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის, 134-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „-------“ მიერ არარეზიდენტი კომპანია „-------“-ისთვის გადახდილი სრული თანხა წარმოადგენს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%- ით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27608 ბრძანება და ამავე თარიღის №002-241 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.03.2025 წლის №3668 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს კომპანიის მიერ განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვის ორ ოპერაციად გამიჯვნა და შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის დასკვნა, სადაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №7273 ბრძანება და ამავე თარიღის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია „-------“-იმ გაუწია გადაზიდვის მომსახურება, რომლის მარშრუტიც გახლდათ -------. ამასთან აღნიშნული ტვირთი მოქცეული იყო ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო თურქეთი. შედეგად ტვირთმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთა ტრანზიტულ რეჟიმში. ------- ტვირთვის ტრანსპორტირება დაიყო რამდენიმე ეტაპად. კერძოდ ------- ტერიტორიაზე ტვირთის ტრანსპორტირება კომპანია „-------“-ის გაუწია ------- რკინიგზამ, ------- ტერიტორიაზე - ------- რკინიგზამ და საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რკინიგზამ. სამივე სარკინიგზო კომპანიამ გადამზიდავ კომპანიას წარუდგინა განსხვავებული ტარიფები,რასაც მოწმობს გაცემული ინვოისები. შედეგად ------- დაყოფილ ეტაპებზე ინდივიდუალურად დაანგარიშდა მომსახურების ღირებულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეთოდური მითითებიდან აღნიშნული ოპერაციის რელევანტურ მაგალითად მითითებულია №5 მაგალითი, სადაც აღწერილია ------- თბილისის გავლით ------- ტვირთის ტრანსპორტირება. აღნიშნულ მაგალითში ტრანსპორტირების მარშუტი დაყოფილია ------- თბილისამდე და თბილისიდან -------, რაც კომპანია „-------“-ის მიერ განხორციელებული გადაზიდვის მხოლოდ ბოლო ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ------- ტრანსპორტირების მოდელი ამ მაგალითში განხილული არ არის.

მეთოდური მითითებიდან კომპანიის შეფასებით რელევანტური მაგალითია №2, სადაც ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ------- თბილისამდე ------- გავლით. აღნიშნული მაგალითის „ბ“ ვარიანტში ------- ------- ტვირთის გადაზიდვის მომსახურება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების პუნქტები მდებარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.

ამასთან, ჯამურად აღნიშნული პროექტიდან შპს „-------“ კუთვნილმა მოგებამ შეადგინა 97 575 ლარი, ხოლო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული გადასახადი განისაზღვრა 766 357 ლარით, რომელიც ბევრად აღემატება მიღებულ მოგებას. შედეგად მსგავსი საგადასახადო ტვირთის პირობებში აზრს კარგავდა ამ ტიპის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა საქართველოს გავლით.

ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მოეხდინა კომპანიის მიერ განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვის ორ ოპერაციად გამიჯვნა და შედეგად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული წარდგენილი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 21.05.2024 წლის №11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №2 მაგალითის „ბ“ ვარიანტით და დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული გადაზიდვა, რასაც მოწმობს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. შესაბამისად ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა. ამასთან, ვინაიდან სადავო საკითხი არ იყო დაფიქსირებული გაცემულ რეკომენდაციაში, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, „საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის რელევანტური მაგალითია №2 (ვარიანტი „ბ“) და რომ შესაძლებელია განხორციელებული ოპერაციის გამიჯვნა ორ ოპერაციად (------- და -------). ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს კომპანიის მიერ განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვის ორ ოპერაციად გამიჯვნა და შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“.

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დანართები და ინვოისები. ხელშეკრულება და ინვოისები შემოწმების ჯგუფისათვის წარდგენილი იყო შემოწმების ეტაპზე, ხოლო ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს გაწეული მომსახურების ღირებულების გაანგარიშებას კონკრეტული გადაზიდვის მარშრუტების მიხედვით. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი კომპანიის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება ვერ იქნება განხილული ორ დამოუკიდებლ ოპერაციად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 21.05.2024 წლის №11601 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №2 მაგალითის „ბ“ ვარიანტით და დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული გადაზიდვა, რასაც მოწმობს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

რაც შეეხება, გადამხდელის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დანართები და ინვოისები. ხელშეკრულება და ინვოისები შემოწმების ჯგუფისათვის წარდგენილი იყო შემოწმების ეტაპზე, ხოლო ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს გაწეული მომსახურების ღირებულების გაანგარიშებას კონკრეტული გადაზიდვის მარშრუტების მიხედვით. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი კომპანიის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება ვერ იქნება განხილული ორ დამოუკიდებლ ოპერაციად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24955/2/2025 (რეგ. 11.04.2025წ. 03/26524) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 104(1-ჟ); 134(1-გ); 154; 269(7)