ბრძანება N 31183

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2020
№ დოკუმენტი 31183
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 31183

16/10/2020

შპს --------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 9 ივლისის №51846/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 ივნისის №006-247 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება შპს ----- ს მიერ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის კომპანიის მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გაწეული სარეკლამო, საკონსულტაციო მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება-მიწოდების და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას და შესაბამისად არ იბეგრება დღგ-ით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამხდელს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურებისთვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ნოემბრის №39359 და 2020 წლის 8 მაისის №12562 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 აპრილიდან 2020 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 18 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 22 ივნისს №16326 ბრძანება და ამავე თარიღის №006-247 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 279 960 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 791 760 ლარი, ჯარიმა 395 881 ლარი, საურავი 92 319 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ახორციელებს დამკვეთი არარეზიდენტი კომპანიის პროდუქციის - მედიკამენტების შესახებ ინფორმირებას სამედიცინო სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურების ყოველთვიური გადასახადი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 150 000 ევროს, თანხა განსაზღვრულია წინასწარ და მისი ოდენობა არაა დამოკიდებული საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. გადამხდელის განმარტებით, მის საქმიანობას წარმოადგენს მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლისთვის სემინარების, კონფერენციების, პრეზენტაციების ორგანიზებით, ლოგოიანი ბროშურებისა და ბუკლეტების დარიგებით სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში და ა.შ., ასევე სპონსორობის გზით. გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია კლინიკების ჩამონათვალი - სულ 72 კლინიკა, სადაც საწარმო ახდენს დამკვეთის მედიკამენტების პრეზენტაციას და კორპორატიული იმიჯის წარმოჩენის მიზნით საინფორმაციო მასალების გავრცელებას. გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველთვიური შემოსავლის (150 000 ევრო) დეტალური გაშიფვრა ღონისძიებების მიხედვით, თუმცა წარმოდგენილი იქნა ხარჯების გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მის მიერ გაწეული ხარჯის დიდი ნაწილი მოდის, სწორედ იმ პირებზე გაცემულ ხელფასზე, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტებს სამედიცინო კომპანიებში, ასევე ხარჯის მხრივ მნიშვნელოვანი წილი უკავია „კლინიკებში შესვლისა და პრეზენტაციების ხარჯს“, რაც გამოიხატება იმაში, რომ კლინიკებს შპს ----- უხდის ფულს იმაში, რომ მათ თანამშრომლებს ეძლევათ უფლება კლინიკებში შესვლის და პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/გავრცელების.

შემოწმების პროცესში გადამხდელისაგან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული ძირითადი აქტივობები „რეკლამის შესახებ კანონით“ არ მიეკუთვნება სარეკლამო მომსახურებას. მეტიც, საწარმო თავისი განმარტებით რეკლამირებას უწევს ისეთი პროდუქციას რომელიც განეკუთნება მეორე ჯგუფის (რეცეპტულ) მედიკამენტებს და რომელთა რეკლამაც ამავე კანონით აკრძალულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ----- ს მიერ გაწეული მომსახურება ვერ ჩაითვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის „დ.ბ“ და „დ.ე“ ნაწილებით გაწეულ მომსახურებად და ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დღგ-ის მიზნებისათვის თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან.

აღნიშნული დებულება ამავე ნაწილის „დ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოიყენება ისეთი სახის მომსახურების მიმართ როგორიცაა:

დ.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება;

დ.ე) სარეკლამო მომსახურება.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დღგ-ის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-9 ნაწილის

„დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა თანახმად, რეკლამად არ ითვლება:

დ) ჯანმრთელობასთან ან/და დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობაზე;

ე) სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიას უწევს მომსახურებას, რომელიც გამოიხატება მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში სამედიცინო სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველთვიური შემოსავლის დეტალური გაშიფრა ღონისძიებების მიხედვით. ხოლო ხარჯების დიდი ნაწილი მოდის, სწორედ იმ პირებზე გაცემულ ხელფასებზე, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტებს სამედიცინო კომპანიებში და ამ სამედიცინო კომპანიების თანამშრომლებისათვის პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/გავრცელებას.

საქმეში არსებული მასალებით და დავის წარმოების პროცესში მომჩივანის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება საწარმოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ფაქტი. ამასთან, დადგენილია რომ საწარმო შემოსავალს იღებს როგორც მოცემულობას და ის არ იცვლება გაწეული მომსახურების მიხედვით. შესაბამისად, გაწეული მომსახურების განხორციელების ადგილი დღგ-ის მიზნებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არის მომსახურების გამწევი პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, კერძოდ, საქართველოს ტერიტორია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა შპს ----- ს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ სადავო საკითხში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტისათვის გაწეული სარეკლამო, საკონსულტაციო, ინფორმაციის შეგროვება-მიწოდების და სხვა მსგავსი მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს ახორციელებს დამკვეთი არარეზიდენტი კომპანიის მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამედიცინო სფეროში საქართველოში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველთვიური შემოსავლის დეტალური გაშიფრა ღონისძიებების მიხედვით. ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის დიდი ნაწილი მოდის იმ პირებზე გაცემულ ხელფასზე, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტებს სამედიცინო კომპანიებში.

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული ძირითადი აქტივობები „რეკლამის შესახებ კანონით“ არ მიეკუთვნება სარეკლამო მომსახურებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება სსკ-ს 166-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა არარეზიდენტი პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა. შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ სადავო საკითხში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 166(1,,დ“); 174(2,,ა.გ“)

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი