დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1094-1333-05 21 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «შ. ზ . ა. ბ-ის» მიმართ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში უკანონოდ შეტანილი თანხის ანაბრის სახით დაბრუნების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელემ მოპასუხე ბანკში გახსნა ¹110764 საანაბრო ანგარიში, რის დამადასტურებლადაც გაფორმდა საანაბრო წიგნაკი. მხარის დანაზოგმა შეადგინა 46824,09 ლარი. მითითებული თანხა, შ. დ-ძესთან შეუთანხმებლად, ბანკის ადმინისტრაციამ გადაიყვანა საზოგადოების კაპიტალში აქციების სახით, რაც მოსარჩელის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ანალოგიური საფუძვლებითა და მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს ნ. ა-ძემ და რ. ბ-ძემ. ნ.ა-ძემ მოითხოვა მოპასუხე ბანკში გახსნილი ¹110873 ანგარიშზე ანაბრის სახით შეტანილი 45569 ლარის, ხოლო რ.ბ-ძემ ¹110888 ანგარიშზე _ 10249 ლარის დაბრუნება. მითითებული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სს «შ. ზ . ა. ბ-ის» წარმომადგენელმა შ. დ-ძის, ნ. ა-ძისა და რ. ბ-ძის სარჩელები არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1998წ. 11 აგვისტოს მოსარჩელე შ.დ-ძემ განცხადებით მიმართა ბანკის ადმინისტრაციას ანაბრის სახით შეტანილი თანხის საწესდებო კაპიტალში აქციებად შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება. მოგვიანებით მოსარჩელის ანაბარი კვლავ აღდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის რევიზიამ შ.დ-ძე სს «შ. ზ . ა. ბ-ის» აქციონერად მიიჩნია და სადავო თანხა აქციების სახით დაბრუნდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. ამასთან, შ.დ-ძის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მოპასუხემ ნ.ა-ძისა და რ.ბ-ძის სარჩელები არ ცნო ანალოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით, თუმცა განმარტა, რომ ამ უკანასკნელთა წერილობითი მოთხოვნა ანაბრის საწესდებო კაპიტალში გადატანის შესახებ ბანკში ვერ მოიძებნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა _ სს «შ. ზ . ა. ბ-ს» დაევალა შ. დ-ძის პირადი ანაბრის ¹110764 ანგარიშზე საზოგადოების კაპიტალში აქციის სახით გადატანილი 46824 ლარის, რ. ბ-ძის პირადი ანაბრის ¹110888 ანგარიშზე _ 10249,96 ლარისა და ნ. ა-ძის პირადი ანაბრის ¹110873 ანგარიშზე _ 45569 ლარის აღდგენა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სს «შ. ზ . ა. ბ-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებ- გამო: მოსარჩელეთა საანაბრო წიგნაკების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები იყვნენ სს «შ. ზ . ა. ბ-ის» მეანაბრეები. 2002წ. მდგომარეობით შ. დ-ძეს პირადი ანაბრის ¹110764 ანგარიშზე ერიცხებოდა 46824,09 ლარი, ნ. ა-ძეს პირადი ანაბრის ¹110873 ანგარიშზე _ 45569 ლარი, ხოლო რ. ბ-ძეს პირადი ანაბრის ¹110888 ანგარიშზე _ 10249,96 ლარი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 1998წ. 30 სექტემბერს ზემოხსენებულ ანგარიშზე არსებული შ.დ-ძის კუთვნილი 47414 ლარი ბანკის ადმინისტრაციამ სააქციო საპაიო თანხის სახით გადარიცხა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. 2000წ. 27 მარტს საპაიო ფონდიდან თანხა ანაბარზე დაბრუნდა. ნ.ა-ძისა და რ.ბ-ძის თანხები ანალოგიურად იქნა გადატანილი ანაბრიდან საპაიო ფონდში და შემდგომ დაბრუნდა მათ კუთვნილ საანაბრო ანგარიშზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ კომერციული ბანკის, მათ შორის, აქციონერთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სრული უფლებამოსილება გადადის ბანკის დროებით ადმინისტრაციაზე, რის გამოც მას, აქციონერთა კრებასა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე, მეანაბრეთა თანხების საწესდებო კაპიტალში გადატანის უფლება ჰქონდა იმ დასაბუთებით, რომ «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 59-ე და «კომერციული ბანკის შესახებ» კანონის 33-ე მუხლები ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრაციას აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრაციის სრულ უფლებამოსილებას ანიჭებს, თუმცა ხსენებული ნორმები საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების გადაცემას არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბანკის დროებით ადმინისტრაციას მოსარჩელეთა თანხების საწესდებო კაპიტალში გადატანისა და მოსარჩელეთა აქციონერებად მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 51.2 მუხლის შესაბამისად, არ შეუქმნია და ისინი საზოგადოების აქციონერთა რეესტრში არ დაურეგისტრირებია. სასამართლომ პირის აქციონერად მიღებისათვის საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე შეტანილი შ.დ-ძის განცხადება და აპელანტის განმარტება, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებით საზოგადოებას მიმართეს რ.ბ-ძემ და ნ.ა-ძემაც. სასამართლოს მითითებით, შ.დ-ძის განცხადება ბანკში შევიდა 1998წ. 11 აგვისტოს, რა დროსაც, კერძოდ, იმავეწ. 23 ივნისიდან, ეროვნული ბანკის ¹54 ბრძანებით მოპასუხე საზოგადოებას დაენიშნა დროებითი ადმინისტრატორი, ხოლო ბანკის აქციონერთა, სამეთვალყურეო საბჭოსა და საზოგადოების სახელით რაიმე ვალდებულების აღების უფლებამოსილების მქონე სხვა პირების უფლებების მოქმედება შეჩერდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით ადმინისტრატორს სამეწარმეო კანონმდებლობისა და თავად მეანაბრეების სურვილის გვერდის ავლით აქციონერად მათი მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დროებითი ადმინისტრატორის ზემოხსენებული შეცდომა შ.დ-ძისა და ნ.ა-ძისათვის ანაბრის 2000წ. 27 მარტს, ხოლო რ.ბ-ძისათვის _ 2002 წელს დაბრუნებით გასწორდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა ანაბრის საზოგადოების კაპიტალში აქციების სახით გადატანით საზოგადოების კაპიტალმა განიცადა ცვლილება, რისთვისაც «კომერციული ბანკების შესახებ» კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობა დროებით ადმინისტრაციას არ გააჩნდა. სასამართლოს მოსაზრებით, დაირღვა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 3.3 მუხლის მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის შემცირებისას საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანისა და საწესდებო კაპიტალის შემცირების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. «კომერციული ბანკების შესახებ» კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 25 მაისის ¹124 ბრძანებისა და 1999წ. 21 ივნისის წერილის დანაწესებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების საწესდებო კაპიტალი ფულადი თანხებით ან ნატურით არ შევსებულა, არამედ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 874-ე მუხლით და მიუთითა, რომ ანაბრის დაბრუნების ვადის დადგომის მიუხედავად, მოპასუხე ბანკი თანხას ვერ დააბრუნებს, ვინაიდან იგი, მეანაბრეებთან შეუთანხმებლად, გადაიტანა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აქციის სახით, რითაც ამ უკანასკნელთა უფლებები ირღვევა.
2005წ. 24 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ.დ-ძის, რ.ბ-ძისა და ნ.ა-ძის წარმომადგენელმა, რომელმაც, სსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ბანკის უძრავი ქონების დაყადაღება.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო სს «შ. ზ . ა. ბ-ის» კუთვნილ ქ.ბათუმში, ... ქ.¹13-ში მდებარე შენობას, ქ.ქობულეთში, ... მდებარე ბანკის ფილიალის შენობებს, ასევე, აჭარის ცენტრალურ ბანკში სს «შ. ზ . ა. ბ-კის» სალიკვიდაციო ანგარიშსა და სს «პ-ის» აქციების მოპასუხის კუთვნილ 21,75%-ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შემდგომში მის აღსრულებას გაართულებდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე სს «შ. ზ . ა. ბ-მა» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ბანკის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნა შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. 1 დეკემბერს სს «შ. ზ . ა. ბ-ში» დროებითი ადმინისტრაცია გაუქმდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანიშნა ბანკის ლიკვიდატორი, რომელსაც დაევალა სს «შ. ზ . ა. ბ-ის» სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელება. მხარის განმარტებით, საზოგადოების აქტივებზე ყადაღის დადებით სააპელაციო სასამართლომ სალიკვიდაციო კომისიასა და ლიკვიდატორს შეუზღუდა «კომერციული ბანკების საქმიანოების შესახებ» კანონის 37-ე მუხლის მესამე პუნქტით, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.2 მუხლითა და «ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ» კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი. ამ ღონისძიების არსებობის პირობებში კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეთა თანხმობის გათვალისწინებით, დაყადაღებული ქონებიდან ამოირიცხა ქ.ქობულეთში, ... ქ. მდებარე შენობები, ხოლო დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებ- გამო: სასამართლომ ყადაღის მოხსნის შესახებ კერძო საჩივრის არგუმენტი არ გაითვალისწინა და მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა, ანაბრის სახით შეტანილი თანხების საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აქციებად უკანონოდ გადატანის გამო, მეანაბრეებთან შედარებით ქონების განაწილებისას რიგითობითი უპირატესობა დაკარგეს. ამდენად, მათი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სამართლიანია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ღონისძიების გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს გადაწყვეტილების აღსრულებისას დაყადაღებული ქონების მხოლოდ მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოყენებას, არამედ სადავო ქონება შევა საზოგადოების საერთო ქონებაში, რომლითაც კრედიტორთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიუთითა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.3 და 51-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ქონების განაწილება უნდა შეეჩერებინა პარტნიორთა შორის დავის გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 მაისის გადაწყვეტილება სს «შ. ზ . ა. ბ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ.დ-ძის, ნ.ა-ძისა და რ.-ძის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «კომერციული ბანკების საქმიანოების შესახებ», «ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ» და «მეწარმეთა შესახებ» კანონები, არ გამოიყენა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა მოსარჩელეთა სიტყვიერ განმარტებებს, ხოლო მოპასუხის წარდგენილ მტკიცებულებებს სათანადო შეფასება არ მისცა.
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა «ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 33-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტს, რომელთა მიხედვით საზოგადოების დროებით ადმინისტრაციაზე გადავიდა კომერციული ბანკის ყველა ორგანოს უფლებამოსილება.
კასატორმა მიუთითა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ დროებითი ადმინისტრაციის უფლებაზე _ მიიღოს ზომები ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, ასევე, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის უფლებაზე, სხვა საჭირო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდა ბანკის ყველა ორგანოს, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა. სასამართლომ არ გაითვალისწინა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მეხუთე ნაწილის დანაწესი, კანონთა კოლიზიისას ამ კანონის უპირატესობის შესახებ. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა კასატორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, მხარის განცხადებებს, მეანაბრეთა პირადი ბარათების, ასევე, საზოგადოების სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებს და არასწორად ჩათვალა, რომ თანხების აქციების სახით გადატანა მოხდა მოსარჩელეთა ნებისგან დამოუკიდებლად. კასატორთა მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები მეანაბრეები, გააჩნდათ თუ არა ანაბრის ხელშეკრულებები, რა წარმომავლობის თანხები დაფიქსირდა პირად ბარათებზე, რის საფუძველზე დაიხურა სხვა მეანაბრეთა ანგარიშები და როგორ მოხდა ნეიტრალურ მეანაბრეთა თანხები მოპასუხეთა ანაბარზე. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია ანაბრის წიგნაკების გაცემის დროსა და ნამდვილობაზე. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან პალატა უთითებს, ერთი მხრივ, ბანკის ლიკვიდატორის მიერ 2000-2002 წლებში მეანაბრეთათვის თანხების დაბრუნებით დროებითი ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირების დაუშვებლობაზე.
სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა კასატორის მიერ საქმის განხილვისას წარდგენილ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად 2005წ. 17 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეები რეგისტრირებულნი იყვნენ საზოგადოების აქციონერებად. ამდენად, არასწორია სასამართლოს მითითება, თითქოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საწესდებო კაპიტალის შემცირება ან გაზრდა დაიშვება მხოლოდ კომერციული ბანკის ან დროებითი ადმინისტრაციის ფუნქციონირების, და არა ბანკის ლიკვიდაციისას. ამდენად, ლიკვიდატორს აქციონერთა მეანაბრეებად გადაყვანის უფლებამოსილება არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი: შ. დ-ძე, ნ. ა-ძე და რ. ბ-ძე იყვნენ სს «შ. ზ . ა. ბ-ის» მეანაბრეები. 2002წ. მდგომარეობით შ. დ-ძეს პირადი ანაბრის ¹110764 ანგარიშზე ერიცხებოდა 46824,09 ლარი, ნ. ა-ძეს პირადი ანაბრის ¹110873 ანგარიშზე _ 45569 ლარი, ხოლო რ. ბ-ძეს პირადი ანაბრის ¹110888 ანგარიშზე _ 10249,96 ლარი. სს «შ. ზ . ა. ბ-ის» მიერ შ. დ-ძის ანაბარზე რიცხული 47414 ლარი 1998 წელს გადარიცხულ იქნა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში, როგორც სააქციო საპაიო თანხა. ასევე საწესდებო კაპიტალში გადატანილ იქნა ნ. ა-ძისა და რ. ბ-ძის ანგარიშებზე რიცხული თანხები. მათი თანხები ანაბრებზე დაბრუნდა 2000წ. 27 მარტს, ხოლო რ. ბ-ძეზე რიცხული თანხა 2002 წელს. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე ნ. ა-ძისა და რ. ბ-ძის ანაბრებზე რიცხული თანხების განკარგვისას არ არსებობდა მათი წერილობითი თანხმობა, ხოლო მოსარჩელე შ. დ-ძის 1998წ. 11 აგვისტოს განცხადების მიუხედავად, რომლითაც იგი ითხოვს ბანკის აქციონერად გახდომას, მის ანაბარზე რიცხული თანხაც დაბრუნებულ იქნა 2000წ. 27 მარტს. ასევე დადგენილია, რომ დასახელებული თანხები აქციების სახით ისევ გადატანილ იქნა საზოგადოების კაპიტალში.
ზემოხსენებულ გარემოებებზე კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ისინი, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
«მეწარმეთა შესახებ» კანონის 59.2 მუხლის შესაბამისად, დასაშვებია ახალი აქციების გამოშვების გზით საწესდებო კაპიტალის გაზრდა. გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ იწვევს საზოგადოების წესდების ცვლილებას. ამავე ნორმის შესაბამისად, აქციების გაცემა ხდება კერძო და საჯარო შეთავაზების გზით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვისა და ნორმალური სამოქალაქო წესრიგის პირობებში აქციების გამომშვები საზოგადოების არც ერთ ორგანოს არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ დააკისროს საკუთარი აქციების შეძენა სამოქალაქო ურთიერთობის სხვა მონაწილეს. ბუნებრივია, რომ ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია არც ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 51.2 მუხლის თანახმად აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით. ამავე კანონის 51.4 მუხლის შესაბამისად, იმ საწარმოს აქციების გადაცემა, რომლის რეესტრსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ხდება კანონით გათვალისწინებული წესების მიხედვით. სხვა შემთხვევებში აქციების გადაცემა ხდება საზოგადოების აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. ამასთან, აქციონერზე გაიცემა აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, რომელთა შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნებს და მასში მითითებული უნდა იყოს: აქციის ნომინალური ღირებულება, აქციონერის სახელი და გვარი, აქციის გამოშვების თარიღი და კლასი. ასევე სავალდებულოა, რომ აქციონერს აღნიშნული ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთი მაინც მიეცეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეების აქციონერად მიღებისას საერთოდ არ შექმნილა კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისი დოკუმენტები და ისინი არ დარეგისტრირებულან არც აქციათა დამოუკიდებელი რეგისტრატორის და არც საზოგადოების აქციათა რეესტრში.
სკ-ის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი. ანაბრის ხელშეკრულება წარმოშობს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს შეთანხმებული მოქმედების შესრულება, ვინაიდან მეანაბრეს მხოლოდ უფლებები გააჩნია და ბანკს კი ვალდებულებები. ფიზიკური პირების საანაბრო ანგარიშზე შეტანილ თანხებზე საბანკო ოპერაციები არ ტარდება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუკი ანაბარი შეტანილია მიმდინარე ანგარიშზე და მეანაბრე საკრედიტო დაწესებულებას აძლევს დავალებას საანგარიშსწორებო მომსახურების შესახებ. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად კი კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამდენად, მოვალის მხრიდან შეთანხმებული მოქმედების Nნაცვლად სხვა მოქმედების განხორციელება, კრედიტორის თანხმობის გარეშე, ვალდებულების შეუსრულებლობად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ... მდებარე სს «შ. ზ . ა. ბ-ის» კუთვნილ ქონებას. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაასაბუთა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ბანკის ქონებაზე ყადაღის დადება შეუზღუდავს სალიკვიდაციო კომისიასა და ლიკვიდატორს თავიანთი საქმიანობის განხორციელებას, კერძოდ, მოახდინონ ბანკის აქტივების რეალიზაცია კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც ირკვევა, მოპასუხის ქონების მხოლოდ ნაწილი იქნა დაყადაღებული, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხოლოდ ამ პროცესის მონაწილე პირთა მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა შეეხება მათი კუთვნილი თანხების მათ დაუკითხავად საზოგადოების კაპიტალში გადატანას, რითაც ლიკვიდაციის მიმდინარეობისას დაკარგეს ქონების განაწილებისას რიგითობითი უპირატესობა აქციის მფლობელებთან შედარებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო და კერძო საჩივრების დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «შ. ზ . ა. ბ-ის» საკასაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის და ამავეწ. 27 მაისის განჩინებები.
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.