ბრძანება N 12262

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2023
№ დოკუმენტი 12262
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12262

02.06.2023

ფ/პ ---ს (პ/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 5 და 10 მაისის საჩივრების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) №77666/21-11, N80215/21 და N80083/01 საჩივრები, რომლითაც იგი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №8399 ბრძანებას, ვალის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 4 დეკემბრის N036-444 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2020 წლის 13 მარტის N2019/036-444/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული საჩივრები განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე. ექვსი თვე იმუშავა და შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა კახეთში. მისთვის ცნობილი არ იყო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ვალდებულების შესახებ.

გადამხდელი ამბობს, რომ --- გააგრძელა მის ყოფილ ობიექტზე საქმიანობა მისი სახელით, გადასახადს არ იხდიდა და წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება. როცა აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა, გაიუქმა ინდივიდუალური მეწარმის სამართლებრივი ფორმა.

გადამხდელი ითხოვს დარიცხული ფიქსირებული გადასახადის მოხსნას და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა განიხილა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2023 წლის 15 მარტის №44857/21-11 განაცხადი დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების თაობაზე, სადაც გადამხდელი განმარტავდა, რომ 2015 წლის 2 თებერვლიდან --ს რაიონის სოფელ ---ში ეწეოდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საქმიანობას, აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად და საქმიანობის პერიოდში იხდიდა კუთვნილ გადასახადს. 2016 წლის აგვისტოდან არ განუხორციელებია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობა. გადამხდელი ითხოვდა დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშებას (შემცირებას). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციით ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2015 წლის 12 იანვრიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)) და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 100 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2015 წლის 2 თებერვლიდან. გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადამხდელის სტატუსის გაუქმება განხორციელდა 17.02.2023 წელს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 24 მარტის N21- 11/24689 წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა წარმოედგინა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მეწარმის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2023 წლის 30 მარტის N55561/21 განაცხადით. აღნიშნული განაცხადი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა მომსახურების დეპარტამენტმა საგადასახადო დავალიანების კორექტირების ნაწილში.

ვინაიდან განაცხადში აღწერილი გარემოებები ვერ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული, გადამხდელის მიმართ გამოიცა 2023 წლის 18 აპრილის №8399 ბრძანება ფ/პ ---ს (ს/ნ ---) 2023 წლის 15 მარტის ფიქსირებული გადასახადის შემცირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 7631.11 ლარი, საურავი 3396.61 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა N8399 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საჩივარს თან არ ურთავს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს/მტკიცებულებებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N036- 444 ბრძანების და N2019/036-444/1 აქტის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 4 დეკემბრის N036-444 ბრძანება გამოქვეყნდა საჯაროდ 2020 წლის 27 იანვარს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 13 მარტის N2019/036- 444/1 აქტი გამოქვეყნდა საჯაროდ 2020 წლის 14 ივლისს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, საჩივრები წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2023 წლის 5 და 10 მაისს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №8399 ბრძანების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივრები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 4 დეკემბრის N036-444 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 13 მარტის N2019/036-444/1 აქტის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დარიცხული ფიქსირებული გადასახადის მოხსნას და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილით გადასახადის გადამხდელს ეცნობა წარმოედგინა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მეწარმის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. გადამხდელის მიმართ გამოიცა ბრძანება ფიქსირებული გადასახადის შემცირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საჩივრები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 4 დეკემბრის N036-444 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 13 მარტის N2019/036-444/1 აქტის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302 (6); 951; 956; 44; 299; 301