გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.04.2020
საქმის ნომერი
ბს-643(კ-კს-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-643(კ-კს-19) 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ე

მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 5 ნოემბერს ბ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის - თ. ჩ-ას მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 1 აპრილის №43 განკარგულებით დაინიშნა ისნის რაიონის …ის …დ, 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 განკარგულებით იგი უსაფუძვლოდ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო 2014 წლის 17 ოქტომბრის №... განკარგულებით კვლავ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება. მოსარჩელის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მიხედვით სადავო აქტები მართლსაწინააღმდეგოა, დარღვეულია მათი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. უტყუარად არ დასტურდება მის მიერ ნების გამოხატვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სამსახურიდან გათავისუფლებას დასაქმებულის ინიციატივით. მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს სადავო აქტის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების შესაბამისად, სრულად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ გაუთვალისწინებია ბ. დ-ის მიერ ორგანოსათვის განთავისუფლებამდე წარდგენილი განცხადება, სათანადოდ არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული აქტები, საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში მოპასუხის მიერ მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. სასამართლომ სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა შეამოწმოს დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები, თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტების გამომცემ პირთა ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, რადგან იგი სამსახურიდან გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შედეგად. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლზე და აღნიშნა, რომ იგი უნდა აღდგეს ქ.თბილისის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან სრული ოდენობით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცემის შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებისა და ბ. დ-ის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა, ბ. დ-ის ქ. თბილისის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენა და ამ ნაწილში მისაღები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ოქტომბრიდან მოცემულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის განაცდურის ყოველთვიურად … ლარის ოდენობითა და თანამდებობრივ სარგოზე წინასწარ გათვალისწინებული დანამატის - ამავე პერიოდში თითოეული თვისათვის … ლარის ოდენობით დაკისრება, აგრეთვე, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის ბ. დ-ის სასარგებლოდ 1 ლარის ოდენობით არამატერიალური (არაქონებრივი) ზიანისა და სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, მიუღებელი ხელფასის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შეუძლებლობისა და ასეთი ბრუნვიდან მისაღები სარგებლის დაკარგვის გამო, 1 ლარის ოდენობით მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით ბ. დ-ის სარჩელიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, საშვებულებო თანხის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები; ბ. დ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეზე ბ. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღიძრა დავა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით; საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ბ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბ. დ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით ადვოკატის ხარჯისა და 50 ლარის ოდენობით სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ბ. დ-ე ისნის რაიონის ...ის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 1 აპრილის №56 განკარგულებით ისნის რაიონის ...ის ...ის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 1 აპრილის №43 განკარგულებით - ისნის რაიონის …ის …დ დაინიშნა.

ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - „...ის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ. ნ-ას არჩევის შემდეგ ისნის რაიონის …ად ხსენებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი - ვ. ქ-ი დაინიშნა.

ისნის რაიონის გამგებლის აპარატის მთავარი სპეციალისტის - ხ. მ-ის 2014 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ისნის რაიონის გამგებელს მიეწოდა ინფორმაცია მასზედ, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ბ. დ-ე სამსახურში არ იყო გამოცხადებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ბ. დ-ემ განმარტა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს არ იმყოფებოდა სამსახურში მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე პროკურატურისათვის მიმართვის გამო. ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებით ბ. დ-ეს გაფრთხილება გამოეცხადა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, რაც გამოიხატა ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების გარეშე სამუშაო დროს სამსახურში არყოფნაში. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, იგი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და “ზ“ პუნქტების, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნ. მ-ის 2014 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათისა და ბ. დ-ის 2014 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა.

ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის წერილით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნით დაადგინა, რომ: 2013 წლის აგვისტოში ისნის რაიონის გამგეობას ქ.თბილისის მერიამ ავტომანქანა „HYUNDAY I 20“ გადასცა, რომლის სახელმწიფო ნომერი იყო … . აღნიშნული ავტომანქანა 2013 წლის 23 აგვისტოს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ...ის ...ე ბ. დ-ეს გადაეცა. ბ. დ-ისათვის გადაცემულ ავტომანქანაზე მერიის ადმინისტრაციის მიერ გაცემული იყო პლასტიკური ბარათი, რომელზეც ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი იყო დატანილი და შესაბამისი ავტომანქანისათვის ყოველთვიურად განკუთვნილი საწვავი ირიცხებოდა (თვეში 300 ლ). 2013 წლის 27 ოქტომბრის (არასამუშაო დღე - კვირა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბ. დ-ის სამსახურის ავტომანქანა დაზიანდა და იგი შესაკეთებლად თბილისში, …ის ქუჩა №62-ში მდებარე საქმიან ეზოში იქნა გადაყვანილი, სადაც 2014 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით იმყოფებოდა ვ. დ-ის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულ პირს, როგორც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისათვის სამართალდამრღვევად ცნობილ პირს, ავტომანქანის შეკეთება ევალებოდა. 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით ბ. დ-ის სამსახურის ავტომანქანის ნომრიანი პლასტიკური ბარათიდან 2254 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. ამასთან, 2014 წლის 17 თებერვალსა და 2014 წლის 26 მარტს ბარათის გამოყენების ფაქტები თბილისის ფარგლებს გარეთ - წყალტუბოს რაიონის სოფელ ...სა და კასპის რაიონის სოფელ ...ში დაფიქსირდა. ქ.თბილისის მერიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომობილების გამოყენების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 ივლისის №21.03.877 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის რაიონების გამგეობებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანები შეეძლოთ გამოეყენებინათ. დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბ. დ-ის სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანას წარმოადგენდა და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა, როგორც დადგინდა, ავტომანქანის გამოყენებას და ბარათიდან საწვავის აღებას არასამუშაო დღეებში ჰქონდა ადგილი, აღნიშნული კი მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი სახსრებით ბოროტად სარგებლობად, რამაც ქონებრივად დააზიანა ქ.თბილისის მერია. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტის, 732 მუხლის მე-4 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბ. დ-ის ზემოაღნიშნული ქმედებები დისციპლინურ გადაცდომად შეფასდა.

ისნის რაიონის გამგებლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ნ. გ-ას მოხსენებითი ბარათით ისნის რაიონის გამგებელს მიეწოდა ინფორმაცია ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნის თაობაზე, ასევე, ეცნობა, რომ: 2014 წლის 8 სექტემბერს ბ. დ-ე 12 სთ-დან არ იმყოფებოდა სამსახურში, რაც მან უარყო. აღნიშნული დარღვევის გამო ბ. დ-ეს 2014 წლის 11 სექტემბრის №10 ბრძანებით შენიშვნა გამოეცხადა. 2014 წლის 3 ოქტომბერს ბ. დ-ე დილიდან არ იმყოფებოდა სამსახურში, რის გამოც მას 2014 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით გაფრთხილება გამოეცხადა. ხსენებული ბრძანების ბ. დ-ისათვის ჩაბარება 2014 წლის 10 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა სამსახურში მისი ნახვის შეუძლებლობის გამო. 2014 წლის 6 ოქტომბერს შესვენების შემდეგ ბ. დ-ე ისევ არ იმყოფებოდა სამსახურში, რაზედაც მას ახსნა-განმარტება არ წარუდგენია. 2014 წლის 8 ოქტომბერს ბ. დ-ემ გამგებელს წერილით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ უერთდებოდა აქციას და დღის პირველ ნახევარში არ შეასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2014 წლის 9 ოქტომბერს ბ. დ-ემ გამგებელს წერილით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ ექიმთან ვიზიტის გამო ვერ შეასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2014 წლის 10 ოქტომბერს ბ. დ-ე ისევ არ იმყოფებოდა სამსახურში, რაზედაც ახსნა-განმარტება არ წარუდგენია. მითითებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ბ. დ-ე მიზანმიმართულად და წინასწარგანზრახულად არღვევდა გამგეობის შინაგანაწესს და ვალდებულებას, შეესრულებინა საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები. ასევე, ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ბ. დ-ის მიერ სამსახურის სახსრების ბოროტად გამოყენებას, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მერიას.

ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანებით ბ. დ-ე გათავისუფლებულ იქნა ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, იგი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და „ზ“ პუნქტების, 731 მუხლის მე-4 პუნქტის, 732 მუხლის მე-4 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად ისნის რაიონის გამგებლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ნ. გ-ას 2014 წლის 16 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბ. დ-ემ სამსახურის მატერიალური სახსრები - ავტომანქანა და საწვავი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა და ამით ქ.თბილისის მერიას ზიანი მიაყენა. ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნისა და მისი მიღებისას შეფასებული დოკუმენტების მიხედვით, ბ. დ-ისათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული ავტომანქანა მისი ბ. დ-ის მიერ 2013 წლის 27 ოქტომბერს - კვირას მართვისას ავტოავარიის შედეგად დაზიანდა და ამ დღის შემდგომ - 2014 წლის 8 სექტემბრამდე შესაკეთებლად იყო გაჩერებული, ამ ავტომანქანაზე განკუთვნილი ბარათიდან ბენზინის ხარჯვას კი 2014 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში ჰქონდა ადგილი. აღნიშნული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, თუმცა ვერ იქნებოდა მიჩნეული ბ. დ-ის მიერ 2013 წლის 27 ოქტომბერს ავტომანქანის პირადი მიზნებისათვის გამოყენების, ხოლო შემდგომ ბ. დ-ის მიერ ბარათით სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არც ბ. დ-ისაგან და არც სხვა პირისაგან მიუღია განმარტება 2013 წლის 27 ოქტომბერს ბ. დ-ის მიერ ავტომანქანის გამოყენების მიზანთან თუ სამსახურებრივი საჭიროების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით, რაც არსებითი იყო მითითებულ დღეს სამსახურის ავტომანქანით პირადი სარგებლობის ფაქტის დასადგენად. 2013-2014 წლებში ისნის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის - გ. ე-ის ჩვენებით, ბ. დ-ის ავტომანქანის დაზიანების შემდეგ ბარათი მას ჰქონდა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი საქმიანობისას გამოიყენებოდა (2017 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 16:00:36-16:27:53). საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, თუ კონკრეტულად ვის მიერ, რომელი ავტომანქანისათვის და რა მიზნით გამოიყენებოდა ბ. დ-ის სამსახურის ავტომანქანის ბენზინის ბარათი. ამგვარი გარემოებების კვლევის არარსებობა დაადასტურა ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმაც, როდესაც განმარტა, რომ საწვავის ხარჯვის საკითხი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და შესასწავლად საგამოძიებო ორგანოს გადაეცა (2015 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი, 17:46:24, 18:04:14-18:06:26). შესაბამისად, ბ. დ-ის მიერ სამსახურის მატერიალური სახსრებით პირადი მიზნებისათვის გამოყენება და ამით სამსახურისათვის ზიანის მიყენება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით უნდა ყოფილიყო დადასტურებული, თუმცა ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - „...ის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ. ნ-ას არჩევის შემდეგ ისნის რაიონის …ად დანიშნულმა ვ. ქ-მა ისნის რაიონის ...ის ...ე ბ. დ-ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება ე...ის გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვ. ქ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ. დ-ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელის განმარტებით, ბ. დ-ის მიერ ფარულად წარმოებული, ბ. დ-ისა და …ის საუბრის აუდიო ჩანაწერებითა და მათზე ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №001380816 დასკვნით, რომელიც მიღებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 15 მარტს. კერძოდ, …ის მხრიდან ბ. დ-ისადმი დამოკიდებულებას ასახავს კომპაქტ დისკზე არსებული ფონოგრამა - „გამგებელი“, რომლიდანაც აღსანიშნავია …ის - ვ. ქ-ის შემდეგი მიმართვები ბ. დ-ისადმი: „...არც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მოსისხლე მტრები... პირადად არ ვიძახი. ...და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა, ჩვენ, ორი პოლიტიკური გუნდის... ისე როგორ უნდა მოხდეს, რომ ერთი პოლიტიკური გუნდის პროგრამა განვახორციელოთ? ...თქვენ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ არ გვყავს გუნდში ის ხალხი, ვინც ამას თქვენზე უკეთესად განახორციელებს. ნდობის ფაქტორი მეტი იქნება, პროფესიონალიზმი მეტი იქნება და დამსახურებაც მეტი იქნება. ...პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის პროგრამის განხორციელებაზე თქვენ იღებთ? ...მოვიდა ახალი გუნდი? დაიხურე ქუდი და მიხედე შენს საქმეს რა შენს გუნდთან ერთად. მიეცი საშუალება ამ ადამიანებს, განახორციელონ თავიანთი პროგრამა, რითაც მოვიდნენ და რასაც მხარი დაუჭირა ხალხმა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას არ ყოფილა გამოკვლეული, თუ რა გარემოებით იყო ბ. დ-ის სამსახურში გამოუცხადებლობის ცალკეული შემთხვევები განპირობებული, ხომ არ უკავშირდებოდა იგი …ის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს, იყო თუ არა …ის დამოკიდებულება ჩამოყალიბებული საქმის გარემოებების სათანადო შესწავლით. როგორც სასამართლომ დაადგინა, ისნის რაიონის ახალდანიშნულმა გამგებელმა ბ. დ-ესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა მხოლოდ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბ. დ-ე 2014 წლის მერის არჩევნების შედეგად „...ის“ კანდიდატის მერად არჩევამდე პოლიტიკური გაერთიანება ე...ის გუნდში მსახურობდა გამგეობაში. ამდენად, ბ. დ-ე ზოგადად მისი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წევრად აღქმით იქნა შეფასებული და ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული იმაზე, თუ რა ხედვა გააჩნდა მას ახალ ხელმძღვანელთან საქმიანობაზე, რამდენად რეალური იყო ან/და რითი იყო მოტივირებული მისი მზადყოფნა, გაეგრძელებინა მუშაობა, წარადინა თუ არა ახალ ხელმძღვანელთან ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ანგარიში და ა.შ. საქმეზე დართული, ბ. დ-ის მიერ ფარულად წარმოებული აუდიო ჩანაწერების მიხედვით, გამგებელმა მას პირადი ანგარიშის წარდგენის მოთხოვნასა და მის შეუსრულებლობაზე მიუთითა. აპარატის უფროსთან - ნ. გ-ასთან საუბრის აუდიოჩანაწერის - „გ-ას შუამდგომლობის“ მიხედვით, ბ. დ-ემ ნ. გ-ას შემდეგი შინაარსის პოზიცია განუცხადა: „...შენ გეუბნევი უბრალოდ, ძმაკაცურად იმიტო, რო მე ეს პერიოდი სადამდედაც აქ ვიქნები მე მჭირდება ფინანსურად აქ ყოფნა იქიდან გამომდინარე. ეხლა მე მასთან დიდი ხანი ვერ ვიმუშავეფ. გამორიცხულია“. ამასთან, სადავო არ იყო, რომ ბ. დ-ე და ახალდანიშნული გამგებელი ვ. ქ-ი დაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანებების მხარდამჭერები იყვნენ და რიგ საკითხებზე მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები შეიძლებოდა ჰქონოდათ, რაც, ბ. დ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ხასიათიდან გამომდინარე, ქმნიდა ეჭვს მისთვის დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა თუ გამგებელთან რეალური თანამშრომლობის შეუძლებლობაზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებისა და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, ამ აქტებით მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ჯერ გაფრთხილება, ხოლო შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლება შეეფარდა. ამდენად, კანონიერების თვალსაზრისით მითითებული ბრძანებების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, ბ. დ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები იყო თუ არა მიღებული კანონმდებლობის დაცვით ან/და არსებობდა თუ არა მათი მიღების საფუძველი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის პრინციპებია: ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) საქვეყნოობა; ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა (კანონის მე-13 მუხლი). დასახელებული კანონი მოხელის სამსახურებრივ გადაცდომად და მის მიმართ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის - სახდელის დაკისრების საფუძვლად მიიჩნევს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნას; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულს უღირს საქციელს (ბრალეული ქმედებას), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლი). მითითებული გადაცდომების ჩადენისას მოხელეს სახდელის სახით შეიძლება გამოეცხადოს შენიშვნა, მიეცეს გაფრთხილება, დაუკავდეს არაუმეტეს 10 დღის ხელფასი, მოხელე ჩამოშორებულ იქნეს სამსახურიდან ხელფასის შეჩერებით 10 დღემდე ვადით, გადაყვანილ იქნეს უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე ან გათავისუფლდეს სამსახურიდან (79-ე მუხლი). მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დისცილინური გადაცდომისას დაიშვება, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა ან ამის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს (99-ე მუხლი). ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი მოსამსახურის პიროვნების შეფასებისა და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე, მოხელის გათავისუფლებას მხოლოდ იმგვარი დასკვნა შეიძლება განაპირობებდეს, რომ მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - ...ის მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ. ნ-ას არჩევის შემდეგ ისნის რაიონის …ად დანიშნულმა ვ. ქ-მა ისნის რაიონის ...ის ...ე ბ. დ-ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება ე...ის გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, …ის - ვ. ქ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ. დ-ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფდა, რომ ბ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მისი პოლიტიკური გაერთიანება ე...ის გუნდის წევრად მიჩნევა გახდა. ამასთან, თანამშრომლობაზე ხელმძღვანელის უარის პირობები სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტები ვერ მიიჩნეოდა არსებით გადაცდომად, რაც შეეხება ბ. დ-ის მიმართ ჩატარებული წარმოებით გამოვლენილ სხვა გარემოებებს, ისინი სასამართლომ არ ჩათვალა დადასტურებულად.

სასამართლომ განმარტა, რომ თანასწორობის იდეა და პრინციპები განმტკიცებულია მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტში, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი - დისკრიმინაციის აკრძალვა, ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებული უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მიეცეთ ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისი უფლების განხორციელების ცალკეულ ნორმებს ადგენს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლით განმარტებულია, რომ: პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ამავე კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს ორგანული კანონის - ,,შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).

სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება, თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში. განსხვავებული მოპყრობის ობიექტურ და გონივრულ გამართლებასთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლება იმის მტკიცება, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო აშენებს, სახეზე არ არის და არც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი. რადგან არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, არ არსებობს პროპორციაც განსხვავებულ მოპყრობასა და არარსებულ მიზანს შორის. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კი, შეუძლებელია მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო განსხვავებული მოპყრობის მოქცევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში.

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ბ. დ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც ბ. დ-ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისდამი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი. ამდენად, ხსენებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, როგორც სასამართლომ დაადგინა, ბ. დ-ის მიმართ დისცილინური წარმოებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რამეთუ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ბ. დ-ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ზოგადი შეფასებით.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დავალებოდა, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ბ. დ-ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავდა მოცემულ სტადიაზე სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას და აღნიშნულზე უნდა ემსჯელა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჯარო მოხელის უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი განსაზღვრავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდა ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ - უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება (სუსგ №ბს-98-91(კ-13)).

„ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ მხრივ სასამართლო დაეთანხმა №ას-836-1122 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას და მიიჩნია, რომ იგი სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ბ. დ-ეს თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შეეზღუდა შესაბამისი აქტის გამოცემის დროისთვის - 2014 წელს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება, თანამდებობიდან გათავისუფლება კი სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამდენად, ბ. დ-ის შვებულებით სარგებლობის უფლება კანონის დარღვევით შეიზღუდა, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო, ბ. დ-ისთვის აენაზღაურებინა 2014 წელს გამოუყენებელი შვებულება. რაც შეეხება 2014 წლამდე შვებულებას, მის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამის პერიოდში მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, სადავო აქტები ვერ ჩაითვლებოდა 2014 წლამდე არსებული შეზღუდვის განმაპირობებელ აქტებად, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, დისკრიმინაციის დადასტურების პირობებში ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი დისკრიმინაციის მსხვერპლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლებას ანიჭებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 და 207-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის არაქონებრივ უფლებათა შეზღუდვასთან დაკავშირებული ზიანი - მორალური ზიანად. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო. მორალური ზიანი უკავშირდება როგორც უშუალოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ამის ნიადაგზე სამსახურიდან გათავისუფლების მომენტს, ასევე მორალური ზიანი შესაძლოა დადგეს მოგვიანებით, ხანგრძლივი უმუშევრობის მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესის და რითმის შეცვლის, დათრგუნულობის, გაურკვევლობის, ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურ თანხას ითხოვს, რაც ცხადყოფს მის მიზანს - დადასტურებულად ჩაითვალოს ასეთი ზიანის დადგომის ფაქტი. დისკრიმინაციული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი უდავოდ წარმოშობს რა როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ ზიანს, მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯის 2400 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლსა და სამოქალაქო კოდექსის 709-ე-722-ე მუხლებზე მითითებით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 500 ლარის მოცულობით. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ასევე ითხოვდა სასამართლო დავაზე გაწეული ხარჯების - სარჩელის, წერილობითი განცხადებებისა და შუამდგომლობების მომზადებაზე გაწეული, საფოსტო კავშირისათვის, მგზავრობისა და კვებისათვის, რწმუნებულების მომზადებისათვის გაწეული ხარჯებისა და მოცდენილი დროის ანაზღაურებას, თუმცა მტკიცებულება მხოლოდ რწმუნებულების მომზადების ხარჯზე იყო წარდგენილი - საქმეზე დართული რწმუნებულებით ირკვეოდა, რომ მასზე მოსარჩელემ 12 ლარის ხარჯი გასწია. სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მსგავსი ხარჯების ანაზღაურების უფლება მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით აქვს მინიჭებული, მოთხოვნა სავარაუდო მინიმალური ხარჯის ფარგლებში - 50 ლარის ოდენობით დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის #14 ბრძანება ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის #... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ბ. დ-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა, დარჩა უცვლელი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამაც და მიუთითა მათზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ნაწილობრივ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, რის საფუძველზეც მოსარჩელე სამსახურში აღდგენას, განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითხოვს. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება გამოწვეულია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება და გამომდინარეობს ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დადგენა ავტომატურად გადაწყვეტს სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ ბედს, რამდენადაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილად იმსჯელოს მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომის არსებობა-არარსებობის საკითხზე და მის თანმდევ შედეგებზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ბ. დ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც ბ. დ-ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისდამი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ ბ. დ-ის მიერ, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მითითებული კოდექსის 264-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. პალატამ აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტა, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, სააპელაციო სასასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება სრულად გასაჩივრებული, ის ნაწილი, რომელიც არ გასაჩივრდა, შედის კანონიერ ძალაში და იქნება შესასრულებლად სავალდებულო. ამავდროულად, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აპელანტის საუარესოდ შებრუნება, რაც ემსახურება აპელანტის ინტერესების დაცვას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში განხილვას. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობას არ გაუსაჩივრებია, არამედ მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იყო გასაჩივრებული ბ. დ-ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო დისკრიმინაციიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ნაწილში და პალატა ვერ იმსჯელებდა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებული იყო მოპასუხის მიერ ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის პირობებში, უნდა შეეფასებინა ბ. დ-ისთვის გაფრთხილების გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 79-ე მუხლზე, 99-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე და განმარტა, რომ საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება მხოლოდ კონკრეტულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს, რომელთა არსებობაც შესაძლებელს ხდის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას. გარდა იმისა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის დასაქმებულმა უნდა დაარღვიოს კონკრეტული ვალდებულება, ჩაიდინოს უღირსი საქციელი თუ ზიანი მიაყენოს საჯარო სამსახურს, აუცილებელია, რომ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე იყოს ჩადენილი ქმედების შესაბამისი და პროპორციული. სწორედ ამიტომ, პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, საფუძვლიანი. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, იგი წარმოადგენს მოხელის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სანქციის უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება, თუკი მოხელის მიმართ უკვე მოქმედებს, თუნდაც ერთი ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი. გამონაკლის შემთხვევას კი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც იძლევა საფუძველს მოხელე პირველივე დარღვევაზე სამსახურიდან გათავისუფლდეს. ამრიგად, აუცილებელია, რომ არსებობდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისმა პირმა უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოიყენოს ყველაზე შესაბამისი სანქცია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია პირის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში ბ. დ-ეს გამოეცხადა გაფრთხილება, შემდგომში კი გათავისუფლდა სამსახურიდან იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბ. დ-ის სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანას წარმოადგენდა და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ავტომანქანის გამოყენებას და ბარათიდან საწვავის აღებას არასამუშაო დღეებში ჰქონდა ადგილი, აღნიშნული კი მიჩნეული იქნა სამსახურებრივი სახსრებით ბოროტად სარგებლობად, რამაც ქონებრივად დააზიანა ქ.თბილისის მერია. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ბ. დ-ე მიზანმიმართულად და წინასწარგანზრახულად არღვევდა გამგეობის შინაგანაწესს და ვალდებულებას, შეესრულებინა საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ასევე, ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ბ. დ-ის მიერ სამსახურის სახსრების ბოროტად გამოყენებას, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მერიას. სააპელაციო პალატამ განმარტა, მართალია, გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია აპელანტის მიერ გარკვეულ ვალდებულებათა დარღვევა და გამგეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცაღა გასაჩივრებული ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანებების კანონიერების შემოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობას. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკის - „...ის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ. ნ-ას არჩევის შემდეგ, ისნის რაიონის …ად დანიშნულმა ვ. ქ-მა ისნის რაიონის ...ის ...ე ბ. დ-ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება „ე...ის“ გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვ. ქ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ. დ-ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელის განმარტებით, ბ. დ-ის მიერ ფარულად წარმოებული, ბ. დ-ისა და …ის საუბრის აუდიოჩანაწერებითა და მათზე ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №001380816 დასკვნით, რომელიც მიღებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 15 მარტს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ასევე მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ამავე კანონის მე-3 მუხლზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თანასწორობის პრინციპი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებას, რომლის დაუცველობაც იმთავითვე იწვევს პირთა სხვა უფლებების დარღვევას. სწორედ ამიტომ, თანასწორობის უფლებაში ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა მიიჩნევა რა დისკრიმინაციად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს აცლის დისკრიმინაციული ქმედების თანმიმდევრულ, მის შედეგად განხორციელებულ სხვა ქმედებებსაც. შესაბამისად, ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც აპელანტს ჯერ მიეცა გაფრთხილება, ხოლო მისი სამსახურიდან გათავისუფლებით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას დასრულებული სახე მიეცა, წარმოადგენდა ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცემის შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებისა და ბ. დ-ის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანების უკანონოდ მიჩნევის უპირობო საფუძველს. პალატის განმარტებით, შესაძლებელია, რომ პირის მიმართ არ განხორციელდეს დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა მისი სამსახურიდან გათავისუფლება იყოს უკანონო, მაგრამ თუკი პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდება, მოცემული ავტომატურად გულისხმობს პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ აქტის უკანონობასაც. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბ. დ-ის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რადგან „მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-861-853(კ-16)). „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდიდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობის ფაქტის დადგენიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანება ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ, ასევე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი პირს ანიჭებს შესაბამისი მოთხოვნის უფლებას სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში. მითითებული მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის №ბს-234-234(2კ-18) განჩინებაზე, რომელშიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლთან დაკავშირებით, „საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მოხელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ წარმოადგენს ექსკლუზიურ, გამომრიცხველი ხასიათის კომპეტენციას. აღნიშნული ვალდებულების ექსკლუზიურობას არ ადგენს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მხოლოდ აღნიშნული ვალდებულების დაკისრების ფაქტი არ გულისხმობს სასამართლო კომპეტენციის გამორიცხვას, იმსჯელოს მოსარჩელის პირვანდელ, უფლების შელახვამდე არსებულ მდგომარეობაში აღდგენის საკითხზე და გადაწყვიტოს იგი.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ბ. დ-ე აღდგენილი უნდა იქნეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე, ამასთანავე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

რაც შეეხება გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საკითხი შვებულების ანაზღაურების ნაწილში. კერძოდ, დასტურდება, რომ ბ. დ-ეს თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შეეზღუდა შესაბამისი აქტის გამოცემის დროისთვის - 2014 წელს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება, თანამდებობიდან გათავისუფლება კი სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამდენად, ბ. დ-ეს შვებულებით სარგებლობის უფლება კანონის დარღვევით შეიზღუდა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა ამ ნაწილში დააკმაყოფილა. რაც შეეხება 2014 წლამდე შვებულებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამის პერიოდში მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, სადავო აქტები ვერ ჩაითვლებოდა 2014 წლამდე არსებული შეზღუდვის განმაპირობებელ აქტებად, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემა სამსახურში აღდგენასა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სრულად თუ ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ („გ“ ქვეპუნქტი); უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ („დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, კონკრეტული კატეგორიის დავებისადმი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, რაც გასწია ადვოკატის მომსახურების მისაღებად, მინდობილობის შესადგენად, სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებების მომზადების, მიღების, სასამართლოში გადმოგზავნის, სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, ითხოვს სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებას. მოსარჩელის ინტერესები პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში ი. პ-მა წარმოადგინა. წარმომადგენლის მომსახურების ანაზღაურებასა თუ მის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ხელშეკრულება ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგებია, თუმცა აღნიშნული არ მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე წარმომადგენლის მომსახურებას არ ღებულობს ან ასეთი მომსახურება უსასყიდლოა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მისი წარმომადგენლისაგან სამართლებრივი დახმარების მიღების ფაქტი ქმნის შესაბამისი ხარჯის რეალურობის გონივრულ პრეზუმფციას და მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გონივრულ ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია სარჩელის, წერილობითი განცხადებებისა და შუამდგომლობების მომზადებაზე გაწეული, საფოსტო კავშირისათვის, მგზავრობისა და კვებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია მხოლოდ რწმუნებულების მომზადებაზე გაწეული ხარჯი - საქმეზე დართული რწმუნებულებით ირკვევა, რომ მასზე მოსარჩელემ 12 ლარის ხარჯი გასწია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების ამ ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დადგენის ნაწილში გაუქმება მოითხოვა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედების შესრულების შეჩერება, რომლითაც ბ. დ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რაც უწინარესად გამოწვეულია მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის არასათანადოდ განხივლის გამო დამდგარ არაორდინალურ შედეგებთან.

კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობაში სრულად განახლებული იყო ხელმძღვანელობა და აღარ არსებობდა ის გარემოებები, რის გამოც სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დადგენილად მიიჩნია, რაც სრულად განაპირობებდა სასამართლოს დავალების კანონიერად და ობიექტურად შესრულებას. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამგეობის მიერ არ გასაჩივრდა სააპელაციო წესით და აღარ გაიწელა ისედაც 4 წელი მიმდინარე დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უგულებელყო არსებული რეალობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობის გამოვლენისათვის მთავარ მტკიცებულებად მიიჩნია რამოდენიმე კერძო საუბართან დაკავშირებით საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მასალა, სადაც გაშიფრულია საუბრების შინაარსი. კერძო საუბრები პროვოცირებული იყო ბ. დ-ის მიერ, საუბრები წარიმართა დ-ის ინიციატივით, მისი სურვილით. ფარული ჩანაწერების წარმოების დროს კი ბ. დ-ე თავადვე გამოხატავს სურვილს, რომ დიდხანს არ აპირებს იმ დროისათვის ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელებას, რაც კასატორის მოსაზრებით, მიანიშნებს იმ გარემოებებზე, რომ ბ. დ-ე თავადაც არ იყო დარწმუნებული რამდენად შეესაბამებოდა ...ის ...ის თანამდებობას ...-ის მიმართულებით, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და რამდენად იყო მისთვის პრიორიტეტი პოლიტიკური მიზნები თუ საჯარო სამსახურის პრინციპები და ინტერესები.

ამასთან, კასატორი მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმის შესწავლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის, დაზუსტების გარეშე ბ. დ-ე თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით.

კასატორი აგრეთვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადების არანორმირებულად წარმოების პირობებში ასევე არანორმირებულად იზრდება ის ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შემდგომში შასაძლოა დაეკისროს მხარეს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც შრომითი დავა სასამართლოში წლები მიმდინარეობს, შესაძლოა აღდგენის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არსადგენი პირი შესაბამისობაში აღარც იყოს მანამდე დაკავებულ თანამდებობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობას კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია კერძო საჩივრის განხილვა ზეპირი განხილვის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით და კერძო საჩივრის განხილვა დადგინდა საკასაციო საჩივართან ერთად. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაიდო იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო, მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას სრული მოცულობით შეაფასოს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რამეთუ საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, რომლითაც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ბ. დ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც ბ. დ-ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისდამი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოსარჩელის - ბ. დ-ის მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, ხოლო მოპასუხეს - ისნის რაიონის გამგეობას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, გამგეობას არ გამოუყენებია შედავების პროცესუალური შესაძლებლობა, რითაც სააპელაციო სასამართლო შეზღუდა სრული მოცულობით ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე და ფაქტობრივად გადაწყვიტა მოცემული დავის სამართლებრივი ბედი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი თუ იურიდიული დასაბუთებულობა სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით. საუარესოდ შემობრუნება, ე.ი. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა იმ ნაწილში, რომელიც აპელანტს არ გაუსაჩივრებია, ან ისე, როგორც მას არ მოუთხოვია - დაუშვებელია. აღნიშნული რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 384-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მითითებული კოდექსის 264-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებული იყო მოპასუხის მიერ ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, მხოლოდ ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო საპროცესო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე/არარსებობაზე. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო სასამართლოც მოკლებულია შესაძლებლობას შეფასება მისცეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს, რის გამოც, არსებითად მსჯელობის გარეშე, საქმეზე დადგენილად მიიჩნევს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას, მიუთითებს მასზე და დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობამ სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობით სააპელაციო სასამართლოს არ მისცა პროცესუალური შესაძლებლობა ემსჯელა საქმეზე სრული მოცულობით, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგნად იქცა მხოლოდ ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აღმოეფხვრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი სამართლებრივი წინააღმდეგობა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაც მოსარჩელის მტკიცებით, საფუძვლად დაედო სადავო აქტებს, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნია, რომ ბ. დ-ის მიმართ დისციპლინური წარმოებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები და საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით ხელახალი კვლევისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს დაუბრუნა. ეს იმ პირობებში, როდესაც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მის საფუძველზე გამოცემული აქტების უპირობოდ, არსებითად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს და გამორიცხავს დავის 32.4 მუხლით გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვდა არა დამოუკიდებლად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და აქედან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას ან დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტას, არამედ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 17.10.2014წ. №... და გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 06.10.2014წ. №14 ბრძანებების ბათილად ცნობას, რის საფუძვლადაც უთითებდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისი განთავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად, დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა სამსახურიდან გათავისუფლებაში, გათავისუფლების უკანონოდ ცნობის მიზნით კი მოსარჩელე მოითხოვდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. დისკრიმინაციის ფაქტის შესაძლო არსებობას მოსარჩელე აყენებდა იმ მიზნით, რომ დასაბუთებულიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება, ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელე არ ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას დამოუკიდებლად, მის საბოლოო მიზანს სამსახურში აღდგენა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების ერთად განხილვის აუცილებლობამ განაპირობა განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაც, სადაც უზენაესი სასამართლო მიუთითებდა, რომ „სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას, სწორედ აღნიშნულზე იქნება ძირითადად დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება ან უარი მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს შორის სხვაობა პირობითია, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტს სწორედ რომ სამართლებრივი დატვირთვა აქვს, დასადგენ ფაქტს სახელდობრ სამართლებრივი ასპექტის გამო აქვს მნიშვნელობა. დისკრიმინაციული ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის სახით მოსარჩელის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ ფაქტის დადგენას მოყვება აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.09.2016წ. №ბს-349-345(გ-16) განჩინება).

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე მოთხოვნებია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული ქმედება შესაძლოა განხორციელდეს სწორედ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, რის გამოც არამართებულია აქტის კანონიერების და დისკრიმინაციის ფაქტის ცალ-ცალკე შეფასება. საქალაქო სასამართლომ, მართალია, გააერთიანა და ერთი დავის ფარგლებში მოაქცია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მასზე დაფუძნებული სასარჩელო მოთხოვნები, თუმცა რეალურად, საქმეზე დაყენებული შედეგის მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილა ისინი.

სადავო ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ბ. დ-ის დისციპლინურ გადაცდომებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში საქმიანობა, საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია მითითებული კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ბ. დ-ის მიერ გარკვეულ ვალდებულებათა დარღვევა და გამგეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცა გასაჩივრებული ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანებების კანონიერების შემოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ თანასწორობის პრინციპი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებას, რომლის დაუცველობაც იმთავითვე იწვევს პირთა სხვა უფლებების დარღვევას. სწორედ ამიტომ, თანასწორობის უფლებაში ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა მიიჩნევა რა დისკრიმინაციად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს აცლის დისკრიმინაციული ქმედების თანმიმდევრულ, მის შედეგად განხორციელებულ სხვა ქმედებებსაც. შესაბამისად, ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ბ. დ-ეს ჯერ მიეცა გაფრთხილება, ხოლო მისი სამსახურიდან გათავისუფლებით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას დასრულებული სახე მიეცა, წარმოადგენს ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცემის შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებისა და ბ. დ-ის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანების უკანონოდ მიჩნევის უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ავტომატურად გულისხმობს პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ აქტის უკანონობასაც. დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას აქვს მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის სახით სადავო აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სრულიად უსაგნოს ხდის დისციპლინური საფუძვლის არსებობა/არარსებობის საკითხის მოკვლევას და საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საჭიროებას.

ამდენად, აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომელიც სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაყენებულ სამართლებრივ შედეგს, რამეთუ მოსარჩელის მიერ სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული დისკრიმინაციული მოპყრობა დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გამგეობას არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში, შემდგომ წარმოდგენილი მოსაზრებები და საქმეზე არსებული გარემოებები კი ვერ შეცვლის დისკრიმინაციის ფაქტის დადგენით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს. საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიები შეეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს, რომელიც გამგეობას, კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, აღნიშნულ ნაწილში გაურკვეველი და არათანმიმდევრულია საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია, სადაც კასატორი თავდაპირველად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელსაც დაეთანხმა და არ გაუსაჩივრებია, ხოლო ამავე საკასაციო საჩივარში ამავდროულად საქალაქო სასამართლოს მსჯელობის მართებულობაზე მიუთითებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტების არსებითად ბათილად ცნობით გაასწორა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული სამართლებრივი უსწორობა, რა დროსაც საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის პირობებში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, დისკრიმინაციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა მოკვლევა დაავალა.

სადავო აქტების ბათილად ცნობას კი შედეგად მოსდევს პირის თავდაპირველ უფლებებში აღდგენა, შესაბამისად, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ მოხელეს ანიჭებდა განთავისუფლების უკანონოდ ცნობის, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლისა და თანამდებობრივი სარგოს მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში ითვალისწინებდა მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო საჯარო დაწესებულებამ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის კანონიერება უნდა დადგინდეს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნების დანარჩენ ნაწილს, კერძოდ, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ნაწილში დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 01.07.2017წ. ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში ახალი კანონი ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან (ნორმის გადაუდებელი მოქმედება). მოცემულ შემთხვევაში ნორმა ეხება აწმყოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს და ფაქტებს (სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), სახელდობრ ამ თვალსაზრისით არის შესაძლებელი საუბარი განსახილველ შემთხვევაში უკუქცევით ძალაზე (კანონის ე.წ. არანამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭება კანონისთვის), რომელიც საჯარო სამართალში დასაშვებია (სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის სფეროს გარდა)). კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან უფლება-მოვალეობებზე ზემოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მიმდინარე სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის თარიღიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.04.2019წ. №ბს-595-595(2კ-18) განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ამჟამად მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლზე მითითებით სამსახურში აღდგენის საკითხის შეფასება მართებულად მოახდინა სათანადო ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიუთითა 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამსახურში აღდგენის პროცედურაზე, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გაუთვალისწინებლად, 118-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად ბ. დ-ე აღდგენილ იქნა პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე, რის გამოც ერთგვარი წინააღმდეგობა შეიქმნა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილს შორის. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ბ. დ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია მოსარჩელის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხზე, რის შემდეგაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის შესაბამისად გადაეწყვიტა ბ. დ-ის სამსახურში აღდგენის საკითხი. იმ შემთხვევაში თუ ვაკანტური იყო ...ის ...ის თანამდებობა, მოსარჩელე ექვემდებარებოდა სადავო თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ...ის ...ის თანამდებობა დაკავებული იყო სხვა მოხელის მიერ, 118-ე მუხლის მიხედვით ბ. დ-ე ექვემდებარებოდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი ერთმანეთისგან განასხვავებს სამუშაოზე აღდგენის პროცედურებსა და მექანიზმს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე დგინდებოდა, რომ ბ. დ-ის გათავისუფლების შემდგომ, ...ის ...ის თანამდებობა წლების განმავლობაში სხვადასხვა პირებს ეკავათ, სარჩელის აღძვრის მომენტშიც არ ყოფილა ვაკანტური სადავო თანამდებობა, მოსარჩელე სარჩელშივე მიუთითებდა მესამე პირად …ის …დ დანიშნულ პირს (თუმცა სარჩელის აღძვრის მომენტში მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი). არც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ყოფილა ვაკანტური ...ის ...ის თანამდებობა, რასაც არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ბ. დ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის შეფასებისას. გამგეობის განმარტებით, ისნის რაიონის გამგეობაში ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნულია კონკურსის წესით შერჩეული მოხელეები, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს აცნობეს საქმის ზეპირი განხილვის დროს. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, სადაც გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ მომენტისათვის ...ის ...ის თანამდებობას იკავებდა შესაბამისი პირი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული სხდომის ჩანაწერი, მოწინააღმდეგე მხარის - ბ. დ-ის წარმომადგენლის მითითების საწინააღმდეგოდ, ადასტურებს, რომ გამგეობამ აღნიშნულის თაობაზე ფაქტი და ინფორმაცია ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს მიაწოდა. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, სადაც საკითხი დაისვა ...ის ...ის თანამდებობის ვაკანტურობაზე, ბ. დ-ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნული აღსრულების წესს ეხებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას, ერთი მხრივ, დასვა საკითხი ვაკანტური თანამდებობის არსებობის თაობაზე, სადაც აღინიშნა, რომ ...ის ...ის თანამდებობას იკავებდა შესაბამისი პირი, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიღებისას, საქმეზე არსებული რეალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, ბ. დ-ე აღადგინა პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე, რა დროსაც გადამწყვეტი იყო თანამდებობის ვაკანტურობა. კასატორის - ისნის რაიონის გამგეობის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 10 ივნისის ბრძანება, რომლის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, კონკურსის წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის …ის …ის (…ის …ე) თანამდებობაზე თორმეტი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა გ. შ-ი, ხოლო ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 18 ივნისის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ...ე (...ის ...ე) გ. შ-ი ჩაითვალა განუსაზღვრელი ვადით დანიშნულად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის - 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისიდან სადავო თანამდებობა კონკურსის წესით ეკავა შესაბამის პირს, რის თაობაზეც გამგეობა მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოს (სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი). საკასაციო სასამართლო ეთანხმება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებებში მოწინააღმდეგე მხარის მითითებას საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებთან დაკავშირებით და უდავოდ ადასტურებს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, დაუშვებელია საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი დაისვა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც გამგეობის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ისნის რაიონის გამგეობაში ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნული იყო შესაბამისი პირი, ამდენად, ადგილი არ ჰქონია ახალი ფაქტის საკასაციო სასამართლოში მითითებას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს რეალურად არსებულმა ფაქტობრივმა მოცემულობამ და ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასახელებულმა ფაქტმა ...ის ...ის თანამდებობის ვაკანტურობის არარსებობის თაობაზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება არ გამოუწვევია საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მასალას, ...ის ...ის სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი მითითებულია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.

ამასთან, გამგეობის მხრიდან აღნიშნული გარემოების მიუთითებლადაც, სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია მოსარჩელის ...ის ..ის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაფუძნებია პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ფაქტს, სააპელაციო სასამართლო წინააღმდეგობაში მოვიდა გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი გამორიცხავს სასამართლოს მიერ პირდაპირ სადავო თანამდებობაზე აღდგენას ასეთი თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების დროს, 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის პირდაპირ აღდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონით შემოტანილი რეგულაციით მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.

რაც შეეხება გამგეობის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მასალას ბ. დ-ის რეზერვში ჩარიცხვისა და ბ. დ-ისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს და მას შემხებლობა არ აქვს სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას. პირდაპირ ...ის ...ის თანამდებობაზე აღსადგენად გადამწყვეტია აღნიშნული პოზიციის ვაკანტურობა. გამგეობის მიერ წარმოდგენილი მასალით, მათ შორის რეზერვში ჩარიცხული ბ. დ-ისთვის კომპენსაციის გადახდის ქვითრებით, შესაძლოა დადასტურდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისობა აღსასრულებელ მოთხოვნასთან, აღნიშნული საკითხის სადავოდ ქცევის შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში და იზიარებს ბ. დ-ის აღდგენის პროცედურას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც განხორციელდა კიდევაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ...ის ...ის თანამდებობა დაკავებული იყო და მასზე მოსარჩელის აღდგენა ვერ განხორციელდა.

ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მისცემოდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით (იხ. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელი №735 (იხ. საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ბ. დ-ის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაზეც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალით კი დასტურდება, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმეზე №3ბ/601-18) სარეზოლუციო ნაწილის 3.4 და მე-4 პუნქტების, ისნის რაიონის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის 2019 წლის 31 იანვრის მოხსენებითი ბარათის №36-01190313659 საფუძველზე, ბ. დ-ე ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილებას დაევალა კომპენსაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანებით განიმარტა ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გამგეობის მიერ წარმოდგენილი მასალის მიხედვით, მართალია, ბ. დ-ე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სათანადოდ არ იქნა მოძიებული ტოლფასი თანამდებობა მერიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში და ზოგადად საჯარო სექტორში, თუმცა რეზერვში ჩარიცხვაზე ბ. დ-ემ თანხმობა განაცხადა და აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ არ დაფიქსირებულა აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ფაქტი, შესაბამისად, იგი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. ამდენად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოცულობისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება განხორციელებულია 2019 წლის 4 თებერვალს ბ. დ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემით, რაც საყურადღებოა გამგეობის მიერ ბ. დ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდთან დაკავშირებით, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდი განსაზღვრულია 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით, რაზეც გამგეობას საკასაციო სასამართლოში პრეტენზია არ განუცხადებია, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეფასება მისცეს გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით დაკისრებული თანხის საფუძვლიანობასა და ოდენობას.

ამასთან, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზია სასამართლო სხდომიდან საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადადების თაობაზე. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიხედულებას წარმოადგენს საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლო სხდომიდან საქმე ზეპირი განხილვის გარეშე გადადებულია საოქმო განჩინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რომლითაც ბ. დ-ის სარჩელი პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯისა და სხვა ხარჯების გამგეობისათვის დაკისრებას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მხარეთა (მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის) მონაწილეობით საქმეზე მხოლოდ ერთხელ ჩატარდა სხდომა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებულ ნაწილთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული, კასაციის ეტაპზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების (ადვოკატის დახმარებისათვის და სხვა ხარჯების) ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ. დ-ის სარჩელი პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი