ბრძანება N 11655

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11655
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11655

29 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,--------’’-ის (ს/ნ ,,--------’’ )

(მის.: ,,--------’’)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს ,,-------’’-ის (ს/ნ ,,--------’’) №59242/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №021-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ საწარმოს მთავარი ბუღალტრის გარდაცვალების გამო ვერ მოახერხეს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო დიკუმენტაციის წარდგენა. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ 2019 წლის იანვარში დღგ-ით დაბეგრილია საწარმოს მიერ "------" ბანკისთვის 2019 წლის იანვრის თვეში წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა, მაშინ როცა 2019 წლის იანვარში საწარმოს სამუშაო არ შეუსრულებია და არც შესასრულებელი სამუშაოების ავანსის თანხა არ მიუღია. ასევე, 2019 წლის აგვისტოში დღგ-ით დაბეგრილი აქვთ 44 000 ლარი, ნაცვლად დასაბეგრი 16 830 ლარისა, ხოლო ოქტომბრის თვეში 40 257 ლარი, ნაცვლად დასაბეგრი 28 301 ლარისა.

2. არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან გამოსაქვითი ხარჯები, რომელიც საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემულია მათი კომპანიისთვის სამუშაოს შემსრულებელ სხვადასხვა მეწარმეებზე და ასევე თანამშრომლებზე სამივლინებო თანხების სახით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №021-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 17 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ,,---------’’-ის (ს/ნ ,,---------’’) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებლზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) თუ დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 4 028 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 2014 ლარით და ჯარიმა 2014 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 მარტის №021-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე. გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას

 საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ანაზღაურებისთვის გაცემული აქვს თანხები როგორც გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე, ისე მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე. თუმცა, გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 2014 ლარის ოდენობით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა შესაბამისი ჯარიმა, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

 საწარმოს დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი პირს გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, რომლებიც 2022 წელსაა შედგენილი და მათში გადამხდელის საჩივარში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისაგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის, შესაბამისად ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა, რის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათი დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგრიშოდ გაცემული თანხების გახარჯვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის, შესაბამისად ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-------’’-ის (ს/ნ ,,---------’’) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას

2.საწარმოს დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები.ადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის, შესაბამისად ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა.

შესაბამისად,მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6),304(21),309(112)