დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.09.2025
საქმის ნომერი
ბს-13(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-13(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,, ...ის“ (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 6 მარტს შპს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2022 წლის 16 ივნისის №15337 ბრძანებისა და №002-100 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22047 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №18006/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება მოსარჩელისთვის დარიცხული გადასახადის კორექტირება (მათ შორის, ჯარიმისა და საურავის კორექტირება).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 41-ე, 43-ე, 49-ე, 51-ე, 73-ე, 97-ე, 99-ე, 136-ე, 268-ე, 275-ე მუხლებზე, ,,საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ, მე-6 მუხლებზე, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...ას“ მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. მხარეთა შორის სადავო არ არის შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელზე დივიდენდის გაცემის ფაქტი, რაც მოსარჩელის მიერ განხილულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ პუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ მოგების განაწილებად. თავის მხრივ, საგადასახადო ორგანო აღნიშნავს, რომ შპს ,,...ის“ მიერ მოგება მიღებულია სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების გაწევის შედეგად, რის გამოც მიიჩნევს, რომ სახეზეა დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრის წინაპირობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ კანონმდებლობის შესაბამისად არის შეფასებული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებები, აღნიშნულის შედეგად კი, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებთან. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს ,,...ის“ მიერ განხორციელებული ოპერაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ პუნქტით დაცულ სფეროში მოქცევის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სადავო ნაწილში, გადასახადის გადამხდელი მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს სერვისის იმგვარ მიწოდებას, რომელიც უთანაბრდება რეკლამას/მარკეტინგულ მომსახურებას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ კომპანიაში დასაქმებულნი არ არიან მარკეტინგის სპეციალისტები. საკითხის გადაწყვეტისათვის, ყურადსაღებია თუ რა მიზნით იყენებენ მომხმარებლები მოსარჩელის მიერ შექმნილ ტექნოლოგიურ ბაზას და რით შემოიფარგლება გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება.

სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ შპს ,,...ის“ მიერ დამატებით წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება გაცემულია სხვა პირის მიმართ. შესაბამისად, გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. რაც შეეხება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის განმარტებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პალატა ვერც ამ დოკუმენტს მიიჩნევს სავალდებულოდ გასაზიარებლად. სასამართლო უფლებამოსილია გაიზიაროს აღნიშნული განმარტება, მაგრამ მას არა აქვს სავალდებულო ხასიათი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ ფართო დისკრეცია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაათავისუფლონ კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, კეთილსინდისიერად მიიჩნიო პირი, რომელიც არ იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს და მოპასუხეებს სავალდებულო წესით დააკისრო ასეთი პირის გათავისუფლება საგადასახადო ვალდებულებისაგან, არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილება არ არის გამოცემული შპს „...ის“ მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ გადაწყვეტილებას. კასატორის განმარტებით, კანონიერი წინასწარი გადაწყვეტილება თანასწორობის პრინციპის კონტექსტში, ვრცელდება ნებისმიერ მესამე პირზე. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 15 ივნისის წინასწარ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანია, რომლის მიერ დადებული მომსახურების ხელშეკრულების შინაარსიც არის ტექნიკური მხარდაჭერის, მარკეტინგული და საკონსულტაციო მომსახურების მიღება, ჩაითვლება ვირტუალური ზონის პირად და მის მიერ არარეზიდენტი კლიენტებისგან მიღებული მოგების განაწილება მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. ამდენად, კასატორის განმარტებით, განმცხადებლის საქმიანობა მარკეტინგულ მომსახურებასაც მოიცავდა და შპს „...ის“ საქმიანობაც საგადასახადო ორგანოსა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულია მარკეტინგულ საქმიანობად, თუმცა სწორედ აღნიშნულის გამო ეთქვა უარი კასატორს საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე, რაც უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მას. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა არის საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და მათი მომსახურების სახით მიწოდება არარეზიდენტი პირებისთვის. შესაბამისად, კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებაზე ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი და ის არ იბეგრება მოგების გადასახადით.

კასატორი ასევე მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2022 წლის 6 ოქტომბრის წერილზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვირტუალური ზონის პირის საქმიანობას არეგულირებს აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე, 36-ე ნაწილები და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ ქვეპუნქტი. ამასთან, მითითებული სტატუსი შემოღებული იქნა 2011 წლიდან და 2021 წლის დეკემბრამდე ამ თემაზე რაიმე დამატებითი ინსტრუქცია შემოსავლების სამსახურს არ გამოუცია. ამ დროისთვის კი გამოცემულია სამი მეთოდური მითითება, რომელთა შორისაც არის განსხვავებები. ამდენად, კასატორის პოზიციით, აღნიშნული სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ კანონი აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანია და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კასატორს მიაჩნია, რომ კანონის მათი განმარტება სწორია და შპს „...ის“ ეკუთვნოდა საგადასახადო შეღავათი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ კომპანიის მიდგომა არასწორია და კომპანიას არ გაუუქმდება მოგების გადასახადი, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონთან მიმართებაში, კომპანიას არ ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება/განზრახვა, მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „...ის“ საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა, რომ შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს ,,...ის“ საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 16 ოქტომბერი, ხოლო მისი დამფუძნებელი და დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე, არარეზიდენტი ფიზიკური პირი ფ.ა-ი. გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად დგინდება, რომ საქმიანობის სახეს წარმოადგენს ,,კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები“. გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 18 ოქტომბერს მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. ფ.ა-ის საქართველოდან ბოლო გასვლა უფიქსირდება 2021 წლის 18 აგვისტოს. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გაანალიზებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დამფუძნებელზე გაცემული აქვს 3 135 351 ლარი დივიდენდი, რომელსაც სრულად განიხილავს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ მოგების განაწილებად, სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სსკ-ის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი, ხოლო ამავე მუხლის 36-ე ნაწილის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ,,საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან, ხოლო სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის არსებითია ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით იღებდეს შემოსავალს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს ,,...“ ქმნის ... ვებსაიტებს (კორპორატიული ვებ-გვერდი ...). ... არის ნამდვილი ...ის იმიტირებული ვერსია, სადაც პირები თამაშობენ მხოლოდ გასართობად და არა რეალური ფულის მოსაგებად საქართველოს ფარგლებს გარეთ (კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, კანადა და ნიდერლანდები). ამის შემდეგ ხდება შეთავაზება მომხმარებელზე, ითამაშოს ...ის პარტნიორ ვებ-გვერდებზე რეალური ფულით, სანაცვლოდ შპს ,,...“ გამოიმუშავებს საკომისიოს თანხიდან, რომელიც მომხმარებელს შეაქვს პარტნიორების ...ის საიტებზე. შემოწმების მიერ ასევე შესწავლილი იქნა კომპანიის მიერ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებები, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,...“ პარტნიორებს უწევს მომსახურებას, კერძოდ, უზრუნველყოფს ციფრული მარკეტინგის სერვისებს და სანაცვლოდ დამკვეთი უხდის თანხას თითოეული კლიენტისთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ კომპანიის საქმიანობა ჩაითვალა სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებად და დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 16 ივნისს გამოიცა №15337 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა №002-100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „...ის“ გადასახდელად დაერიცხა სულ 930 530.06 ლარი, მათ შორის: მოგების გადასახადი - 553 298 ლარი, ჯარიმა - 276 649 ლარი და საურავი - 100 583.06 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, კომპანიის საქმიანობის სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებად განხილვას და დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვდა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22047 ბრძანებით, შპს ,,...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №002-100 საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა ვირტუალური ზონის საწარმოს საქმიანობის სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებად განხილვასა და დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, ითხოვდა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №18006/2/2022 გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ვირტუალური ზონის პირის საქმიანობის სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებად განხილვისა და შესაბამისად, დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი, რასაც შედეგად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გაზრდა მოჰყვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ამავე მუხლის 36-ე ნაწილის შესაბამისად კი, საინფორმაციო ტექნოლოგიები განმარტებულია, როგორც კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, ხოლო მითითებული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებები, რომ შპს ,,...“ ქმნის ... ვებსაიტებს. ... არის ნამდვილი ...ის იმიტირებული ვერსია, სადაც პირები თამაშობენ მხოლოდ გასართობად და არა რეალური ფულის მოსაგებად, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამის შემდეგ ხდება შეთავაზება მომხმარებელზე, ითამაშოს ...ის პარტნიორ ვებ-გვერდებზე რეალური ფულით, სანაცვლოდ შპს ,,...“ გამოიმუშავებს საკომისიოს თანხიდან, რომელიც მომხმარებელს შეაქვს პარტნიორების ...ის საიტებზე. აღნიშნულს გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებად. შესაბამისად, დამფუძნებელზე გაცემულ 3 135 351 ლარის ოდენობით დივიდენდსაც საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ მოგების განაწილებად თვლის და არ ბეგრავს მოგების გადასახადით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,...ის“ საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული კომპანიის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებად. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია შპს ,,...“ ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ვებ-გვერდები და თამაშები, თუმცა იგი უცხოურ კომპანიებზე მათ მიწოდებას არ ახორციელებს. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე შემოსავალს არ იღებს მის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების თუ თამაშების არარეზიდენტებისთვის მიწოდებით, კომპანია შემოსავალს იღებს მის მიერ შექმნილი სოციალური ...ის ვებ-გვერდზე რეალური ...ის ვებ-გვერდის შესახებ ინფორმაციის განთავსებით, მასზე მომხმარებლის გადასვლისა და მის მიერ დადებული რეალური თანხის გათვალისწინებით. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ამდენად, ცალსახაა, რომ შპს ,,...“ მითითებულ კომპანიებს უწევს სარეკლამო, მარკეტინგულ მომსახურებას. კერძოდ, იგი სოციალური ...ის მომხმარებელს რეკლამის სახით სთავაზობს რეალურ ...ში თამაშს და შესაბამის ვებ-გვერდზე გადასვლას, რისთვისაც შემოსავალს იღებს სწორედ რეალური ...ის ვებ-გვერდზე გადასული მომხმარებლის მიერ დადებული დეპოზიტიდან გამომდინარე. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,...სა“ (აფილირებული კომპანია) და უცხოურ კომპანიებს (რეკლამის განმათავსებელი) შორის გაფორმებული არაერთი აფილირების შეთანხმება და სარეკლამო დაკვეთის ბრძანება, რომელთა თანახმად, აფილირებული კომპანია უზრუნველყოფს ციფრული მარკეტინგის და ტრაფიკის გენერირების სერვისებს და რეკლამის განმათავსებელი უხდის აფილირებულ კომპანიას შეთანხმებულ თანხას თითოეული კვალიფიციური კლიენტისთვის (ტრაფიკის წყაროსა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით), რომელიც დებს ერთ ან მეტ დეპოზიტს, კუმულაციურად არანაკლებ შეთანხმებულ თანხაზე.

საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ მართალია საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 36-ე ნაწილის შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიები მოიცავს არამხოლოდ კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების დიზაინს, წარმოებას და დანერგვას, არამედ ასევე მათ მხარდაჭერასა და განვითარებასაც, თუმცა შპს ,,...ის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა ვერ იქნება მიჩნეული ვერც ამგვარი სისტემების მხარდაჭერად ან განვითარებად. კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების მხარდაჭერა გულისხმობს კომპანიის მიერ მითითებული სისტემების ტექნიკურად, ხარვეზების გარეშე, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე უცხოურ კომპანიებს სთავაზობს მის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით მომხმარებლების მოზიდვას რეალურ ...ში სათამაშოდ, რისთვისაც სოციალური ...ის ვებ-გვერდებზე ათავსებს მითითებული კომპანიების ...ების ვებ-გვერდების შესახებ ინფორმაციას, რაზე რეაგირებითაც მომხმარებელი გადადის რეალური ...ის ვებ-გვერდზე. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს მათთვის სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის წინასწარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციების მიხედვით არ შეიძლება გამოიცეს განსხვავებული წინასწარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი მართალია თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილება შპს ,,...ას“ არ ეხება, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული, თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ზღუდავს მას დაეყრდნოს სხვა პირის მიმართ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. ამასთან, თანასწორობის პრინციპის გამოხატულებაა აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უშვებს სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციების მიხედვით განსხვავებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესაძლებლობას. აღნიშნული კი ვერ იქნება განმარტებული ისე, რომ გადასახადის გადამხდელმა, რომლის მიმართაც არ არის გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა სხვა გადამხდელის მიმართ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა წარმართოს. ამგვარი განმარტების მართებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციები. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის დეველოპერული კომპანია, რომლის საქმიანობა აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას და მხარდაჭერას უცხოელი მომხმარებლებისთვის. კომპანიის მხრიდან სრულდება ყველა ის ქმედება, რომელიც აუცილებელია გარიგების ფარგლებში მომსახურების სათანადოდ შესრულებისთვის. გარიგების ფორმა არის მომსახურება. კერძოდ, ტექნიკური მხარდაჭერის, მარკეტინგული და საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად. ამავე წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენს IT ტექნოლოგიების განვითარება და IT მომსახურების მხარდაჭერა. ამასთან, აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიის მთლიან შემოსავალში 100% უჭირავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და მხარდაჭერის საქმიანობიდან მიღებულ ანაზღაურებას. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის წინასწარ გადაწყვეტილებაში მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულია კომპანიის მიერ ტექნიკური მხარდაჭერის, მარკეტინგული და საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად მომსახურების გაწევის თაობაზე, აქვე მითითებულია, რომ გადამხდელის მთლიანი შემოსავლის 100% არის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და მხარდაჭერის საქმიანობიდან მიღებული ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში კი, შპს ,,...ის“ შემოსავალი მიღებული აქვს სარეკლამო, მარკეტინგული მომსახურების გაწევიდან, რაც არ წარმოადგენს იდენტურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ წინასწარ გადაწყვეტილებაზე აპელირება საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.

ამასთან, რაც შეეხება შპს ,,...ის“, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში არის განმარტებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო/სასამართლო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში, კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა. (სუსგ. Nბს-565(კ-20), 10.03.2022 წელი; Nბს-272(კ-21), 17.03.2022 წელი; Nბს-581(2კ-23), 19.12.2023 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი კანონმდებლობაში შემოღებული იქნა 2011 წლიდან და 2021 წლის დეკემბრამდე ამ თემაზე რაიმე დამატებითი ინსტრუქცია შემოსავლების სამსახურს არ გამოუცია, შემდგომ კი გამოიცა სამი მეთოდური მითითება, რომელთა შორისაც არის განსხვავებები. ამდენად, კასატორის პოზიციით, აღნიშნული სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ კანონი აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანია და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კასატორი აქვე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2022 წლის 6 ოქტომბრის წერილზე, სადაც ასევე საუბარია ვირტუალური ზონის პირის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანებაზე, რაც ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, ქმნის ვირტუალური ზონის პირების საგადასახადო სანქციებისგან გათავისუფლების საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,...ის“ მოგების გადასახადი და შესაბამისი საგადასახადო სანქციები დაეკისრა არა შემოსავლების სამსახურის რომელიმე მეთოდური მითითების ან ვირტუალური ზონის პირის საქმიანობის მარეგულირებელი რომელიმე ნორმის განსხვავებული განმარტების საფუძველზე, არამედ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად. ის გარემოება, რომ გადამხდელის, თუნდაც ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეული სარეკლამო, მარკეტინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ იყო გათავისუფლებული მოგების გადასახადისგან, პირდაპირ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 97-ე, 99-ე მუხლებში და აღნიშნული ნორმები ამ მხრივ რაიმე ბუნდოვანებას ან ორაზროვანებას არ შეიცავენ. ამგვარი ბუნდოვანების არსებობაზე არც კასატორი მიუთითებდა. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის 2022 წლის 6 ოქტომბრის წერილის თანახმად, თუკი ზოგადად ბუნდოვანება არსებობდა ვირტუალური ზონის პირის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რის გამოც მეთოდური მითითებების გამოცემა გახდა საჭირო, არ ნიშნავს იმას, რომ ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე ყველა პირი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს მასზე დაკისრებული სანქციისაგან. მითითებული ნორმის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,...“ საინფორმაციო ბარათში წარსადგენი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის არასწორად ასახვის გამო სამჯერ არის დაჯარიმებული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მისი დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს ,,...ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.ხ-ის მიერ 2024 წლის 25 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება;

3. შპს „...ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.ხ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 25 ნოემბრის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% - 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე