დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.10.2025
საქმის ნომერი
ბს-1251(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1251(კ-23) 15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარ, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ს...-“ (შპს „ე...-ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით შპს „ე...-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ს...“.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ს...-“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 190 847,15 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაათი ათას რვაასორმოცდაშვიდი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...-“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „ს...-“ დაეკისრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯის - 290 ლარის ანაზღაურება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს...-“ სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგნიდან გამომდინარე შპს ,,ს...-“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით მნიშვნელოვანია თავდაპირველად დადგინდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობების არსებობა. სათანადო შეფასება უნდა მიეცეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერებას თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, კერძოდ, მასზე კანონით განსაზღვრული უფლება - მოვალეობების კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად განხორციელების კუთხით. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის მიყენება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრული იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა სამოქალაქო კოდექსზე მითითებით პასუხისმგებლობის საფუძვლების დასადგენად, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლები იმპერატიულადაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს: პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა); წარმოშობილი ზიანი; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური დელიქტის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს...“ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ქმედებიდან/ქმედების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა დადგინდეს და შეფასდეს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შეიცავს თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადად დასაბუთებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არ იმოქმედა სათანადოდ და მეთოდურად სწორად, მან ვერ უზრუნველყო შპს ,,ს...-“ ქონების გადარჩენა, რითაც მიადგა ზიანი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის გადაწყვეტისათვის ფაქტობრიობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის მოცემულობა, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედება, რომელმაც მოსარჩელისათვის სარჩელში მითითებული ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. საქმეში წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 20 სექტემბრის ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარდგენილი მასალების შესწავლის და №2-ე-13 ექსპერტის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების საფუძველზე შპს ,,ე...-ის“ ...ის ცენტრ ,,...ში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი უნდა იყოს წაკიდება. ამავე დასკვნის მიხედვით, დაცვის სამსახური ,,თბილისის“ და სახანძრო ქვედანაყოფების მხრიდან ...ის ცენტრ ,,...ში“ მომხდარი ხანძრის მასშტაბურობის და მიყენებული ზიანის ოდენობის შემცირება (ნაწილობრივ არიდება) შესაძლებელი იქნებოდა, თუ ისინი ხანძრის ჩაქრობის საწყის ეტაპზე იმოქმედებდნენ მეთოდურად სწორად. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ფიქსირდება ხანძრის დაგვიანებით აღმოჩენა, ხანძრის საწყის პერიოდში 5-6 წუთის განმავლობაში არავინ ფიქსირდება, დაცვამ არ გამოიყენა 50 ლიტრიანი ცეცხლმაქრი. გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, მეთოდურად არასწორი ქმედება იყო: კერების ლოკალიზაცია, წყლის ჭავლის არგამოყენება ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, ქრობა შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანით, რაც უზრუნველყოფდა გარედან ჟანგბადის მინიმალურ მიწოდებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ხანძრის განვითარება განაპირობა ხანძრის გვიან აღმოჩენამ, სახანძრო ქვედანაყოფის ხანძრის საწყის ეტაპზე არასწორმა მოქმედებამ ქრობაზე (წყლის ჭავლი

არ მიეწოდა ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით) და ხანძრის კერების არარსებობამ.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 21 სექტემბრის ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების შესწავლითა და ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ - შეუძლებელია გადაწყვეტა საკითხისა - 2013 წლის 26 თებერვალს ...ის ... ,,...ას“ შენობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე ტიპის მეთოდურად არასწორ ქმედებებს, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენებას ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, აგრეთვე იყო თუ არა შესაძლებელი ქრობის დროს, შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანა, ვინაიდან წარმოდგენილ სს საქმის მასალებში საერთოდ არ არსებობს დასმულ კითხვებში არსებულ გარემოებებზე ანალიზის ჩატარებისათვის აუცილებელი მონაცემები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნენ დასკვნის შემდგენი ექსპერტები რ.გ-ი, ლ.ქ-ი და ა.კ-ი, რომელთა განმარტებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა რ.გ-იმა განმარტა, რომ როდესაც მას დაუკავშირდნენ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მან ვერ შეძლო დასკვნის შედგენა, რადგან ობიექტი აღდგენილი იყო. ექსპერტის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარება უნდა დაიწყოს ობიექტის გამოკვლევით. მნიშვნელოვანია ხანძრის გაჩენის კერის დადგენა. კერის დადგენიდან გამომდინარე ექსპერტს შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებები. ამ შემთხვევაში კი, რადგან ობიექტის გამოკვლევას ვერ განახორციელებდა, უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. ექსპერტის განცხადებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის მასალებში ასახული ინფორმაცია კერასთან დაკავშირებით, თუმცა გამომძიებელი არ არის სპეციალისტი და ის ზუსტად ვერ აღწერს ექსპერტიზისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტები იყვნენ ობიექტზე გასულნი, მაგრამ თვითონ უშუალოდ ვერ მოახდინეს ობიექტის გამოკვლევა და ამიტომ დასკვნას ვერ შეადგენდნენ. მოსამართლის შეკითხვაზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კვამლზე რეაგირებს, დამონტაჟებული რომ ყოფილიყო ობიექტზე, ხანძრის აღმოჩენა უფრო ადვილად მოხდებოდა.

ექსპერტ ლ.ქ-ის განმარტებით, ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა მომხდარიყო წყლის ჭავლის მიშვება. იგი ობიექტზეც იმყოფებოდა, ასევე დასკვნის შედგენისას დაეყრდნო სხვა მასალებთან ერთად ახსნა-განმარტებებს და ვიდეოფირებს. მოსამართლის შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კვამლზე რეაგირებს, დამონტაჟებული რომ ყოფილიყო, ხანძრის აღმოჩენა უფრო ადვილად მოხდებოდა და ნაკლები ფართი დაიწვებოდა. მისი განცხადებით, მართალია, ...ის გამზირის მხრიდან ვერ შევიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რადგან ჩაკეტილი იყო შესასვლელი, თუმცა სახანძრო-სამაშველო ჯგუფს სხვა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა, რომ ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. მათ მეთოდურად სწორად უნდა დაეგეგმათ ხანძრის ქრობა. მანვე დაადასტურა რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დრო, სადაც აღნიშნულია რომ ხანძრის აღმოჩენა მოხდა 56 წუთის დაგვიანებით, არის ტექნიკური შეცდომა და უნდა იყოს 5-6 წუთი.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ექსპერტი ა.კ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ქრობის პერიოდში დროულად რომ გამოყენებულიყო სწორი მიმართულება, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდებოდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი სპეციალური მოწყობილობებით, აირწინაღებით რომ შესულიყვნენ და წყლის ჭავლი ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით რომ მიეშვათ, ასეთი ოდენობის ზიანი არ დადგებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ხანძრის აღმოჩენა მოხდა დაგვიანებით, საწყის ეტაპზე სავაჭრო ...ის დაცვამ არ გამოიყენა 50 ლიტრიანი ცეცხლმაქრი, ...ის გამზირის მხრიდან ვერ შევიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რადგან ჩაკეტილი იყო შესასვლელი. შესაბამისად, ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით წყლის ჭავლის მისაშვებად კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა სახანძრო სამსახურს, ექსპერტთა განმარტებით ვერ დგინდება. ამასთან, ექსპერტიზის ჩატარებისას მეხანძრეები არ ყოფილან გამოკითხულნი, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კვამლზე რეაგირებს, დამონტაჟებული არ ყოფილა. ამიტომ, საქმის მასალებიდან, ექსპერტთა ჩვენებებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, აპელანტისათვის მის მიერ მითითებული ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება, რომ გამოიწვია უშუალოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა მოქმედებამ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება ხანდაზმულობის ვადის 2013 წლის 20 სექტემბრიდან ათვლის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, მოპასუხის მხრიდან უფლების დარღვევის შესახებ თითქოს ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნის შედგენიდან (20.09.2013 წ.). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ...ის 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 ექსპერტის დასკვნის მიხედვითაც, ხანძრის განვითარება განაპირობა ხანძრის გვიან აღმოჩენამ, სახანძრო ქვედანაყოფის ხანძრის საწყის ეტაპზე არასწორმა მოქმედებამ ქრობაზე (წყლის ჭავლი არ მიეწოდა ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით) და ხანძრის კერების არარსებობამ. აღნიშნული დასკვნა მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წლის აპრილში (იხ.23.04.2019 წ, სხდომის ოქმი 15.51:14სთ). საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასკვნის შედგენაში მონაწილეობდნენ იგივე ექსპერტები, ვინც 2013 წლის 20 სექტემბრის დასკვნა შეადგინა (ლ.ქ-ი, ა.კ-ი). დადგენილია, რომ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 4 აგვისტოს - სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. საქმეში წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2013 წლის 13 ივნისის დადგენილებით დასტურდება, რომ შპს ,,ე...-ი“ (უფლებამონაცვლე შპს ,,ს...“) ცნობილ იქნა დაზარალებულად. აღნიშნული ფაქტი (დაზარალებულად ცნობა), ვერ გახდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ბრალეული პირის დადგენის მიზნით და ამ საქმეში მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად. სასარჩელო განცხადება კი, დაფუძნებულია ხანძრის გაჩენის შემდგომ მოსარჩელის მოსაზრებით, ხანძრის ჩაქრობისას ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების უკანონობაზე. მოსარჩელეს კი, თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით არ მიუმართავს სახელმწიფო ორგანოსათვის, არ წარუდგენია განცხადება მოთხოვნის არსებობის თაობაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...ამ“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე, (2013 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-19 მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის 26 თებერვალს სახანძრო სამსახურმა, რომელსაც ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიხედვით, ევალებოდა ქონების გადარჩენა და ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, ვერ უზრუნველყო კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება - შპს „... ...ას“ (შპს „ე...-ის“ უფლებამონაცვლე) ქონების გადარჩენა, ხანძრის შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, რადგან არ იმოქმედა სათანადოდ და მეთოდურად სწორად, კერძოდ, არ მოახდინა ხანძრის ქრობა მისი გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებიდან, მოახდინა შენობის ჰერმეტიზაციის არასწორად და გაუმართლებლად დარღვევა, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას. შედეგად დაიწვა 7500 კმ. მეტრამდე ფართი და მასში არსებული მატერიალური ფასეულობები. საყურადღებოა, რომ ხანძრის ადგილზე სახანძრო ეკიპაჟების მოსვლისას დამწვარი იყო მხოლოდ დაახლოებით 146 კვ. მეტრი ფართი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს გაუფრთხილებელ მოქმედებას, ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებას, რაც ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, გახდა დაახლოებით 7500 კვ.მ სავაჭრო ფართის განადგურების და შესაბამისად, კასატორისთვის მატერიალური ზიანის მიყენების მიზეზი. მატერიალურმა ზიანმა კი, ჯამში, შეადგინა 5 190 847.15 ლარი.

კასატორის განმარტებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტა, თუ რამ გამოიწვია ხანძრის ლოკალიზაციის პერიოდის გაგრძელება და რა მიზეზით ვერ განხორციელდა ხანძრის ლოკალიზაცია 1,16 სთ-ის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ხანძრის შესახებ აქტის მიხედვით, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა ხანძრის გაჩენიდან (20:30 სთ) 14 წუთში, ხოლო შეტყობინებიდან (20:40 სთ) 4 წუთში - 20:44 სთ-ზე. ამდენად, დადასტურებულია, რომ ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელება და მისი ლოკალიზაციის პერიოდის გახანგრძლივება გამოიწვია ხანძრის ქრობის დროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეთოდურად არასწორმა მოქმედებამ და შესაბამისად, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. ასევე, საქმის მასალებით (ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, სქემებით, სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებით და სხვ.) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ეკიპაჟების მისვლისას იწვოდა დაახლოებით 180 კვ.მ-დე ფართობი. საბოლოოდ კი, 7500 კვ. მეტრზე მეტი სავაჭრო ფართი იქნა განადგურებული.

ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის №006619218 საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ სახანძრო სამსახურის მხრიდან არაჯეროვანი მოქმედებების ექსპერტიზით დადგენის შეუძლებლობა, ეს რომ მართლაც ასე იყოს, არ გამორიცხავს არაჯეროვანი მოქმედებების არსებობას და ამ გარემოების გასარკვევად სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, ხსენებული საექსპერტო დასკვნა ჯერ საქალაქო სასამართლოს მიერ და შემდეგ კი, სააპელაციო პალატის მიერ, სათანადო მტკიცებულებად საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რადგან მისმა ავტორმა, ექსპერტმა - რ.გ-იმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამ დასკვნის შედგენის დროს ის შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად არ გაცნობია. ექსპერტი რ.გ-ი მხოლოდ ზოგადად განმარტავს და ისე იძლევა დასკვნას მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ, რომ საერთოდ არ მიუთითებს გამოიკვლია და შეაფასა თუ არა მისთვის გადაცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული შპს „ე...-ის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვისა და დაკითხვის ოქმები, შპს „ე...-ის“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და მისთვის გადაცემული სხვა საკვლევი მასალები.

ექსპერტი რ.გ-ი დასკვნაში არ განმარტავს, გამოიკვლია და შეაფასა თუ არა ხანძრის შესახებ 26.02.2013წ. აქტი და, თუ გამოიკვლია, მაშინ დასკვნაში რატომ მიუთითებს საქმეში იმგვარი მონაცემების არარსებობის შესახებ, რომლებიც აქტში ნათლად და გარკვევით არის გადმოცემული. კერძოდ, ხანძრის შესახებ 26.02.2013წ. აქტში, რომელიც შედგენილია ხანძრის დღეს, მითითებულია შემდეგი: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის წარმომადგენლების მიერ, მონაცემები ხანძრის დროს ცეცხლმაქრი საშუალებების მიწოდების ინტენსივობის შესახებ, განსაზღვრულია ხანძრის ქრობაში მონაწილე ძირითადი საჭირო ავტომობილების რაოდენობა, კერძოდ, 25 სახანძრო ეკიპაჟი, ა/ც „ფორდი“ და ინფორმაცია მათი ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ, ხანძრის ქრობის ტაქტიკური გამოთვლებისათვის საჭირო გამოყენებული მასალების (პირადი შემადგენლობის) ტექნიკური საშუალებებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების რაოდენობა დროის ერთეულში, მონაცემები ხანძრის ქრობის დროს ფაქტიურად გამოყენებული წყლის ხარჯის შესახებ (კერძოდ, 1000 ტ.) და ხანძრის პარამეტრებიდან გამომდინარე, ქრობისათვის გამოთვლებით მოთხოვნადი წყლის რაოდენობის განსაზღვრა, ინფორმაცია ქრობისთვის საჭირო ლულების რაოდენობის განსაზღვრისათვის (50 ლულა „ბ“, 20 ლულა „ა“). ასევე, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან მკაფიოდ ჩანს და დგინდება ხანძრის აღმოჩენის მომენტი, მისი გავრცელების მიმართულება, დაცვის სამსახურის და შემდგომ სახანძრო ეკიპაჟების მოქმედებები და ესპერტიზისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი დეტალები და გარემოებები. ამდენად, აშკარაა, რომ რ.გ-ის დასკვნა - საექსპერტო დასკვნის მომზადების შეუძლებლობის შესახებ, არ და ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქმეში არსებობს ბევრი სხვა, ერთმანეთთან ლოგიკურად თავსებადი და ობიექტური მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახანძრო სამსახურმა ვერ შეძლო კანონისმიერი, საჯარო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება - ხანძრის დროული ლოკალიზება და მეთოდურად სწორად ქრობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასებისა და მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე მითითებისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი.

კასატორის განმარტებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გულისხმობს სამართლებრივი დანაწესების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, სახანძრო სამსახური მოქმედებდა „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-7 და მე-19 მუხლების დარღვევით, რადგან ხანძრის ქრობაში მონაწილე სახანძრო დანაყოფებმა იმგვარად ვერ იმოქმედეს, რომ გადარჩენილიყო შპს „ე...-ის“ კუთვნილი ქონება ან/და ხანძრის შედეგად ქონების განადგურებით მიყენებული ზიანი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. პირიქით, დასტურდება საპირისპირო - სახანძრო სამსახურის შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ხანძრით მოცული ფართობი - დაახლოებით 180 კვ.მ-დან გაიზარდა და დაიწვა დაახლოებით 7500 კვ.მ. ფართზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები და მასში განთავსებული მატერიალური ფასეულობანი. წყლის ჭავლით დაზიანდა დაახლოებით 1700 კვ.მ ფართი და მასში განთავსებული მატერიალური ფასეულობანი. ამიტომ, საქმის მასალებით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოპასუხის ბრალი და მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, გამოკვეთილი და დადასტურებულია. დგინდება, რომ სახანძრო სამსახურმა ვერ უზრუნველყო კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ და ჯეროვნად შესრულება - ქონების გადარჩენა განადგურებისგან ან/და ხანძრის შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, ვინაიდან იმოქმედა მეთოდურად არასწორად.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იყენებს ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიას, იგივე უშუალო მიზეზობრიობის თეორიას. ადეკვატურია ისეთი მოქმედება, რომლის გარეშეც ზიანი არ დადგებოდა. ანუ, რომ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი არ დადგებოდა იმ ფორმით, იმ დროს და იმ ადგილას, როგორც იგი დადგა. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, რომ სახანძრო სამსახურის არაადეკვატურმა მოქმედებამ, ხანძრის ქრობამ არასწორი მიმართულებით და სხვა მეთოდურად არასწორმა მოქმედებებმა გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამდენად, ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელება და მისი ლოკალიზაციის პერიოდის გახანგრძლივება გამოიწვია ხანძრის ქრობის დროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეთოდურად არასწორმა მოქმედებამ. შესაბამისად, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

კასატორის განმარტებით, განსხვავებით სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობისაგან, დელიქტურ სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. ამოსავალი პრინციპი იგივეა – მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ადასტურებს და არა მას, ვინც უარყოფს. აღნიშნული სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში ზიანის არსებობა და მისი შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხემ კი, უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აშკარად ვერ ამტკიცებს აღნიშნულს, ხოლო საპირისპიროდ მეტყველებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება.

მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა სახანძრო სამსახურის კონკრეტული ბრალეული ქმედებები და მათი მიზეზობრივი კავშირი შპს „... ...ას“ მიმართ დამდგარ დიდი ოდენობით მატერიალურ ზარალთან. თუმცა, კონკრეტული არასწორი მოქმედებები რომც არ იყოს ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული (ცეცხლის კერებზე წყლის ჭავლის არასწორი მიმართვა, შენობის ჰერმეტიზაციის დარღვევა, რამაც ჰაერის დიდი ნაკადი და ცეცხლის გაღვივება გამოიწვია და ა.შ.), სახანძრო სამსახურის მიერ ზოგადი კანონისმიერი ვალდებულების დარღვევა აშკარა და ეჭვგარეშეა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების მატერიალურ-ფაქტობრივი საფუძვლები სრულად სახეზეა, რაც არასათანადოდ იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ.

ამასთან, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება და დასკვნა შპს „... ...ას“ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელეს დაცული აქვს სარჩელის შეტანის 3-წლიანი ვადა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება უფლების დარღვევის შეტყობის მომენტიდან. აღნიშნული ზოგადი წესი არ უთითებს ზიანის მიმყენებელი პირის იდენტიფიკაციის აუცილებლობაზე, თუმცა აღნიშნულისგან განსხვავებით, დელიქტური სამართლის თავისებურებაა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დამატებითი პირობის არსებობა, რაც უკავშირდება ზიანზე პასუხისმგებელი პირის დადგენის საჭიროებას. დელიქტურ სამართალში პოტენციური ვალდებულებითი ურთიერთობა არსებობს პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ. განუსაზღვრელი პირთა წრის კონკრეტული ზიანის მიმყენებელზე დაკონკრეტება ხდება ზიანის მიყენების მომენტში. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, ზიანის დადგენა თავისთავად არ გულისხმობს ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენას. კანონიც და სასამართლო პრაქტიკაც დელიქტური მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს. სწორედ ამიტომ, განსახილველ საქმეში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაკავშირებულია დამატებითი კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენის თარიღთან. სწორედ ეს ექსპერტიზის დასკვნა იყო ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც გამოკვეთა, დააკონკრეტა ზიანის ამ მასშტაბით გავრცელებისათვის პასუხისმგებელი პირები. სასამართლომ კი, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაუკავშირა 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 დასკვნას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ...ის 2013 წლის 18 მარტის ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელეს ჩაბარდა 2013 წლის 18 აპრილს, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხანძრის განვითარება და გავრცელება განაპირობა ხანძრის საწყის ეტაპზე სახანძრო ქვედანაყოფის არასწორმა მოქმედებამ. თუმცა სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ 2013 წლის 18 მარტის საექსპერტო დასკვნით ხანძრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების კვლევა არ დასრულებულა და გამოძიების მიერ იმავე საკითხებზე შემდგომში სხვა ექსპერტიზები იქნა დანიშნული და ჩატარებული. ეს კი, სამართლებრივად იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის შპს „ე...-ს“ ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია მის მიმართ დამდგარ მასშტაბურ ზიანზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის შესახებ.

სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს საქმეში არსებულ გამოძიების იმ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ე...-ის“ დირექტორი მიმართავდა გამოძიებას და ითხოვდა დაზარალებულად ცნობას მისი ქონების განადგურების გამო. კომპანიის დირექტორის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა 13.06.2013წ. დადგენილებით, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აპირებდა დამატებითი, კომისიურ-კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას. დირექტორს - პ.კ-ას, გამომძიებელმა ჩამოართვა ხელწერილი 27.07.2013წ., რომ სავაჭრო ...ის ტერიტორიაზე არ განახორციელებდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, არ შეეხებოდა შენობას, რომელზეც დარჩენილია ხანძრის კვალი. აღნიშნული გაფრთხილების შემდეგ, კერძოდ, 06.08.2013წ. შპს „.. ....ას“ დირექციამ გამოძიებას გადაუგზავნა ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ ხანძრის ადგილიდან ამოღებული დალუქული ნიმუშები. გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა ექსპერტიზა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის მიერ მომზადდა 2013 წლის 01 აპრილის სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მთელ რიგ საკითხებში წინააღმდეგობაში მოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ...ის ექსპერტიზის დასკვნასთან (ცალსახად ვერ იქნა დადგენილი ხანძრის გაჩენის მიზეზი, დაზიანებული ფართის კვადრატულობა და ხანძრის კერა). იმის გათვალისწინებით, რომ შეუსაბამობა იყო შსს სამინისტროს 01.04.2013წ. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის და ტექნიკური უნივერსიტეტის 18.03.2013წ. ალტერნატიული სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს შორის (ცალსახად ვერ იქნა დადგენილი ხანძრის გაჩენის მიზეზი, დაზიანებული ფართის კვადრატულობა და ხანძრის კერა), 07.08.2013წ. გამოძიებამ დანიშნა დამატებითი კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რაზეც დასკვნა გაიცა 2013 წლის 20 სექტემბერს. ამ პირობებში კი, არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საწყის მომენტად 2013 წლის 18 მარტის ის საექსპერტო დასკვნა იქნეს მიჩნეული, რომლის გადასინჯვის მიზნით 2013 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა და 20 სექტემბერს გაიცა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. როდესაც რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ამასთან, ექსპერტიზაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები, ინიშნება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა მოამზადოს საბოლოო დასკვნა შე...მის საკვლევ საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში, წინა საექსპერტო დასკვნის (დასკვნების) მტკიცებულებითი და იურიდიული მნიშვნელობა ანულირდება, ბათილდება და მტკიცებულებად, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად მხოლოდ საბოლოო დასკვნა მიიჩნევა.

ლ. სამხარაულის საექსპერტო დასკვნაში დაწვრილებით იქნა მითითებული ის ფაქტები, რამაც დასკვნის გაცემა განაპირობა. ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ბოლის გავრცელების მიმართულება გარეთა მხრიდან დაკავშირებულია ქარის მიმართულებასთან. ხანძრის საწყის ეტაპზე ცეცხლის გავრცელება მოხდა №2/1-2 მაღაზიის შიდა მხრიდან, ჭერისკენ და ჭერით გავრცელებით და სახანძროს მოსვლისას ჯერ კიდევ არ იყო გადასული სხვა მაღაზიებზე. შემდგომ ხანძარი განვითარდა შენობის მთლიან განივ პერიმეტრზე, სიღრმეში ერთი მიმართულებით. სახანძრო მანქანების მოსვლის მომენტისათვის, ხანძარს მოცული ჰქონდა დაახლოებით 140-180 კვ.მ ფართობი. ხანძარი იყო №... ...ში და სახანძროს მოსვლისას ჯერ კიდევ არ იყო გადასული სხვა მაღაზიებზე. ხანძრის სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო სახანძრო ქვედანაყოფების ისეთმა მოქმედებამ, როდესაც ხანძრის საწყის ეტაპზე წყლის ჭავლის მიწოდება არ მოხდა ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით. სავაჭრო ... „...ის“ დაცვის სამსახურის და სახანძრო ქვედანაყოფების მოქმედება ხანძრის საწყის ეტაპზე იყო მეთოდურად არასწორი. აქედან, ძირითადია ხანძრის გვიანი აღმოჩენა, 50 ლიტრიანი ცეცხლმაქრის არ გამოყენება, კერების ლოკალიზაცია, ასევე წყლის ჭავლის გამოყენება ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, ქრობა შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანით, რაც უზრუნველყოფს გარედან ჟანგბადის (ჰაერის) მინიმალურ მიწოდებას. ხანძრის მასშტაბურობის და ზიანის ოდენობის შემცირება (ნაწილობრივი არიდება) შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ჩაქრობის საწყის ეტაპზე მეთოდურად სწორი მოქმედებით. ამდენად, 2013 წლის 20 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნით გამოიკვეთა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული კონკრეტული პირი - ქ. თბილისის მერიის სახანძრო სამსახური, რომლის მიერ ხანძრის ქრობისას მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია ხანძრის ასეთი მასშტაბური გავრცელება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი. შესაბამისად, შპს „ე...-ისთვის“ მხოლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის დამატებითი, კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნით გახდა სარწმუნოდ ცნობილი, რომ მისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირი იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში უფლებამონაცვლე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია), რის შემდეგაც სარჩელი შეტანილ იქნა 2016 წლის 4 აგვისტოს, ესე იგი სკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით - ზარალზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრიდან 3-წლიანი ვადის დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული სამსახური, სადაც დაიწყო გამოძიება 2013 წლის 26 თებერვლის ხანძრის ფაქტზე, ასევე საქართველოს პროკურატურის ორგანოები, რომლებიც ზედამხედველობენ გამოძიებას, არიან ის სახელმწიფო ორგანოები, სადაც დაზარალებულის მიერ განცხადებით მიმართვით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 26 თებერვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შპს „ე...-ის“ დირექტორი სისტემატურად მიმართავდა საქართველოს მთავარ პროკურორს, ასევე გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორს იმის შესახებ, რომ ჭიანურდებოდა გამოძიება და შპს „ე...-ისთვის“ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხი, რადგანაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით წარმოიშობოდა მისი უფლებები, მათ შორის, სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც შესაბამისი პასუხისმგებელი სუბიექტის მიმართ. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 13 ივნისის დადგენილებით შპს „ე...-ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კომპანია ცნობილ იქნა დაზარალებულად, რაც ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. დაზარალებულის სტატუსი შპს „... ...ას“ სისხლის სამართლის საქმეზე მიენიჭა 2013 წლის 13 ივნისს მის მიმართ მიყენებული ქონებრივი ზიანის (ქონების განადგურების) გამო, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ხანძრის გაჩენით, არამედ უმეტესად იმით, რომ სახანძრო სამსახურის არაჯეროვანი მოქმედების შედეგად ხანძარი ვერ იქნა ლოკალიზებული და ის 180 კვ. მეტრიდან გავრცელდა 7500 კვ. მეტრის ფართობზე, რამაც რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. ამდენად, 2013 წლის 13 ივნისის დადგენილება შპს „ე...-ის“ დაზარალებულად ცნობის შესახებ, რასაც წინ უძღოდა შპს „ე...-ის“ მიყენებული ზიანის დადგენა აუდიტორული დასკვნის საფუძველზე (იმ მომენტისთვის 4 042 848 ლარის ოდენობით) და ამ აუდიტორული დასკვნის გამოძიებისათვის წარდგენა, სამართლებრივად უნდა შეფასდეს, როგორც შპს „ე...-ის“ მიერ სახელმწიფო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვა ხანძრით მოყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეული იქნა არა მხოლოდ ხანძრის გაჩენის ფაქტით, არამედ უმეტესად ზიანის მასშტაბი განპირობებული იქნა შემდგომში ხანძრის ქრობის პროცესის არაჯეროვნად წარმართვით. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების მიერ დასადგენი გარემოება და ასევე, დაზარალებულის ინტერესი გამოძიების მიმართ, არა მხოლოდ ხანძრის გამჩენის დადგენა, არამედ ხანძრის მასშტაბების გაზრდის და ამით მრავალმილიონიანი ზარალის დადგომის მიზეზების დადგენაც იყო, რაც ასევე დანაშაულებრივი ქმედების შედეგიც შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაბამისად, მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნები გამოძიების დაჩქარების, ეფექტურად წარმართვის და ასევე დაზარალებულად ცნობის შესახებ, რასაც მოჰყვა 2013 წლის 13 ივნისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად უნდა შეფასდეს და ხანდაზმულობა ამ თარიღიდან უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...-“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...-“ (შპს „ე...-ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5 190 847,15 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით (ცვლილებამდე 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი), რომელიც ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამდგენი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმა მიემართება უკანონო ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შემთხვევებს და ანაზღაურების ფარგლებსაც სწორედ ამ პირობებით ითვალისწინებს.

სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები; კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამრიგად, ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირ და უშუალო შედეგს. უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს შპს „ს...-“ საკუთრებას (ყოფილი შპს „ე...-ი“) (ტ.1 ს.ფ. 13-15, 16-18, 532-533); ბ) ხანძრის შესახებ აქტის მიხედვით, 2013 წლის 26 თებერვალს, სავაჭრო ... „...ში“ (მისამართი ...ის ქუჩა №...), 20:38 წუთზე აღმოჩენილი იქნა ხანძარი, 20:40 წუთზე მოხდა შეტყობინების გადაცემა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში. პირველი ქვედანაყოფი დანიშნულების ადგილზე მივიდა 20:44 წუთზე, ხოლო ხანძრის ლოკალიზაცია მოხდა 22:00 საათზე. ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა 2013 წლის 27 თებერვალს 06:32 საათზე. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 25 ერთეული ტექნიკა, მიწოდებული ლულების რაოდენობა და სახეობა იყო - 50 ლულა „ბ“ და 20 ლულა „ა“, ფაქტიური წყლის ხარჯი შეადგენდა 1000 ტონას. ხანძრის შედეგად დაიწვა 4000-5000 კვ.მ ფართი და შიგნით არსებული ... (ტ.1, ს.ფ. 19-20);

მოსარჩელის - შპს „ს...-“ მოთხოვნა ძირითადად დასაბუთებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ არ იმოქმედა სათანადოდ და მეთოდურად სწორად, ვერ უზრუნველყო შპს „ს...-“ ქონების გადარჩენა, რითაც მიადგა ზიანი. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს და შეფასდეს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შეიცავს თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს.

აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა საქმეზე წარმოდგენილი მასალები, რომლითაც დადგენილია შემდეგი გარემოებები: ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 20 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ე...-ის“ ...ის ... „...ში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი წარდგენილი მასალების შესწავლის და №2-ე-13 ექსპერტის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების საფუძველზე, უნდა იყოს წაკიდება. დაცვის სამსახური „თბილისის“ და სახანძრო ქვედანაყოფების მხრიდან ...ის ... „...ში“ მომხდარი ხანძრის მაშტაბურობის და მიყენებული ზიანის ოდენობის შემცირება (ნაწილობრივ არიდება) შესაძლებელი იქნებოდა თუ ისინი ხანძრის ჩაქრობის საწყის ეტაპზე იმოქმედებდნენ მეთოდურად სწორად. ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ფიქსირდება ხანძრის დაგვიანებით აღმოჩენა; ხანძრის საწყის პერიოდში 5-6 წუთის განმავლობაში არავინ ფიქსირდება; დაცვამ არ გამოიყენა 50 ლიტრიანი „ოპ-50“ ცეცხლმაქრი; ხანძარმა მიიღო აღნიშნული მაშტაბები, როგორც კერების არსებობის, ასევე იმის გამო, რომ ...ის ... „...ის“ დაცვის სამსახურის და სახანძრო ქვედანაყოფების მხრიდან ხანძრის ჩაქრობის საწყის ეტაპზე მოქმედება იყო მეთოდურად არასწორი, აქედან ძირითადია: ხანძრის გვიან აღმოჩენა, 50-ლიტრიანი ცეცხლმაქრის არგამოყენება, კერების ლოკალიზაცია, წყლის ჭავლის გამოყენება ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, ქრობა შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანით, რაც უზრუნველყოფს გარედან ჟანგბადის (ჰაერის) მინიმალურ მიწოდებას (ტ.1, ს.ფ. 21-30); ბ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ...ის 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ხანძრის განვითარება განაპირობა ხანძრის გვიან აღმოჩენამ, სახანძრო ქვედანაყოფის ხანძრის საწყის ეტაპზე არასწორმა მოქმედებამ ქრობაზე (წყლის ჭავლი არ მიეწოდა ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით) და ხანძრის რამდენიმე კერის არსებობამ (ტ.3, ს.ფ. 264-273); გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების შესწავლითა და ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადაწყვეტა საკითხებისა - 2013 წლის 26 თებერვალს, ...ის ... „...ის“ შენობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე ტიპის მეთოდურად არასწორ ქმედებებს, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებას ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, აგრეთვე იყო თუ არა შესაძლებელი ქრობის დროს, შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანა - შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სს საქმის მასალებში საერთოდ არ არსებობს დასმულ კითხვებში არსებულ გარემოებებზე ანალიზის ჩატარებისათვის აუცილებელი მონაცემები (ტ. 1, ს.ფ. 438-442); დ) შპს აუდიტური ფირმა „...ას“ მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, 2013 წლის 26 თებერვლის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, შპს „ე...-ის“ მიერ მიღებულმა პირდაპირმა მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 042 848 ლარი. ზიანი აღნიშნული ოდენობით გამოწვეულია დაახლოებით 7500 კვ.მ დამწვარი და წყლის ჭავლით დაახლოებით 1700 კვ.მ დაზიანებული ფართების ექსპლუატაციისათვის უვარგისობისა და სრულად განადგურების გამო (ტ.1, ს.ფ. 32-36); ე) შპს „ფ...-ის“ აუდიტორული დასკვნის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს „ე...-ის“ მიერ ხანძრით დაზარალებულ პირებზე 2013 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 10 იანვრამდე გაცემული კომპენსაცია შეადგენს 123 686 ლარს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, შპს „ე...-ის“ მიერ ხანძრით დაზარალებულ პირებზე 2013 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე (კომპენსაციის გაცემა დასრულებულია 2017 წლის 31 დეკემბერს) გაცემული კომპენსაცია (საიჯარო გადასახდელებში შეღავათების გაკეთებით) შეადგენს 1 067 469 ლარს (ტ.1. ს.ფ. 351-359).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნენ დასკვნის შემდგენი ექსპერტები - რ.გ-ი, ლ.ქ-ი და ა.კ-ი. ექსპერტმა - რ.გ-იმა განმარტა, რომ როდესაც მას დაუკავშირდნენ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მან ვერ შეძლო დასკვნის შედგენა, რადგან ობიექტი აღდგენილი იყო. ექსპერტის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარება უნდა დაიწყოს ობიექტის გამოკვლევით. მნიშვნელოვანია ხანძრის გაჩენის კერის დადგენა. კერის დადგენიდან გამომდინარე ექსპერტს შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებები. ამ შემთხვევაში კი, რადგან ობიექტის გამოკვლევას ვერ განახორციელებდა, უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. ექსპერტის განცხადებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის მასალებში ასახული ინფორმაცია კერასთან დაკავშირებით, თუმცა გამომძიებელი არ არის სპეციალისტი და ის ზუსტად ვერ აღწერს ექსპერტიზისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტები იყვნენ ობიექტზე გასულნი, მაგრამ თვითონ უშუალოდ ვერ მოახდინეს ობიექტის გამოკვლევა და ამიტომ დასკვნას ვერ შეადგენდნენ. მოსამართლის შეკითხვაზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კვამლზე რეაგირებს, დამონტაჟებული რომ ყოფილიყო ობიექტზე, ხანძრის აღმოჩენა უფრო ადვილად მოხდებოდა. ექსპერტის - ლ.ქ-ის განმარტებით, ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა მომხდარიყო წყლის ჭავლის მიშვება. იგი ობიექტზეც იმყოფებოდა, ასევე დასკვნის შედგენისას დაეყრდნო სხვა მასალებთან ერთად ახსნა-განმარტებებს და ვიდეოფირებს. მოსამართლის შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კვამლზე რეაგირებს, დამონტაჟებული რომ ყოფილიყო, ხანძრის აღმოჩენა უფრო ადვილად მოხდებოდა და ნაკლები ფართი დაიწვებოდა. მისი განცხადებით, მართალია, ...ის გამზირის მხრიდან ვერ შევიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რადგან ჩაკეტილი იყო შესასვლელი, თუმცა სახანძრო-სამაშველო ჯგუფს სხვა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა, რომ ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. მათ მეთოდურად სწორად უნდა დაეგეგმათ ხანძრის ქრობა. მანვე დაადასტურა რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დრო, სადაც აღნიშნულია რომ ხანძრის აღმოჩენა მოხდა 56 წუთის დაგვიანებით, არის ტექნიკური შეცდომა და უნდა იყოს 5-6 წუთი. ექსპერტის - ა.კ-ის განმარტებით, ქრობის პერიოდში დროულად რომ გამოყენებულიყო სწორი მიმართულება, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდებოდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი სპეციალური მოწყობილობებით, აირწინაღებით რომ შესულიყვნენ და წყლის ჭავლი ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით რომ მიეშვათ, ამ ოდენობის ზიანი არ დადგებოდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არსებობისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. „ზიანის ანაზღაურების (როგორც ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისის, ასევე მიუღებელი შემოსავლის) მოვალეობის დაკისრების უმთავრესი წინაპირობა მიზეზობრივი კავშირია მოვალის ქმედებასა და ქმედების შედეგად დამდგარ ზიანს შორის, რაც დგინდება ე.წ. ეკვივალენტურობის თეორიის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისთვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს (,,ეკვივალენტურს“), თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვი შეიძლება აერთიანებდეს ერთ ან რამდენიმე, შემთხვევით ან მოსალოდნელ, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიზეზს. პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირისას უმნიშვნელოვანესია მიზეზებისა და დამდგარი შედეგის ფაქტობრივი ურთიერთკავშირის დადგენა. ამ მიზნით, დაზარალებული პირი ვალდებულია დაამტკიცოს როგორც ზიანის არსებობა, აგრეთვე მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება და ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად იმ პირმა ვისაც ზიანი მიადგა, უნდა წარადგინოს შე...მისი დოკუმენტები, რათა დაამტკიცოს, შესაძლებლობის ფარგლებში, ზიანის არა მარტო არსებობა, არამედ მისი რაოდენობა და ღირებულებაც“ (სუსგ საქმეზე №ბს-705(კ-21), 03.05.2022წ.).

ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის მართებულად გადაწყვეტისთვის, რაც განპირობებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესით, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, მხარე ვალდებულია უზრუნველყოს მისი მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით.

საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედება, რომელმაც მოსარჩელისათვის სარჩელში მითითებული ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ხანძრის აღმოჩენა მოხდა დაგვიანებით, საწყის ეტაპზე, სავაჭრო ...ის დაცვამ არ გამოიყენა 50-ლიტრიანი ცეცხლმაქრი, ...ის გამზირის მხრიდან ვერ შევიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რადგან ჩაკეტილი იყო შესასვლელი, არ იყო დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც რეაგირებს კვამლზე. ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით წყლის ჭავლის მისაშვებად, კონკრეტულად, რა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა სახანძრო სამსახურს, ექსპერტთა განმარტებით, ვერ დგინდება. საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას მეხანძრეები არ ყოფილან გამოკითხულნი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (1); სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (2).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დროს ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი შეკითხვა - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 20 სექტემბრის №003731313 კომპლექსური ექსპერტიზის მომზადების მიზნით, დამკვეთის - შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს VIII განყოფილების მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება თუ არა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (ყოფილი სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო) მხრიდან რაიმე ტიპის მეთოდურად არასწორი მოქმედება, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება ხანძრის გავრცელების საპირდაპირო მიმართულებით, ქრობა შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმადე დაყვანით, რაც უზრუნველყოფს გარედან ჟანგბადის (ჰაერის) მინიმალურ მიწოდებას და ა.შ.

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების შესწავლითა და ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადაწყვეტა საკითხებისა - 2013 წლის 26 თებერვალს, ...ის ... „...ის“ შენობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე ტიპის მეთოდურად არასწორ ქმედებებს, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებას ხანძრის გავრცელების საპირისპირო მიმართულებით, აგრეთვე იყო თუ არა შესაძლებელი ქრობის დროს, შენობის კონსტრუქციული დასაცავი ელემენტების მსხვრევის განხორციელების მინიმუმამდე დაყვანა - შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სს საქმის მასალებში საერთოდ არ არსებობს დასმულ კითხვებში არსებულ გარემოებებზე ანალიზის ჩატარებისათვის აუცილებელი მონაცემები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმის მასალებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებული ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება გამოიწვია უშუალოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა მოქმედებამ.

სასარჩელო ხანდაზმულობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციურ გარანტს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1). უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკაში სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებთან დაკავშირებით განვითარებულ მსჯელობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტის შემოღება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ვადების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, რათა უფლება დაუსრულებლად, განუსაზღვრელად არ იყოს საეჭვოობის ხასიათის მატარებელი. ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსთვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.

ვინაიდან, ხანდაზმულობა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლება-მოვალეობებზე, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი ათვლის მომენტი. ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის განსაზღვრის ზოგადი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ზოგადი წესის გამოყენებამდე, სასამართლოს ვალდებულებაა, შეამოწმოს, იმ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის განსხვავებული წესი. იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მოთხოვნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ (სპეციალურ) ვადებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც მოსარჩელე თავის უფლებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უკავშირებს ადმინისტრაციული ორგანოს არასათანადო და მეთოდურად არასწორს ქმედებას.

დელიქტური პასუხისმგებლობის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის განსაზღვრის სპეციალური წესი, პალატა ხელმძღვანელობს არა ზოგადი, არამედ სპეციალური დანაწესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ზოგადი წესის მსგავსად, ასევე დაწესებულია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წინაპირობები, რაც გულისხმობს დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ დაზარალებულის ინფორმირებას. მას შემდეგ, რაც უფლებაშელახული პირი შეიტყობს დელიქტით მიყენებული ზიანის ან ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობას, მას აქვს სამი წლის ვადა დარღვეული უფლების აღსადგენად. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სასამართლო წესით მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მოთხოვნის შესაძლებლობა, ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის შეტყობის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კანონმდებლობით, ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის ან ზიანის მიმყენებლის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის განმარტება ხანდაზმულობის ვადის 2013 წლის 20 სექტემბრიდან ათვლის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან უფლების დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 20 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის შედგენიდან. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს ადმინისტარციული ორგანოს მიერ მასზედ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებაზე, კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისთვის ზიანის მიყენება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა არ იმოქმედა სათანადოდ და მეთოდურად სწორად, ვერ უზრუნველყო შპს „ს...-“ ქონების გადარჩენა. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ...ის 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 ექსპერტის დასკვნა, რომლის ჩატარების საფუძველი იყო შპს „ე...-ის“ დირექტორის - პ.კ-ას 27.02.2013წ. მიმართვა. დასახელებული დასკვნის მიხედვით, ხანძრის განვითარება განაპირობა ხანძრის გვიან აღმოჩენამ, სახანძრო ქვედანაყოფის ხანძრის საწყის ეტაპზე არასწორმა მოქმედებამ ქრობაზე (წყლის ჭავლი არ მიეწოდა ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით) და ხანძრის რამდენიმე კერის არსებობამ. ამდენად, აღნიშულ დასკვნაში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომელსაც საბოლოოდ მოსარჩელე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნევს. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2013 წლის 18 მარტის №2-ე-13 ექსპერტის დასკვნის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის აპრილში, ხოლო სარჩელი კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 4 აგვისტოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანია უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა, მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურა არ წარმოადგენს ასეთ ორგანოს. კერძოდ, გამოძიების მიზანს წარმოადგენდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება და არა მოსარჩელის მოთხოვნის არსებობის დადგენა ან/და მისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საგამოძიებო ორგანოები მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას ვერ დაადასტურებდნენ. საგამოძიებო ორგანოსათვის მიმართვის გზით ვერ განხორციელდებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ პროკურატურისათვის მიმართვას არ გამოუწვევია მოპასუხეთა მიმართ არსებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა’’ (იხ. საქმე №ას-1544-1464-2017, 3 ივლისი, 2019 წელი; საქმე №ას-193-2023, 20 სექტემბერი, 2023 წელი). უზენაესი სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის, არამედ დავის საგნისა და ფაქტობრივი საფუძვლის იგივეობა (იხ. საქმე №ას-591-2019, 15 მაისი, 2020 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2013 წლის 13 ივნისის დადგენილებით შპს „ე...-ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ს...“) დაზარალებულად ცნობა (ტ.1, ს.ფ. 157-158) ვერ გახდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით ბრალეული პირის დადგენის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სწორედ იმ საქმეშია მოსარჩელე ცნობილი დაზარალებულად. სასარჩელო განცხადება კი, დაფუძნებულია ხანძრის გაჩენის შემდგომ, მოსარჩელის მოსაზრებით, ხანძრის ჩაქრობისას ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების უკანონობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის პროკურატურა არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს. საქმის მასალებით კი, არ დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიემართა სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსათვის და წარედგინა განცხადება მოთხოვნის არსებობის თაობაზე, რის გამოც მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის დანაწესი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს...-“ (შპს „ე...-ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება;

3. შპს „ს...-“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია