გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1123-1369-05 21 სექტემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. თ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. კ-ძის მიმართ და სადაც მიუთითა, რომ 1974წ. ნოემბერში საცხოვრებელი სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი შეისყიდა გ. კ-ძემ. მას შემდეგ ყოველნაირად ზღუდავენ და ავიწროებენ. გ.კ-ძეს საკუთრებაში გააჩნია ორი მსუბუქი ავტომანქანა და 1995 წელს საერთო სარგებლობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში თვითნებურად, ყოველგვარი პროექტისა და ნებართვის გარეშე მოაწყო ხის ფარდული, რომელსაც ავტოფარეხად იყენებს, რითაც უხეშად ირღვევა სახანძრო ნორმები და შექმნილია ხანძარსაშიში მდგომარეობა. მ. თ-შვილმა მოითხოვა გ.კ-ძის მიერ საერთო საკუთრების საკარმიდამო ნაკვეთში თვითნებურად აგებული არაკაპიტალური, ხანძარსაშიში ფარდულისა და შესასვლელი კიბისათვის თვითნებურად მოწყობილი შეფიცვრის აღება, აგრეთვე, მის მიერ სარდაფის სართულის საერთო სარგებლობის დერეფნისა და მისი დამხმარე სათავსების კედლების სხვადასხვა საოჯახო ნოვთებისაგან გამოთავისუფლება, მსუბუქი ავტომანქანების ეზოს შესასვლელ ნაწილში, მის ფანჯრებთან, დაყენების აკრძალვა და საქათმის იმავე ადგილზე განთავსება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სარჩელი გ. კ-ძის მიმართ, საერთო საკუთრების საკარმიდამო ნაკვეთის თვითნებურად აგებული არაკაპიტალური ნაგებობების აღების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეები 1974 წლიდან ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ... საერთო სარგებლობის ეზოში. დადგენილად ცნო ისიც, რომ სადავო ფარდული და შესასვლელი კიბისათვის მოწყობილი შეფიცვრა მოწყობილია 1984 წლამდე. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ფარდული მოპასუხის მიერ მოწყობილია 1995 წელს, რადგან მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-შვილმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. კ-ძეს აეკრძალა ქ.ქუთაისში, ... მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მ. თ-შვილის ფანჯრების წინ ავტომანქანის დასაყენებლად ადგილის გამოყენება; დაევალა გ. კ-ძეს გადაიტანოს საქათმე მისი საცხოვრებელი ბინის მხარეზე მდებარე საერთო სარგებლობის საბაღე მიწის ნაკვეთზე; მ. თ-შვილის სხვა სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი და არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ.კ-ძის საცხოვრებელ სახლში შესასვლელ კიბეზე გაკეთებული ფანერის შეფიცვრა ხელს არ უშლის მ.თ-შვილს და ამდენად, მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულიც რომ არ იყოს, იმ მოტივით, რომ აღნიშნული აბნელებს მის საცხოვრებელ ოთახს, არის უსაფუძვლო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება საერთო სარგებლობის სარდაფისა და მისი საკუთრების სათავსის კ-ძეების საოჯახო ნივთებისაგან გამოთავისუფლების შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ სადავო სათავსი წარმოადგენს საერთო საკუთრებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. თ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებთა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ’ არ გამოიყენა სკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, 957-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 220-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ნაგებობების მოწყობის თარიღად უნდა ჩაითვალოს 2004 წელი, ვინაიდან თვლის, რომ საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ტექნიკურ გეგმა-ნახაზზე ინვენტარიზაციის თარიღად მითითებულია 2004 წელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოსარჩელე მ. თ-შვილმა მოითხოვა გ.კ-ძის მიერ საერთო საკუთრების საკარმიდამო ნაკვეთში თვითნებურად აგებული არაკაპიტალური, ხანძარსაშიში ფარდულისა და, ასევე, შესასვლელი კიბისათვის თვითნებურად მოწყობილი შეფიცვრის აღება, აგრეთვე, მის მიერ სარდაფის სართულის საერთო სარგებლობის დერეფნისა და მისი დამხმარე სათავსების კედლების სხვადასხვა საოჯახო ნოვთებისაგან გამოთავისუფლება, მსუბუქი ავტომანქანების ეზოს შესასვლელ ნაწილში, მის ფანჯრებთან დაყენების აკრძალვა და საქათმის იმავე ადგილზე განთავსება.
საკასაციო სასამართლო ამოწმებს სამართლებრივი შეფასების სისწორეს, მისი შესაბამისობას სამართლის ნორმის შემადგენლობის აბსტრაქტულ ნიშნებთან, ნორმის აზრსა და შინაარსთან. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დგინდება, თუ რომელი ფაქტები მიიჩნია სასამართლომ დადგენილად და, შესაბამისად რომელი ფაქტები შეაფასა მან იურიდიულად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ გაიზიარა მ. თ-შვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არაკაპიტალური, ხის ფარდულის აგების დროდ უნდა ჩაითვალოს 2004წ. აგვისტოს გეგმა-ნახაზში აღნიშნილი ფარდულის მითითების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესწავლით მიიჩნია სასამათლომ, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია, და რა ფაქტორები მიუთითებენ 2004წ. აგვისტოს გეგმა-ნახაზის, როგორც ამ ფარდულის, აგების დროდ არ გაზიარების შესახებ.
სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დადგენისათვის აუცილებელია არსებობდეს ობიექტური და სუბიექტური მომენტები. კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურ მომენტად, ანუ უფლების დარღვევის ფაქტად ითვლება სადავო ფარდულის აშენების ფაქტი, რაც თავისთავად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტად. ამასთან ერთად, აუცილებელია სუბიექტური მომენტის არსებობა, ანუ მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დადგენისათვის მნიშვნელობა აქვს როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ ფარდულის აშენების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნება, რომ აღნიშნული ფარდული აშენებულია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, ამ შემთხვევაში სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსი. ამრიგად, სადავო ფარდულის აშენების შესახებ დროის დადგენასთან ერთად სასამართლომ უნდა დაადგინოს საკითხი იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაეგო კასატორს თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.
კანონმდებელი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს პირის ბრალზე, რომლის თანახმად, მან თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია გარემოებები, რომლითაც დადგინდებოდა ობიექტური და სუბიექტური მომენტი, კერძოდ, აპელაციას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ფარდულის აგებისა და ამის შესახებ კასატორის ცოდნის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გ. კ-ძის საცხოვრებელ სახლში, შესასვლელ კიბეზე, გაკეთებული ფანერის შეფიცვრა ხელს არ უშლის მ. თ-შვილს იმ მოტივით, რომ იგი არ აბნელებს მის საცხოვრებელ ოთახს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მ. თ-შვილის მოთხოვნა საერთო სარგებლობის სარდაფისა და მისი საკუთრების სათავსის კ-ძეების საოჯახო ნივთებისაგან გამონთავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლის გეგმა ნახაზის მიხედვით, აღნიშნული სათავსი ნაჩვენებია საერთო საკუთრებად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული (ამდენად არ არის გამოკვლეული) იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გამოკვლევის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. კ-ძის საცხოვრებელ სახლში შესასვლელ კიბეზე გაკეთებული ფანერის შეფიცვრა არ აბნელებს მ. თ-შვილის საცხოვრებელ ოთახს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რამდენად აღნიშნული საკითხის გამოკვლევა მოითხოვს სპეციალური ცოდნას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მხარეთა საერთო საკუთრებას სასამართლომ უნდა იმსჯელოს საზიარო საგნის მართვის მართლზომიერებაზე. კერძოდ, კასატორი (მოსარჩელე) ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებებზე, რომ სარდაფი და სათავსი დაკავებულია კ-ძეების საოჯახო ნივთებით, რითაც მას ადგება ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულია სკ-ის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ სასამართლო არ მსჯელობს იმაზე ადგება თუ არა ზიანი მოსარჩელეს მოპასუხის მიერ საზიარო საგნით სარგებლობისას.
ამისათვის სასამართლო უნდა დაადგინოს მოპასუხის მიერ აღნიშნული მოქმედებებით დაირღვა თუ არა წილთა თანაფარდობა (სკ-ის 995-ე მუხლი). ასევე სასამართლომ უნდა დაადგინოს სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე მართლზომიერად ახორციელებს თუ არა სამოქალაქო უფლებებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს აღნიშნულ ურთიერთობას, ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მ. თ-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.