დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.03.2006
საქმის ნომერი
ას-1206-1450-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1206-1450-05 23 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

სარჩელის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება..

აღწერილობითი ნაწილი:

მ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ნ. ნ-ძისა და სს ... ბანკის მიმართ და მოითხოვა ნ. ნ-ძის მიმართ წარმოებული იძულებითი აღსრულების პროცესში აღწერილი და დაყადაღებული, ქ.თბილისში, ... მდებარე ¹21,22 ბინა, ყადაღისაგან გათავისუფლება და მისი ამორიცხვა აღწერის სიიდან. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნ. ნ-ძის სახელზე მოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წერილი, რომლითაც მას ატყობინებენ, რომ მის წინააღმდეგ იწარმოება იძულებითი აღსრულება და ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება ქ.თბილისში, ..., საცხოვრებელი ბინა ¹21,22-ის რეალიზაცია. მოსარჩელე აღნიშნა, რომ სადავო ბინა არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას, იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ. დ-ძის სახელზე და ამდენად, მასზე უნდა მოიხსნას ყადაღა.

მოპასუხე სს ... ბანკის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო ქონება იპოთეკით დატვირთვის დროს წარმოადგენდა ნ. ნ-ძის საკუთრებას, იპოთეკაზე თანხმობა განაცხადა მისმა მეუღლე მ.დ-ძემ, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ბინა გათავისუფლდა ყადაღისაგან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სს ... ბანკმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 3 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ნ-ძისათვის გაიცა კრედიტი 40.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა 21,22. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ნ. ნ-ძის დავალიანების დაფარვის მიზნით კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო ბინის აუქციონზე რეალიზაცია. პალატა დადგენილად მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე მ. დ-ძეს მიცემული აქვს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 291-ე, 292-ე, 153-ე მუხლები და მიიჩნია, რომ სავალდებულო არ არის მესაკუთრე იყოს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმყოფილებს.

სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე და 32-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინა ჯერ კიდევ 1998წ. 3 აგვისტოს, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, ნ. ნ-ძისათვის გაცემული 40000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, დატვირთული იყო იპოთეკით. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რომელიც. სკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, ასრულებდა საჯარო რეესტრის ფუნქციებს. ნ. ნ-ძის დავალიანების დაფარვის მიზნით კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო სადავო ბინის აუქციონზე რეალიზაცია. დადგენილია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. დ-ძის სარჩელი ბინის მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განხორციელებულმა ცვლილებამ გავლენა არ უნდა იქონიოს ჩანაწერის დანარჩენ ფორმულირებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული ცენტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005წ. 21 იანვრის მონაცემებით სადავო ბინა იპოთეკით დატვირთულია 1998წ. 3 აგვისტოდან.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია არ არის წამოყენებული.

სკ-ის 286-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, «უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა).» აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთი ის ქონებრივი ფასეულობაა, რომელსაც კრედიტორები ყველაზე მეტად ენდობიან. უძრავი ნივთების გამოყენებას ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებანია. იპოთეკა მიეკუთვნება სანივთო უზრუნველყოფის საშუალებას და მისი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გარანტირებულს ხდის ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში. მიუხედავად იპოთეკით დატვირთვისა, მესაკუთრეს ჩვეულებრივ შეუძლია განკარგოს ნივთი. ეს განპირობებულია იმით, რომ იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის საშუალებაა და მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მესაკუთრე, მთავარია ნივთი იყოს უფლებრივად დატვირთული, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გარანტირებულია (სკ-ის 294-ე მუხლის მე-4 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ... ბანკის მიერ ნ. ნ-ძისათვის გაცემული კრედიტი სწორედ უძრავი ნივთით იქნა უზრუნველყოფილი. მხარეებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს სადავო ბინა რეგისტრირებული იყო ნ. ნ-ძის სახელზე, ხელშეკრულება დამოწმებულ და რეგისტრირებულ იქნა სათანადო წესით. ნ. ნ-ძის მეუღლე, მ.დ-ძემ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა განაცხადა სადავო ბინის იპოთეკით დატვირთვაზე. ის გარემოება, რომ სადავო ბინა შემდგომში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. დ-ძის სახელზე, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მესაკუთრე, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გარანტირებულია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა. იგი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ მოთხოვნასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გამოიყენება. დადგენილია, რომ ნ. ნ-ძის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა. სკ-ის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამდენად, ბანკს ხელშეკრულებაში Mმითითებული ვადის გასვლის შემდეგ სრულიად სამართლიანად წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა გამოყენებული სამოქალქო კოდექსის 291-ე, 292-ე მუხლები. ვინაიდან იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, არაა აუცილებელი იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე. სკ-ის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკამყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.» მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დამდგარია და მესაკუთრეს უფლება აქვს დააკმყოფილოს სს ... ბანკი და ამით იხსნას თავისი ქონება აუქციონზე რეალიზაციისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, «თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს», ამდენად იმ შემთხვევაში თუ მ. დ-ძე დააკმაყოფილებს კრედიტორს, ბანკის მოთხოვნა ნ.ნ-ძის მიმართ გადავა მასზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.