ბრძანება N 5509
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5509
14 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ ------)
(მის.: ქ. ---------)
2023 წლის პირველი სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 და 16 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №10 და №16) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №21103/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ ------) №83372/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №EL218863, №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/65 (№001-65) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, რომ შპს „-------“-ს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საბაჟო საწყობის მიერ ასევე არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები და შესაბამისად არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით შპს „-------“-მა ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან არ მომხდარა „დათვალიერების აქტი 1“-ის მათთვის ჩაბარება და რაც მთავარია, სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის ის სახეობა და რაოდენობა, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო შპს „-------“-ს ედავება.
გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „--------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“.
გადამხდელი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დეკლარაციით გათვალისწინებული საქონელი მოექცა იმპორტის რეჟიმში დეკლარანტის მიერ (შპს „------“), რაზეც ბიუჯეტში საქონლის მესაკუთრეს გადახდილი აქვს ყველა კუთვნილი გადასახადი (საბაჟო დეკლარაცია C------). აღნიშულიდან გამომდინარე, შპს „-------“-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმების და საგადასახდო მოთხოვნის წარდგენა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ კანონისმიერ მიზანს, არამედ წარმოადგენს არარსებული სამართალდარღვევის ფაქტის გამო კომპანიის მიმართ სადამსჯელო და რეპრესიული ღონისძიების გამოყენების კიდევ ერთ აშკარა ფაქტს.
მომჩივანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სადავოდ გახადა ასევე, რომ ორივე სამართალდარღვევის ოქმში მითითება ხდება დათვალიერების აქტი №30-ზე რომლის შედგენის თარიღი და შინაარსი კომპანიისთვის უცნობია და არ ჩაბარებია. შემოსავლების სამსახურმა არასწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საჩივარში აღწერილ გარემოებებს და არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე და ფაქტებზე: მაგალითად, ვის მიერ და სად განხორციელდა №------- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს 28.12.2021 წლის საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურას, ხოლო საქონლის ნაკლებობის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი კი შედგენილ იქნა 2 წლის შემდგომ - 3.08.2023 წელს. გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია, თუკი შემოწმება მიზნად ისახავდა კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელზე საბაჟო ღონისძიებების განხორციელებას, რამდენად შესაძლებელია მომხდარიყო კონკრეტული დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და მისი მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია აღნიშნული კანონისმიერი პირობა და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 2 დეკემბერს შპს „-------ს“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“-ის (ს/ნ ------) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------) №------- დროებით შენახვის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 58 169,66 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (2128 კგ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი). აღნიშნული საქონელი 2021 წლის 28 დეკემბერს შპს „-------ს“ (ს/ნ -------) მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. 2022 წლის 30 დეკემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის საწყობიდან გატანამდე (საბაჟო კონტროლის დატოვებამდე) მისი დათვალიერება (დათვალიერების აქტი №30/12/21), რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, 60 ბოთლი ვისკის (IRISHMAN SINGLE MALT) ნაცვლად, აღმოჩნდა 48 ბოთლი ვისკი (12 ბოთლით ნაკლები).
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL218863 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------“-ს (ს/ნ -------) შპს „---------ს“ (ს/ნ -----) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218860) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 182.06 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ასევე შედგენილ იქნა №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
ამასთან ერთად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა №EL11111/65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 235.13 ლარი (მათ შორის დღგ – 106.46 ლარი, აქციზი – 75.6 ლარი, ასევე საურავი 53.07 ლარი). შპს „------“-ს (ს/ნ ------) №83372/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24087 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24087 ბრძანება შპს „-------“-ის (ს/ნ ------) მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №21103/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24087 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-9 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ №------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონლის საწყობიდან გატანამდე (საბაჟო კონტროლის დატოვებამდე) კამერალური შემოწმებისა და დათვალიერების (დათვალიერების აქტი №30/12/21) შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, 60 ბოთლი ვისკის (IRISHMAN SINGLE MALT) ნაცვლად, აღმოჩნდა 48 ბოთლი ვისკი (12 ბოთლით ნაკლები). შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ორივე სამართალდარღვევის ოქმში მითითება ხდებოდა დათვალიერების აქტი №30-ზე, რომლის შედგენის თარიღი და შინაარსი კომპანიისთვის უცნობია და არ ჩაბარებია, ასევე შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე და ფაქტებზე კერძოდ, ვის მიერ და სად განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების №30/12/21 აქტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელდა შპს „-------“-ს (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული, შპს „-------ს“ (ს/ნ --------) მიერ ------- (28/12/2021) საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირებული ალკოჰოლური სასმელების დათვალიერება. დათვალიერება განახორციელა: გეზ „-------ს“ საქონლის გაფორმების სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი -------ს, გეზ „-------ს“ საქონლის გაფორმების სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცრის --------ს მიერ, ხოლო დათვალიერებას ესწრებოდნენ შპს „-------ს“ მინდობილი პირი -------- (პ/ნ ------), რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი. მომჩივნის არგუმენტზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქონლის დათვალიერება განხორციელდა დეკლარიებული საქონლის შპს „------“-ს (ს/ნ ------) საბაჟო საწყობიდან გატანამდე (საბაჟო კონტროლის დატოვებამდე) და ასეთი ქმედების განხორციელება საბჟო ორგანოს მზრიდან შპს „------“-ს (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. უფრო მეტიც, 2023 წლის 18 მაისს შედგა შპს „------“-ს (ს/ნ -----) საბაჟო საწყობისთვის (-------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №01-WHS-2023, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელბის და მეორეს მხრივ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი -------ს (პ/ნ -----) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი.
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი.
ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №EL218863, №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/65 (№001-65) საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის 2 დეკემბერს შპს -ს მიერ მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 58 169,66 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (2128 კგ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი). აღნიშნული საქონელი 2021 წლის 28 დეკემბერს შპს -ს მიერ საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. 2022 წლის 30 დეკემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის საწყობიდან გატანამდე (საბაჟო კონტროლის დატოვებამდე) მისი დათვალიერება (დათვალიერების აქტი №30/12/21), რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, 60 ბოთლი ვისკის ნაცვლად, აღმოჩნდა 48 ბოთლი ვისკი (12 ბოთლით ნაკლები).
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL218863 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს შპს-თან ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218860) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 182.06 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ასევე შედგენილ იქნა №EL218871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს მომჩივანს საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, 2023 წლის 3 აგვისტოს გამოიცა №EL11111/65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 235.13 ლარი (მათ შორის დღგ – 106.46 ლარი, აქციზი – 75.6 ლარი, ასევე საურავი 53.07 ლარი).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172, 176(2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.