დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1177-1421-05 11 აპრილი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ს-ის» დირექტორმა ა.ბ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს «მ-ისათვის» 28122 ლარის დაკისრების თაობაზე გადახდის ბრძანების გამოტანის მოთხოვნით. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის გადახდის ბრძანებით შპს «ს-ის» მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაზედაც შპს «მ-ამ» შეიტანა შესაგებელი. ამავე სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული გადახდის ბრძანება გაუქმდა და დაინიშნა საქმის სასარჩელო წესით განხილვა. შპს «ს-ამ» სარჩელი წარადგინა სასამართლოში მოპასუხე შპს «მ-ის» მიმართ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წელს განათლების სამინისტროს დაკვეთით შპს «ს-ამ» დაბეჭდა სასკოლო დოკუმენტაცია, რომლის რეალიზაცია იმავე სამინისტროს ბრძანებით დაევალა მოპასუხე შპს «მ-ას», რადგან მითითებული მომენტისათვის აღნიშნული საზოგადოებები წარმოადგენდნენ სახაზინო საწარმოებს. 1998-1999 წლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სულ 46920 ლარის ღირებულების სასკოლო ჟურნალები, მოახდინა მათი რეალიზაცია, ხოლო შპს «ს-ას» ჩაურიცხა დავალიანების მხოლოდ ნაწილი _ 20539 ლარი. მხარეთა ბუღალტრების მიერ შედგენილი 2000წ. 10 აპრილის შედარების აქტით მოპასუხემ დარჩენილი 26381 ლარის გადახდის ვალდებულება აღიარა, თუმცა მოგვიანებით თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების _ 26381 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 686 ლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 1055 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 1998-1999 წლებში «მ-ამ» «ს-იდან» მინდობილობების საფუძველზე სარეალიზაციოდ მიიღო სასკოლო დოკუმენტაცია, რისი ღირებულებაც მოსარჩელეს აუნაზღაურდა. მოსარჩელეს თავად აქვს შეუსრულებელი ვალდებულებანი მოპასუხის მიმართ, რომელთა შესახებ მოპასუხემ თავის შეგებებულ სარჩელში მიუთითა, თუმცა იგი სასამართლომ განუხილველი დატოვა ბაჟის გადაუხდელობის გამო. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი 2002წ. 10 აპრილის შედარების აქტის ასლი ყალბია, აღნიშნული დოკუმენტის დედანი არ არსებობს, შესაბამისად, შპს «მ-ას» დავალიანების არსებობა არ უღიარებია. მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურები შევსებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, არასწორი გაანგარიშებებით, გაზრდილი ფასებით, გაყიდვის პირობებისა და გადახდის თარიღის მიუთითებლად. შპს «ს-ას» სადავო ვალდებულების არსებობისა და ადვოკატის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შპს «ს-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 26381 ლარის გადახდა, ხოლო ადვოკატის ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა, რაც შპს «მ-ამ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 23 მარტის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განჩინებით შპს «მ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეები შედიოდნენ რა საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში, მათ შორის‚ წლების მანძილზე არსებობდა სკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სასკოლო ინვენტარის ნასყიდობასთან დაკავშირებული საქმიანი ურთიერთობა. შპს «ს-ა» ბეჭდავდა საკლასო ჟურნალებს, პირად საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას, რომლებსაც სარეალიზაციოდ აწვდიდა შპს «მ-ას», მოპასუხე კი პროდუქციას ანაწილებდა სკოლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანს მხარეთა შორის წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ოდენობა, თუმცა შპს «მ-ამ» ვერ დააკონკრეტა, თუ პროდუქციის რომელი პარტია არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ასევე 134-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, შვიდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ 1998-1999 წლებში სახაზინო საწარმო «ს-ამ» სახაზინო საწარმო «მ-ას» მიჰყიდა 46920 ლარის პროდუქცია. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ხელმოწერილია «მ-ის» წარმომადგენელ ო. მ-შვილის მიერ, რომელსაც გააჩნდა მოპასუხის სახელით «ს-იდან» სასკოლო ინვენტარის გატანის უფლებამოსილება. სკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ო.მ-შვილის მეშვეობით დროდადრო იდებოდა სასკოლო ინვენტარის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც საქონელი მიჰქონდა თავის მარწმუნებელთან, «მ-ასთან». სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ზემოხსენებული ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების შესახებ მათი არასწორად შედგენის მოტივით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის 2004წ. 14 მაისის დასკვნით ვერ დადასტურდა აპელანტის მოსაზრება ¹581634 ანგარიშ-ფაქტურაზე ო.მ-შვილის ხელმოწერის გაყალბების შესახებ. აღნიშნული დასკვნით, ო.მ-შვილის ხელმოწერა ნამდვილად იქნა მიჩნეული 1998წ. 25 აგვისტოს ¹283763, 1998წ. 9 სექტემბრის ¹283781, 1999წ. 26 აგვისტოს ¹381687 ანგარიშ-ფაქტურებზე, ხოლო 1998წ. 21 ოქტომბრის ¹581613 და ამავეწ. 29 ოქტომბრის ¹581616 ანგარიშ-ფაქტურებზე ო.მ-შვილის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდო ხასიათისაა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთიანობაში მითითებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან სადავო საქონლის მიღება დადასტურებულად ჩათვალა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად შპს «მ-ა» შპს «ს-ის» მიმართ დავალიანების არსებობას საერთოდ უარყოფდა, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მოსარჩელემ აღიარა 1998-99 წლებში მინდობილობის საფუძველზე სასკოლო დოკუმენტაციის სარეალიზაციოდ მიღება, თუმცა მიუთითა, რომ ამ პროდუქციის ღირებულება გადახდილ იქნა. მხარემ დააზუსტა, რომ საქმეში წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული საქონელი მან მიიღო და შესაბამისი თანხაც გადაიხადა, მაგრამ არ ეთანხმება ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ პროდუქციის ფასს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავიდან მოპასუხე ანგარიშ-ფაქტურებზე ო.მ-შვილის ხელმოწერას და ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის მიღების ფაქტს სადავოდ არ ხდიდა. ყოველივე აღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ანგარიშ-ფაქტურებზე ო.მ-შვილის ხელმოწერის ნამდვილობის ან გაყალბების შესახებ ექსპერტიზის მიერ კატეგორიული დასკვნა გაცემული არ ყოფილა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საქონელი წაიღო აპელანტის წარმომადგენელმა ო.მ-შვილმა. სკ-ის 104-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ო.მ-შვილის მიერ დადებული გარიგების საფუძველზე წაღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა შპს «მ-ას», ხოლო წარმომადგენელ _ ო.მ-შვილის მიერ გატანილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიუტანლობის შემთხვევაში შპს «მ-ა» უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1998-99 წლების მანძილზე საქონლის ფასი არ შეცვლილა, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია და გადაიხადა 1998წ. 25 აგვისტოს ¹283762, 283763 ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ფასებით საქონლის ღირებულება. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა ის გარემოება, რომ შპს „ს-ამ“ შპს „მ-ას“, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიაწოდა 46920 ლარის საქონელი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულია აპელანტის მიერ შპს „ს-ისათვის» მხოლოდ 20539 ლარის გადახდა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება შპს „მ-ის“ დირექტორმა ო.ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შპს «ს-ისათვის» სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 812 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 1055 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 205-ე მუხლის მოთხოვნა და საქმეზე მოსამზადებელი სხდომა არ ჩაატარა, რის გამოც კასატორს საშუალება არ მიეცა, რომ გაცნობოდა საქმის მასალებსა და საკასაციო სასამართლოს 2005წ. 23 მარტის განჩინებას, რომელიც მხოლოდ 2005წ. 6 სექტემბერს ჩაჰბარდა. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია შპს «მ-ის» დირექტორ ო.ქ-ძის დაუსწრებლად. პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სასამართლოს სხდომის წინა დღეს, 2005წ. 7 ივნისს, წარდგენილი განცხადება ო.ქ-ძის ავადმყოფობის გამო, პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ, რითაც დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 477-ე, 102-ე, 103-104-ე მუხლები, სსკ-ის 134-ე მუხლი და უკანონოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები შპს «მ-ამ» არ შეასრულა. პალატამ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის მასალები, მათ შორის‚ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი გაყალბებული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც ნაბეჭდი რეკვიზიტები გადაშლილი და გადასწორებულია, შემოღებულია ახალი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 137-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და აპელანტის შუამდგომლობა ზემოხსენებული დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ დაეკმაყოფილებინა. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითება აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლებიც როგორც საკასაციო სასამართლოს, ისე საქმეში არსებული 2004წ. 19 აპრილის ¹01-06/1371 დასკვნითაც გაუქმებულადაა ჩათვლილი. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 162-ე მუხლი. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 53-55-ე მუხლებით, 61-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, სსკ-ის 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტითა და 205-ე მუხლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს, სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
შპს «ს-ა» ბეჭდავდა რა სასკოლო დოკუმენტაციას, ღირებულების ანაზღაურების პირობით სარეალიზაციოდ აწვდიდა შპს «მ-ას» მოპასუხის წარმომადგენელის ო. მ-შვილის მეშვეობით, რომელსაც გააჩნდა შპს «ს-იდან» პროდუქციის მიღების მინდობილობა. მხარეთა თანამშრომლობის პერიოდში შპს «ს-ამ» შპს «მ-ას» გადასცა 46920 ლარის საქონელი, ხოლო მოპასუხემ მას აუნაზღაურა მხოლოდ 20539 ლარი.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, თითქოს სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 477-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და თავად შპს «მ-ის» წარმომადგენელი რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ადასტურებს, რომ შპს «ს-ისაგან» მიიღო საქმეში წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოდენობის პროდუქცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის სხდომის ოქმში დაფიქსირებული მოპასუხის განმარტებით ირკვევა, რომ მყიდველმა, შპს «მ-ამ» შპს «ს-ას» გადაუხადა პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 20539 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ შპს «მ-ას» შპს «ს-ის» მიმართ, სასკოლო დოკუმენტაციის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაიმე ვალდებულება არ წარმოშობია.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 103-ე და 104-ე მუხლები. დადგენილია ის გარემოება, რომ შპს «ს-ი-საგან» საქონელი სარეალიზაციოდ მიჰქონდა შპს «მ-ის» წარმომადგენელ ო.მ-შვილს, რომელსაც მოპასუხემ სკ-ის 103-ე მუხლის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობით მიანიჭა შპს «ს-იდან» სასკოლო დოკუმენტაციის წამოღების უფლებამოსილება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს შპს «მ-ის» პასუხისმგებლობას მაშინაც, როდესაც მისი სახელით შპს «ს-ისაგან» მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება იკისრა მისმა წარმომადგენელმა _ ო.მ-შვილმა.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კასატორი უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს, სსკ-ის 162-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისათვის საბუღალტრო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა. მითითებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა კონკრეტული საკითხი სპეციალურ გამოკვლევას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სადავო ანგარიშ-ფაქტურების დამატებით გამოსაკვლევად საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნა მართებულად არ ჩათვალა საჭიროდ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ანგარიშ-ფაქტურების ბათილობას მოპასუხე მოითხოვს მხოლოდ მათი შედგენისას დაშვებულ სავარაუდო უსწორობებზე მითითებით, აღნიშნული კი დოკუმენტის ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 137-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, თითქოს სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა აპელანტის დასწრების გარეშე და არ გაითვალისწინა რა ო.ქ-ძის განცხადება ავადმყოფობისა და პირადი მიზეზების გამო საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა არეგულირებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს, ამდენად, იგი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივნისის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლომ ორივე მოდავე მხარის მონაწილეობით არსებითად განიხილა საქმე, მოისმინა მათი ახსნა-განმარტებანი. საქმის განხილვა გაგრძელდა ამავეწ. 8 ივნისის სხდომაზე, რომელზეც შპს «მ-ის» დირექტორი ო.ქ-ძე არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის ამავეწ. 7 ივნისს სასამართლოში წარდგენილ წერილობით შუამდგომლობაზე პროცესის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, იგი არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვის შედეგი გამოაცხადა აპელანტის დაუსწრებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა საქმის განხილვაში ორივე მხარის მონაწილეობის შედეგად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გაუთანაბრდება. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს «მ-ის» დირექტორ ო.ქ-ძის შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მხარეს პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, წინა სხდომაზე საქმე განხილულ იქნა მისი მონაწილეობით, ამდენად, პროცესის გადადება ხელს შეუწყობდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას.
უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 205-ე მუხლის მოთხოვნა და მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა არ დანიშნა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები საფუძველს აძლევს მოსამართლეს ივარაუდოს, რომ მხარეებმა შეიძლება საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე, თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვენ, მხარეთა წერილობითი მასალების მიღების შემდეგ მას შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. მითითებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნება სასამართლოს მიერ საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად და წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა მოვალეობას. ამდენად, საკასაციო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
უსაფუძვლოა შპს «მ-ის» მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის შპს «ს-ისათვის» დაკისრების თაობაზე. სსკ-ის 53-ე მუხლი ადგენს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა შპს «მ-ის» სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა, რის გამოც კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 1055 ლარის გადახდა.
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «მ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟის 1055 ლარის გადახდა დაევალოს შპს «მ-ას».
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა