ბრძანება N 16042
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16042
05 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ს (ს/ნ ---)
(მის: ---) 2023 წლის 12 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის (ოქმი №69) სხდომაზე განიხილა შპს ,,----“-ს (ს/ნ ---) №99955/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №006-25585 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, 2023 წლის 5 ივნისის №011-2023-095110 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 10 თებერვალს მოხდა შპს „---“-ს 100% წილის გაყიდვა, რომლის დამფუძვნებელი/პარტნიორი გახდა ---, რომელმაც კომპანიის წილი იყიდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა დამფუძნებელმა/პარტნიორმა ---მ სრულად დაფარა იმ მომენტისათვის არსებული საგადასახადო ვალდებულებები. ყიდვა/გაყიდვის მომენტში პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა ზედმეტობა 5326.23 ლარი. 2023 წლის 15 მაისს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჩამოიჭრა 19616.07 ლარი, რომლის შედეგად ბარათზე აისახა დავალიანება. შემოსავლების სამსახურის მხრიდან თანხის ჩამოჭრის საფუძვლად მითითებულია №13446 ბრძანების მე-4 მუხლის 22-ე პუნქტი.
გადამხდელი ითხოვს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 15 მაისს ჩამოჭრილი თანხის 19616.07 ლარის დაბრუნებას და გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებისა და ინკასოს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 1 იანვრისათვის უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 19616.07 ლარის ოდენობით. აღნიშნული ზედმეტობა წარმოშობილია 2016 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადახდილ გადასახადებს შორის სხვაობის შედეგად, ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე 05 ივლისი 2023 N 16042 პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ასევე არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია.
შპს „---“-ს (ს/ნ ----) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 15 მაისს ავტომატურად განხორციელდა 2022 წლის 31 დეკემბრისათვის არსებული ზედმეტობის ჩამოწერა. რაც შეეხება 2023 წლამდე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციებს ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით, ისინი გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2023 წლის 17 მაისის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 14616.46 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2023 წლის 17 მაისის №006-25585 შეტყობინებით შპს „---“-ს (ს/ნ ---) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
სადავო შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 19 მაისს. შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1524.75 ლარი, ჯარიმა 3479.74 ლარი, საურავი 9624.62 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 5 ივნისის №011-2023-095110 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს ჩამოეწერა ჯამში 1.85 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 9553.75 ლარი, ჯარიმა 3479.74 ლარი, საურავი 9703.90 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
2023 წლის 17 მაისის №006-25585 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკასთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 17 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
2023 წლის 5 ივნისის №011-2023-095110 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 15 მაისს ჩამოჭრილი თანხის 19616.07 ლარის დაბრუნებას და გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებისა და ინკასოს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 15 მაისს ავტომატურად განხორციელდა 2022 წლის 31 დეკემბრისათვის არსებული ზედმეტობის ჩამოწერა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელს 2023 წლის 17 მაისის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 14616.46 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, სწარმოს მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 5 ივნისის №011-2023-095110 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 4 (8); 8 (23); 238; 265; 239.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი.