დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1316-1548-05 31 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
სარჩელის საგანი: სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების გ. ნ-ძის, ნ. კ-ძის, მ. მ-ავასა და ო. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა 2002წ. 6 თებერვალს გ. ნ-ძის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის, 2002წ. 18 თებერვლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის, გ.ნ-ძესა და ო.გ-შვილს შორის დადებული ბინის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა ნ.კ-ძისა და მ.მ-ავას ბინიდან გამოსახლება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1996წ. 18 აპრილს გარდაეცვალა დედა თ. ს-ძე, რომლის სახელზეც ირიცხებოდა კოოპერატიული ბინა მდებარე ქ.თბილისში, ..., ბინა ¹6-ში. დედის გარდაცვალების შემდეგ იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს და სადავო ბინაში ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად; 1997 წელს მისი ძმისშვილების კანონიერმა წარმომადგენლებმა ნ. კ-ძემ და მ. მ-ავამ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სამკვიდროდან კუთვნილი წილის გამოყოფა; დავა დამთავრდა მორიგებით, მოსარჩელეებმა უარი თქვეს სამკვიდრო წილზე, რის სანაცვლოდ ც.ნ-ძემ გადასცა ქ. თბილისში, ... ¹26-ში მის საკუთრებაში არსებული სახლი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2003წ. 14 მარტს მოპასუხეები შეიჭრნენ მის სახლში, მიაყენეს შეურაცხყოფა და აიძულებენ დატოვოს სახლი; მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2002წ. 6 თებერვალს გ. ნ-ძეზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც სადავო ბინა საჯარო რეესტრში გაფორმდა გ.ნ-ძის სახელზე; 2002წ. 28 თებერვალს სადავო ბინა გ.ნ-ძემ გაასხვისა ო.გ-შვილზე, რომელმაც აღნიშნული ბინა დატვირთა იპოთეკით.
ომარ გ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ც.ნ-ძის გამოსახლება მისი საკუთარი ბინიდან.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც.ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ო. გ-შვილის შეგებებული სარჩელი, ც.ნ-ძე, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლდა ქ. თბილისში, ... ¹51ბ -ის ბინა ¹6-დან.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც. ნ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2004წ. 4 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც.ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ო. გ-შვილის შეგებებული სარჩელი, ც. ნ-ძე, თანმხლებ პირებთან ერთად, გამოსახლდა ქ. თბილისში, ... ¹51ბ -ის ბინა ¹6-დან.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც.ნ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ც.ნ-ძის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა 2004წ. 4 ნოემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც.ნ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილდა ც. ნ-ძის საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განჩინებით ც.ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა 2004წ. 4 ნოემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ც.ნ-ძესა და მის ადვოკატს 2004წ. 4 ნოემბრის სხდომის თაობაზე ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლომ არ გაიზიარა ც.ნ-ძის ახსნა-განმარტება, რომ იგი სხდომის დღეს გამოცხადდა სასამართლოში, სხდომათა დარბაზში კი არ შევიდა იმ მიზეზით, რომ სხდომის მდივანმა არ გამოიძახა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ც.ნ-ძემ იცოდა‚ თუ როდის უნდა დაწყებულიყო სხდომა და იგი ვალდებული იყო‚ დანიშნულ დროს გამოცხადებულიყო სასამართლო დარბაზში. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს 233-ე მუხლში მითითებული გარემოებები, ხოლო ც.ნ-ძის მიერ მითითებული მიზეზი არ ჩაითვლება საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლში მითითებულ სხვა საპატიო მიზეზად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც.ნ-ძემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის აზრით, განჩინება დაუსაბუთებელია, გამოტანილია სსკ-ის 229-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ც. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ც. ნ-ძესა და მის ადვოკატს 2004წ. 4 ნოემბრის სხდომის თაობაზე ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მისთვის ცნობილი იყო სხდომის დაწყების დრო, მაგრამ იგი დანიშნულ დროს არ გამოცხადდა. ასევე დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე არც 233-ე მუხლში მითითებული გარემოებები არსებობს და არც სსკ-ის 241-ე მუხლში მითითებული გამოუცხადებლობის სხვა საპატიო მიზეზი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, «სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.” საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ იგი იყო სასამართლოს შენობაში, კანცელარიის წინ, სადაც უნდა წარედგინა ადვოკატის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე და სასამართლო სხდომის დარბაზში ვერ შევიდა იმ მიზეზით, რომ სხდომის მდივანმა არ გამოიძახა, ვინაიდან, მის მიერ აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ, თუმცა მისი არსებითი განხილვა-გადაწყვეტა არც ერთხელ მომხდარა. საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე‚ საქმეზე სამჯერ იქნა მიღებული მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და სამჯერვე მოსარჩელე მხარის (კასატორი) გამოუცხადებლობის გამო, რაც მოსარჩელის (კასატორის) მხრიდან საქმის გაჭიანურების მცდელობაზე მიუნიშნებს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა მოპასუხე ო. გ-შვილის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის წინაპირობები და ამის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ასევე გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან სარჩელის აღძვრის წინაპირობების (სსკ-ის 186-ე მუხლი) არარსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორიც ვერ მიუთითებს იმ საფუძველზე, რომლის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლების დასაცავად. შეგებებული სარჩელი პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 178-ე, 179-ე და 189-ე მუხლებით.
ამდენად, საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება