დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.04.2024
საქმის ნომერი
ბს-893(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-893(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 23 დეკემბერს ჯ. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამხედრო ძალებში ჩაირიცხა 1993 წლის 12 აგვისტოს, სადაც იმსახურა 2010 წლის 30 იანვრამდე. აქვს ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. სულ სამხედრო ძალებში იმსახურა 16 წელი, 6 თვე და 18 დღე. სამხედრო ძალებში ჩარიცხვამდე, 1978 წლის პირველი სექტემბრიდან 1982 წლის 28 ივნისამდე, 3 წელი 9 თვე და 27 დღე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლას ექვემდებარება. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლებმა მთლიანად შეადგინა 20 წელი, 5 თვე და 10 დღე, რაც ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 12 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისა და მისი სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნის მოთხოვნით, რაზეც სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 24 სექტემბრის № MOD 3 21 00982485 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს ,,საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე სასწავლებლად გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს“, ვინაიდან იგი სწავლობდა სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დასაბუთება არამართებულია, რადგან წერილში მითითებული ნორმა ეხება სამხედრო მოსამსახურის ხელფასზე წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის განსაზღვრას, ასევე სამხედრო წოდების მინიჭებისათვის საჭირო წლებისა და საშვებულებო დღეების რაოდენობის გამოსათვლელად და ა. შ. ხოლო მისი მოთხოვნა ეხება სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებასა და ამ გაანგარიშებაში სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლას, რაც უნდა მოხდეს ,,სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 24 სექტემბრის № MOD 3 21 00982485 წერილის, რომლითაც უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის გამო, წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე იმ საფუძვლით, რომ ჯ. თ-ის ნამსახურობა შეადგენდა 20 წელზე ნაკლებს და ჯ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის № MOD 8 21 00000038 ბრძანების - ბათილად ცნობა და ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურების წლებში ჩათვლა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის სახელზე სათანადო წარდგინების გაგზავნა, ასევე, მოპასუხისათვის ადვოკატისათვის ეტაპობრივად გადასახდელი 2000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ჯ. თ-ისთვის 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1982 წლის 28 ივნისამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 24 სექტემბრის № MOD 3 2100982485 წერილობითი მიმართვა, და ,,ჯ. თ-ის 2021 წლის 25 ოქტომბრის №1108238 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის №MOD 8 21 00000038 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ჯ. თ-თან მიმართებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ჯ. თ-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 250 ლარის ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ჯ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20- ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის №ბს- 860(2კ-20) განჩინებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ნათლად და არაორაზროვნად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე, სწავლის პერიოდის ნამსახურობის პერიოდში ჩათვლასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო და სპეციალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლის დისკრეციული უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი ჩათვლა, მითითებული ნორმით დაკავშირებული არ არის პირის მიერ 20 და 20-წელზე მეტ საერთო ნამსახურობასთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამოქალაქო და სპეციალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი ან იმთავითვე უნდა გაითვალისწინოს და ასახოს წელთა საერთო ნამსახურობის ანგარიშში ან მის გათვალისწინებაზე უარი, კონკრეტულ სამართლებრივ გარემოებაზე მითითებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, არც ერთ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე ან სამართლებრივი საფუძველზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცილების შემთხვევაში, ჯ. თ-ისათვის ცნობილი იქნებოდა თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების დაპირისპირებით შეძლებდა თავისი ინტერესის დაცვას. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის, წელთა ნამსახურობაში ჩათვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელისათვის, მისთვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, ხოლო აღნიშნული პერიოდის წელთა ნამსახურობაში გათვალისწინება კი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ჯ. თ-ის სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას ან მასზე უარის თქმას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ყოფილ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან - 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებული ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მას უნდა ჰქონდეს სწორედ სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. კასატორის განმარტებით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ჯ. თ-ს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა 20 წელზე ნაკლებია და ჯამში შეადგენს 16 წელს 7 თვესა და 14 დღეს, რაც ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 21 სექტემბრის N327 წერილით მოსარჩელეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების XVI თავის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურები წლები მოიცავს მხოლოდ საქართველოს ანდა უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი მსმენელი), ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრის დროს სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის გათვალისწინება არ ხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული დიპლომის ასლის თანახმად მოსარჩელე ჯ. თ-მა 1978 წელს სწავლა დაიწყო ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო სპეციალობით, აღნიშნული გამორიცხავს სადავო პერიოდის ჩათვლას სამხედრო ნამსახურების წლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 24 სექტემბრის № MOD 3 2100982485 წერილობითი მიმართვა, ჯ. თ-ისთვის 1978 წლის 01 სექტემბრიდან 1982 წლის 28 ივნისამდე პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ და ,,ჯ. თ-ის 2021 წლის 25 ოქტომბრის N1108238 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის №MOD 8 21 00000038 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ჯ. თ-თან მიმართებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ჯ. თ-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის - 250 ლარის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე ჯ. თ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯ. თ-ს საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. თ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს, რომ კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში ჩაუთვალოს პირს სწავლის პერიოდი სტაჟში, არამედ წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელსაც კანონი ანიჭებს გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ანალოგიური მსჯელობა აქვს ასევე განვითარებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლასთან მიმართებაში, პრაქტიკით დადგენილია, რომ სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება (სუსგ №ბს-211-209(კ-17) 25.01.2018, №ბს-860(2კ-20) 28.04.2021).

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ, უკონტროლო თავისუფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თავისუფლებით აღჭურავს, მაგრამ აღნიშნული უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას და სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის, წელთა ნამსახურობაში ჩათვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელისათვის, მისთვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, ხოლო აღნიშნული პერიოდის წელთა ნამსახურობაში გათვალისწინება კი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ჯ. თ-ის სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას ან მასზე უარის თქმას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით, ხოლო სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამომავლო უფლება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უკავშირდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია, კერძოდ, მუხლის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე