დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.03.2005
საქმის ნომერი
ას-1103-1305-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1103-1305-04 2 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მამად ცნობა, მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. უ-ის მიმართ მამობის დადგენის, არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების, მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1995 წლიდან 1998წ. 19 იანვრამდე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. დ-თან, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, თ. ლ-ე. სამშობიარო სახლში მან თანხმობა განაცხადა, რომ შვილი ჩაწერილიყო თავის გვარზე. 1998წ. 19 იანვარს გარდაიცვალა ბაშვის დედა მ. დ-ი. მამის ფინანსური დახმარებით, ბავშვს უვლიდა დეიდა შ. დ-ი, რომლებიც ცხოვრობდნენ მის ბინაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბებიამ და დეიდამ დაუმალეს ბავშვის დაბადების მოწმობა და აუღეს ახალი, რომელშიც ბავშვის გვარად მითითებულია დედის გვარი დ-ი, მამის სახელად კი დედის მამის სახელი, ხოლო ბებიასესმა უჯირაულს გაფორმებული აქვს ბავშვის მეურვეობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ლ-ემ მოითხოვა მამობის დადგენა, არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება და მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტა. მოგვიანებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით და მოპასუხედ საქმეში ჩაება შ. დ-ი, როგორც მეურვე.

მოპასუხე შ. დ-მა სარჩელი არ ცნო. მან აღიარა გ. ლ-ის მამობა და განმარტა, რომ მ. დ-ის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც გ. ლ-ე არ იჩენდა მამობრივ მზრუნველობას ბავშვის მიმართ, აგრეთვე, მიუთითა, რომ იგი ბავშვზე ზრუნავდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მზრუნველობის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ლომიძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ლ-ე ცნობილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვის - თ. დ-ის მამად, თ. დ-ს მიეკუთვნა გვარი – ლ-ე, ხოლო მამის სახელად ჩაეწერა გ. და იწოდება თ. ლ-ედ, დაბადებული 19....წ. 8 აგვისტოს. თ. ლ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში შევიდა ცვლილება და მამის გრაფაში მიეთითა: გ. ლ-ე, დაბადებული 5.06.19.... წ. ქართველი, თ.ლ-ის მიმართ შეწყდა მზრუნველობა და გაუქმდა 2000წ. 27 ივლისის ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის განათლების განყოფილებისა და მზრუნველობის კომისიის ¹4/2 გადაწყვეტილება შ. დ-ის თ. დ-ის მეურვედ დანიშვნის შესახებ. არასრულწლოვანი ბავშვი თ. ლ-ე, დაბადებული 19....წ. 8 აგვისტოს აღსაზრდელად გადაეცა მამას – გ. ლ-ეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ლ-ე და მ. დ-ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თ. დ-ი-ლ-ე. სადავო არ არის, რომ გ. ლ-ე ბავშვის ბიოლოგიური მამაა და იგი ზრუნავდა მასზე, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

სასამართლომ სკ-ის 1190-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ არასრულწლოვან თ. დ-ის მამად აღიარებული უნდა იქნეს გ. ლ-ე, ხოლო ამავე კოდექსის 1195-ე მუხლის საფუძველზე ბავშვს მიეკუთვნა მამის გვარი ლ-ე და დაბადების აქტის ჩანაწერებში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები გვარისა და მამის გრაფაში. რაც შეეხება მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსი 1304-ე მუხლის თანახმად, მზრუნველობა შეწყდება იმ მიზეზის აღმოფხვრის გამო, რამაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბავშვის მამა დადგენილია და, შესაბამისად, უნდა შეწყდეს ბავშვზე მზრუნველობაც.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ე არის ბავშვის მამა, სკ-ის 1275-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ბავშისთვის მზრუნველის დანიშვის საფუძველი და სასამართლომ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა ბავშვის მამისათვის აღსაზრდელად გადაცემა, ხოლო 7 წლის ბავშვის საქმეში ჩართვა და მისი აზრის გათვალისწინება სასამართლომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და აგკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-მა და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაირღვა მისი და ბავშვის უფლებები, კანონიერი ინტერესები.

შ. დ-ის განმარტებით, გ. ლ-ე წლების განმავლობაში თავს არიდებდა მშობლის მოვალეობის შესრულებას. სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელე ასრულებდა მშობლის მოვალეობას, ზრუნავდა ბავშვზე, როგორც მატერიალურად, ისე _ ფიზიკურად, სიმართლეს არ შეესაბამება.

სკ-ის 1204-ე მუხლით, მშობელს უფლება აქვს, სასამართლოს წესით მოითხოვოს არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კასატორის განმარტებით, იგი თავისი დისშვილის მეურვეა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, შ. დ-ი მიუთითებს, რომ სასამართლომ, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ბავშვის ჩართვა პროცესში და მისი აზრის გათვალისწინება, საჭიროდ არ ჩათვალა, რითაც დაარღვია სსკ-ის 81-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე, მისი აზრით, სასამართლოში მამობის დადგენაზე განცხადების შემტანი უნდა იყოს ის, ვის კმაყოფაზეც არის ბავშვი, ე.ი. მზრუნველი და არა გ. ლ-ე. აღნიშნულის გათვალისწინებით,სსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ გ. ლ-ე არის ბავშვის მამა.

სკ-ის 1204-ე მუხლით, მშობელს უფლება აქვს, სასამართლოს წესით მოითხოვოს არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

სამოქალაქო კოდექსი 1304-ე მუხლის თანახმად, მზრუნველობა შეწყდება იმ მიზეზის აღმოფხვრის გამო, რამაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

სკ-ის 1196-ე მუხლის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად მიმართონ სასამართლოს თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გ. ლ-ე არ ასრულებდა მშობლის მოვალეობას და არ ზრუნავდა შვილზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. ლ-ეს ურთიერთობა ჰქონდა შვილთან და ზრუნავდა მასზე.

მოცემულ შემთხვევაში ბავშვს გარდაეცვალა დედა, მისი ერთადერთი მშობელია მოწინააღმდეგე მხარე გ. ლ-ე, რომელიც გამოხატავს ბავშვზე ზრუნვის სურვილს და ითხოვს ბავშვის გადაცემას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად 7წ. ბავშვის პროცესში მხარედ ჩართვა, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებითაც სწორია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს შვიდიწ. ბავშვის აზრის გათვალისწინებას.

კასატორის მითითება ასევე უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში მამობის დადგენაზე განცხადების შემტანი უნდა იყოს ის პირი, ვის კმაყოფაზეც ბავშვი იმყოფება. ასეთ ნორმაზე თვით კასატორიც ვერ მიუთითებს.

პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქოსასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.