ბრძანება N 14715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14715
27.06.2023
შპს „--------“ (ს/ნ --------)
(მის. --------------)
2023 წლის 7 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №81518/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 17 მაისის №004382/2023 ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 15 მაისს შპს „-------“ ------დან (------) მიიღო სამედიცინო სამასაჟე დანადგარი --------, რომელსაც მწარმოებლის მიერ გამოგზავნილ თანდართულ დოკუმენტებში მითთიებული ჰქონდა რომ აღნიშნული დანადგარი არის სამედიცინო და მისი საერთაშორისო საბაჟო კოდია 90191090.
2023 წლის 17 მაისს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზამ, კომპანიის მიერ ჩამოტანილ სამედიცინო სამასაჟე აპარატს მიანიჭა საბაჟო კოდი 85437090000 (მანქანები ელექტრული და აპარატურა, ინდივიდუალური ფუნქციების მქონე, მოცემული ჯგუფის სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი).
მომჩივნის მოსაზრებით ის ფაქტი, რომ დანადგარის არის სამედიცინო, უკვე ჩანს ინვოისში და მის ოფიციალურ დასახელებაში -------, თუმცა რატომღაც ექსპერტმა თავის დასკვნაში შეამოკლა დასახელება და „------“ საერთოდ ამოიღო თავისი დასკვნიდან.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საჩივარზე თანდართულია შესაბამისობისი სერთიფიკატი რომელშიც დეტალურადაა აღწერილი დანადგარის გამოყენების მიზნობრიობა, როგორც სამედიცინო. საფრანგეთიდან გამოგზავნილ კომერციულ ინვოისში მითითებულია საქონლის საერთაშორისო საბაჟო კოდი 90191090. აღნიშნული კოდით იგზავნება იგი მთელ მსოფლიოში, როგორც სამედიცინო ფიზიო თერაპიული მოწყობილობა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მის მიერ იმპორტირებულ საქონელს მიენიჭოს 90191090 სეს ესნ კოდი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 მაისს შპს „--------“ (ს/ნ -------) წარმომადგენელმა -------- (პ/ნ ------) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ექსპერტიზა №90579627 (21.04.2023) ინვოისში მითითებულ საქონელზე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრის მიზნით.
ექსპერტიზაზე წარდგენილ საქონელს წარმოადგენდა მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის CELLU M6 ALLIANCE შესაბამისად, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 17 მაისის №004382/2023 დასკვნის მიხედვით, კლასიფიცირდა 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ინტერპრეტაციის ძირითადი წესების გათვალისწინებით.
შპს „---------“ (ს/ნ -------) კუთვნილი საქონელი (მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის) დროებით შენახვის მიზნით, 180 დღის ვადით განთავსებულია შპს „--------“ (ს/ნ --------) საბაჟო საწყობში დროებით შენახვის დეკლარაციით (№------- 15.05.2023).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
დადგენილია, რომ მომჩივანმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №90579627 (21.04.2023) ინვოისში მითითებულ საქონელზე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრის მიზნით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის CELLU M6 ALLIANCE შესაბამისად, რომელიც ექსპერტიზის №004382/2023 დასკვნის მიხედვით, კლასიფიცირდა 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაინტერესებული მხარე კი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
ე) დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;
ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილია, რომ შესაბამისობის შემფასებელი პირი არის პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განმარტებულია, რომ აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის კუთვნილი საქონელი (მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის) დროებით შენახვის მიზნით, 180 დღის ვადით განთავსებულია შპს „--------“ (ს/ნ -------) საბაჟო საწყობში დროებით შენახვის დეკლარაციით (№11111/C52659 15.05.2023).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზამ, კომპანიის მიერ ჩამოტანილ სამედიცინო სამასაჟე აპარატს მიანიჭა საბაჟო კოდი 85437090000. მომჩივანი ითხოვს მის მიერ იმპორტირებულ საქონელს მიენიჭოს 90191090 სეს ესნ კოდი.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 17 მაისს კომპანიის წარმომადგენელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ექსპერტიზა №90579627 (21.04.2023) ინვოისში მითითებულ საქონელზე საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზაზე წარდგენილ საქონელს წარმოადგენდა მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის CELLU M6 ALLIANCE შესაბამისად, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 17 მაისის №004382/2023 დასკვნის მიხედვით, კლასიფიცირდა 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ინტერპრეტაციის ძირითადი წესების გათვალისწინებით. კომპანიის კუთვნილი საქონელი (მრავალფუნქციური აპარატი ესთეტიკური და ზოგადგამანჯასაღებელი პროცედურებისთვის) დროებით შენახვის მიზნით, 180 დღის ვადით განთავსებულია საბაჟო საწყობში დროებით შენახვის დეკლარაციით (№11111/C52659 15.05.2023).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 96, 97(1).