დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.02.2006
საქმის ნომერი
ას-1203-1447-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

ას-1203-1447-05 22 თებერვალი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება (სარჩელში); დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება და უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ს. მ-ოვმა 2004წ. მარტში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ქ.თბილისში, ... ¹10-ში მდებარე ბინის 1/2, ხოლო ბინის დანარჩენი ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ე. რ-შვილი და მათ წარმოეშვათ საზიარო უფლება ამ ბინაზე. მოსარჩელის განმარტებით მან სკ-ის 955-ე მუხლის დაცვით ვერ შეძლო თავისი უფლების განხორციელება, რადგან მოპასუხე ე. რ-შვილმა უხეშად დაარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნა და თავისი წილით სარგებლობის საშუალება არ მისცა; ამიტომ სკ-ის 961-ე მუხლის თანახმად მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება და ქ.თბილისში, ... ¹10-ში მდებარე ბინის გაყიდვა აუქციონის წესით. მან ასევე მოითხოვა სსკ-ის 268-ე მუხლის თანახმად‚ გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსრულება.

ე. რ-შვილმა 2004წ. აპრილში შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. მ-ოვის მიმართ და მოითხოვა რ. მ-ოვას დაკრძალვისა და საფლავის კეთილმოწყობის ხარჯების ანაზღაურება 1760 ლარის ოდენობით, რაც კომპენსირებული უნდა იყოს რ.მ-ოვას დანაშთი სამკვიდრო წილის ხარჯზე, ასევე უპირატესი უფლების მინიჭება ს.მ-ოვის კუთვნილი 1/2-ის შესაძენად. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით მან გაიღო მამიდის – რ. მ-ოვას დაკრძალვის, მისი სოფ.ში გადასვენებისა და საფლავის კეთილმოწყობის ხარჯები, რაც თვით მოპასუხის მიერ არის აღიარებული სასამართლო პროცესზე. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ოვს, როგორც რ. მ-ოვას მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით მიეკუთვნა რ. მ-ოვას კუთვნილი წილი, რ.მ-ოვას დაკრძალვისა და საფლავის კეთილმოწყობის ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს მას. მისი განმარტებით‚ სკ-ის 173-ე მუხლის თანახმად‚ ს. მ-ოვის კუთვნილი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მას და მის შვილს – მ. მახარაშვილს.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ს. მ-ოვის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ქ.თბილისში, ... ¹10-ში მდებარე ს. მ-ოვისა და ე. რ-შვილის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე საზიარო უფლება გაუქმდა აღნიშნული ბინის აუქციონზე რეალიზაციით იმ პერიოდისათვის ბინის საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ს. მ-ოვის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ..., ბინა ¹10-ში მდებარე ბინის 1/2½მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ს. მ-ოვი, ხოლო დანარჩენი 1/2-ის მესაკუთრეს კი ე. რ-შვილი. მხარეთა განმარტებების საფუძველზე სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს ც. რ-შვილის ქალიშვილი - მ. მახარაშვილი, ხოლო ს.მ-ოვი და მისი მეუღლე მოკლებული არიან საზიარო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც სასამართლომ სკ-ის 955-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევად ჩათვალა. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს ოროთახიანი ბინა, რომლის ნატურით გაყოფაც რეალურად შეუძლებელია, სკ-ის 964-ე მუხლის თანახმად საზიარო საგნის გაუქმება მისი გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით უნდა განხორცილედეს. სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა მოპასუხე ე. რ-შვილის მოთხოვნა მამიდამისის – რ.მ-ოვას დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რადგან მას სასამართლოსათვის ხსენებული ხარჯების გაწევის შესახებ მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ ვერ გაიზიარა ს. მ-ოვის თანხმობა ე. რ-შვილის მიერ წილის შესყიდვის შესახებ მისი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რადგან მიუხედავად ბინის შეფასების შესახებ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნისა, სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად ვერ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა სადავო ბინის 10 000 ლარად შეფასების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით მას მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება, სასამართლომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა ე. რ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით ე.რ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი პუნქტი _ ე. რ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს. მ-ოვს ე. რ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. მ-ოვი და ე. რ-შვილი წარმოადგენენ ქ.თბილიში, ... ¹10-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრეებს და მათ შორის არსებობს ბინაზე საკუთრების საზიარო უფლება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, რადგან იზოლირებული ბინის გაყოფა ღირებულების შეუმცირებლად შეუძლებელი იყო, სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ს. მ-ოვი არის რ. მ-ოვას მემკვიდრე და მან საკუთრების უფლებით მიიღო სახლის ¼წილი, ასევე‚ ს. მ-ოვმა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აღიარა ის გარემოება, რომ ე. რ-შვილის მიერ გაღებული იქნა რ. მ-ოვის დაკრძალვის ხარჯი 500 ლარის ოდენობით; ხარჯების ოდენობის შესახებ სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო ე. რ-შვილის წარმოდგენილი დოკუმენტები სსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ, ამიტომ სასამართლომ ს.მ-ოვს ე.რ-შვილის სასარგებლოდ დააკისრა 500 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ‚ რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ე. რ-შვილის შეგებებული სარჩელის საფუძვლებზე, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები არ აუსახავს, სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლომ თვითონ იმსჯელა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. რ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ს. მ-ოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით‚ სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით უგულვებელყო მისი მოთხოვნა წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ, რითაც დაარღვია სკ-ის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 959-ე და 964-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა აღნიშნული ნორმები და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ საზიარო უფლების გაუქმების მარეგულირებელ ნორმებს, რითაც შეილახა კასატორის კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება. კასატორის მოსაზრებით‚ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება რ.მ-ოვას დაკრძალვისა და საფლავის კეთილმოწყობის ხარჯების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან მან სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტურა მის მიერ 1760 ლარის ხარჯის გაღება. ამ შემთხვევაში სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ ს.მ-ოვის განმარტებას მის მიერ 500 ლარის ოდენობის ხარჯის გაღების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. მ-ოვს და ე. რ-შვილს საერთო საკუთრებაში აქვთ ქ.თბილისში, ... ¹10-ში მდებარე ბინა, თითოეულს ეკუთვნის 1/2.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ე. რ-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას, როგორც ბინის თანამესაკუთრეს, ჰქონდა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. მართალია, ე. რ-შვილი სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრეს წარმოადგენს, მაგრამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ს. მ-ოვმა სარჩელით მოითხოვა არა კუთვნილი წილის გასხვისება, არამედ საზიარო უფლების გაუქმება აღნიშნული ბინის აუქციონზე რეალიზაციით, სკ-ის 961-ე და 964-ე მუხლების საფუძველზე. სკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად‚ ნებისმიერ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილში კი აღნიშნულია, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისში, ... ¹10-ში მდებარე ბინის გაყოფა ღირებულების შეუმცირებლად შეუძლებელია და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ‚ სკ-ის 964-ე მუხლის თანახმად‚ სწორად მიიჩნია ბინის აუქციონზე გაყიდვა მიზანშეწონილად. სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ემსჯელა ე.რ-შვილის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების თაობაზე, თუ ს.მ-ოვი საერთო საკუთრებაში თავის წილს გაყიდდა. სკ-ის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად‚ ყოველ თანამესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ხოლო ამავე კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად‚ თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს, თუ თანამესაკუთრის წილი იყიდება საჯარო ვაჭრობის გზით აუქციონზე. ამ შემთხვევაში კასატორ ე. რ-შვილს, როგორც უპირატესი უფლების მქონე პირს, შეუძლია საერთო საფუძველზე სხვების თანაბრად მიიღოს მონაწილეობა აუქციონში.

დადგენილია, რომ ე. რ-შვილმა გაიღო რ. მ-ოვას დაკრძალვისა და საფლავის კეთილმოწყობის ხარჯები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მის მიერ რ.მ-ოვას დაკრძლვისათვის 1760 ლარის ოდენობით ხარჯის გაღების თაობაზე; ს. მ-ოვმა დაადასტურა ე. რ-შვილის მიერ დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივ გაღება, რადგან მისი განმარტებით რ. მ-ოვას დაკრძალვის ხარჯები გაიღო თვითონ, მისმა ძმამ, ხოლო ე. რ-შვილმა _ 500 ლარის ოდენობით. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. რ-შვილის მიერ უფრო დიდი დანახარჯების გაღებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად‚ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2003, # 11, samoq., gv. 3349-3352.