დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.04.2005
საქმის ნომერი
ას-1317-1444-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-1317-1444-04 12 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. და ლ. ნ-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების _ კ. მ-ის, ქ. თბილისის ნოტარიუს მ. ა-ისა და საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართ 2000წ. 6 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების, 2000წ. 27 იანვრის, 18 აპრილისა და 19 აპრილის საკადასტრო რუკების ბათილად ცნობის, 2000წ. 25 თებერვლისა და 5 მაისის საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თანაბრად გაყოფისა და სადავო ფართის ნაწილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1978წ. 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. ნ-ე გახდა ქ. თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის 1\2-ის მესაკუთრე, რასაც ადასტურებს ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული 1999წ. 13 დეკემბრისა და 2000წ. 22 მარტის საინვენტარიზაციო გეგმა. საცხოვრებელი სახლის დარჩენილი 1\2, რომელიც ირიცხებოდა ვ. გ-ის სახელზე, 1999წ. 25 ნოემბერს საკუთრების უფლებით შეიძინა კ. მ-მა. ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობების საერთო სასარგებლო ფართი შეადგენს 400,81 კვ.მ-ს, მიწის ნაკვეთი _ 911 კვ.მ-ს, ხოლო განაშენიანების ფართი – 256 კვ.მ-ს კ. მ-სა და ლ. ნ-ეს შორის 2000წ. 6 აპრილს გაფორმდა გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. ნ-ე აღირიცხა შენობა-ნაგებობების 9\25-ისა და 177 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, კ. მ-ი კი შენობა-ნაგებობების _ 16\25-ის მესაკუთრედ. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული გამიჯვნის ხელშეკრულებით დაირღვა წილთა თანაბრობა, კ. მ-ის წილი გაიზარდა მისი წილის შემცირების ხარჯზე. გამიჯვნის ხელშეკრულება არ ასახავს საქმის რეალურ სურათს, დაიდო კ. მ-ისა და ნოტარიუსის მხრიდან მისი მოტყუებით, ლ. ნ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, რომელიც ვარაუდობდა, რომ მიწის გაყოფა მოხდებოდა შუაზე. 2000წ. 27 იანვრით დათარიღებული საკადასტრო რუკა გამიჯვნის ხელშეკრულებას საფუძვლად არ უნდა დადებოდა, იგი დაიდო ფორმის დაუცველად, ვინაიდან მასზე ხელი არ მოუწერია ბ. ნ-ეს, როგორც თანამესაკუთრეს. ვ. გ-ის მიერ აშენებული და გამგეობის მიერ 1999წ. 7 მაისის ¹29 გადაწყვეტილებით გ-სა და ნ-ეზე დაკანონებული შენობის ნაწილი თანაბრად უნდა გაყოფილიყო. ლ. ნ-ის განმარტებით, ქ.თბილისის სახელმწიფო რეგისტრატორის სახელზე განცხადება თავისი ხელით არ დაუწერია და არც შეუტანია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნოტარიუს მ. ა-ის განმარტებით, ლ. ნ-ემ სადავო ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ მოაწერა, ამდენად, მისთვის გამიჯვნის პირობები ნათელი იყო. კ. მ-ის განმარტებით, მას შეძენილი შენობისა და ნაკვეთის მდგომარეობა არ შეუცვლია, გარდა იმ გარემოებისა, რომ სახლს მიაშენა ღია აივანი. მხარის მითითებით, მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებებით თითოეულმა შეიძინა შენობისა და მიწის ნაკვეთის ნახევარი, თუმცა ფაქტობრივი მფლობელობა წლების განმავლობაში დადგენილი წესით ხდებოდა, რის შესახებ მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. და ლ. ნ-ეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ლ. ნ-ეებმა 2000წ. 6 აპრილს გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000წ. 6 აპრილს კ. მ-სა და ლ. ნ-ეს შორის გაფორმდა გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კ. მ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის 9\25-ის, ხოლო ლ. ნ-ე _ ამავე საცხოვრებელი ბინის 16\25-ის მესაკუთრედ. გამიჯვნის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელე და მოპასუხე საჯარო რეესტრში აღრიცხული იყვნენ ზემოაღნიშნულ ბინაზე თითოეული 1\2-ის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტების განმარტება გამიჯვნის ხელშეკრულების ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად მიჩნევის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულება წარმოადგენს რთული წერილობითი ფორმის დაცვით, სანოტარო წესით დადებულ გარიგებას. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნოტარიუსის მიერ „ნოტარიატის შესახებ“ კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დარღვევა გარიგების ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება, თუ მას გარიგების შინაარსზე ზეგავლენა არ მოუხდენია. საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამიჯვნა მხარეთა შორის განხორციელდა მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შესაბამისად, ხოლო ის გარემოება, რომ გამიჯვნის ხელშეკრულებით მას საკუთრების უფლება შეელახა, აპელანტმა ვერ დაადასტურა. სააპელაციო პალატამ სკ-ის 81-ე მუხლის პირველ ნაწილისა და 82-ე მუხლზე დაყრდნობით სადავო გარიგების მოტყუებით დადების თაობაზე არგუმენტი არ გაიზიარა და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ. ნ-ეს უარი ეთქვა რა გამიჯვნის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობაზე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მას ხელშეკრულების ტექსტი არ წაუკითხავს და 2000წ. 6 აპრილის გარიგების დადების დროს არ გამოვლენილა მისი ნება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ლ. და ლ. ნ-ეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით შემდეგი მოტივებით: 2000წ. აპრილის დასაწყისში კ. მ-მა თხოვნით მიმართა რა მხარეთა შორის გამიჯვნის ხელშეკრულების დადების შესახებ, აღნიშნული მიზეზით, 2000წ. 6 აპრილს, მოპასუხემ კასატორთა სახლში მიიყვანა ქ. თბილისის ნოტარიუსი მ. ა-ი, რომელმაც ლ. ნ-ეს ხელმოსაწერად წარუდგინა ერთ ფურცლად დაბეჭდილი გამიჯვნის ხელშეკრულების 4 ეგზემპლარი. კ.მ-ის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება ეხებოდა მათ სახლში პირველი და მეორე სართულის გამიჯვნას. ლ. ნ-ემ გარიგებას ხელი წაუკითხავად მოაწერა. ნოტარიუსს თან ჰქონდა სარეგისტრაციო წიგნი, სადაც ასევე ხელი მოაწერინა. შტამპისა და ბეჭედის არქონის გამო მ. ა-მა ლ. ნ-ეს ხელშეკრულების ეგზემპლარი არ დაუტოვა და კ.მ-ის ხელით გაგზავნას დაჰპირდა, რაც არ განუხორციელებია. 2003წ. 25 ივნისს კასატორებმა ნოტარიუს მ. ა-ს მოსთხოვეს გამიჯვნის ხელშეკრულების დედნის გადაცემა, რის ნაცვლად მიიღეს დოკუმენტების ქსეროასლები. ხელშეკრულების დედანი გადაეცა 2003წ. 27 ივნისს. გამიჯვნის ხელშეკრულების გადმოცემის შემდეგ გაირკვა, რომ ხელშეკრულებას დანართის სახით თან ახლდა საკადასტრო რუკა, რომელსაც ლ. ნ-ე არ გასცნობია და არც ნახაზის გაცნობაზე აქვს ხელი მოწერილი. კასატორის აზრით, 2000წ. 6 აპრილის სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება ფორმადაუცველი, ყალბი და მოტყუებით დადებული ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზე ნოტარიუსმა ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. მხარის განმარტებით, მას თავისი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში არ გაუტარებია და არც განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი არსებობს. გამიჯვნის ხელშეკრულებაში ნათლად ჩანს კ. მ-ის უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარების განაცხადის სარეგისტრაციო ¹........ . კასატორის მითითებით, ნოტარიუს მ. ა-ს არანაირი უფლება არ ჰქონდა არარეგისტრირებულ ქონებაზე მოეხდინა გაყოფა-გამიჯვნა და სანოტარო წესით დამოწმება, რითაც დაარღვია სანოტარო ინსტრუქციის 39-ე მუხლი. მხარის აზრით, ნოტარიუსს საჯარო რეესტრის გამიჯვნის ხელშეკრულების ეგზემპლარში ჩამატებული აქვს საერთო სასარგებლო ფართის _ 400,81 კვ.მ-ის წილადობრივი გაყოფა, რომლის ჩამატება მოხდა ხელშეკრულების დედანში ლ. ნ-ის ხელის მოწერის შემდეგ. ნოტარიუსმა შენობა-ნაგებობის საერთო სასარგებლო ფართიდან _ 400,81 კვ.მ-დან კასატორს მიაკუთვნა 9\25, ხოლო კ. მ-ს _ 16\25 კვ.მ, რაც გამიჯვნის ხელშეკრულებაში არ არის მოხსენიებული და არც ხელმოწერილი, რითაც ნოტარიუსმა დაარღვია სანოტარო ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ა, ბ, გ ნაწილები და მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებაში წილადობრივი ჩამატების საფუძველზე ნოტარიუსმა კ.მ-ს კასატორის კუთვნილი წილიდან მიაკუთვნა 56 კვ.მ. კასატორის აზრით, გამიჯვნის ხელშეკრულების დანართში _ საკადასტრო რუკაში გადასწორებულია ჩანაწერები და მხარეთა ნაცვლად ნახაზი ხელმოწერილია ნოტარიუსის მიერ, რითაც მან დაარღვია სანოტარო ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ა, ბ, გ ნაწილი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, ასევე მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. მიწის ნაკვეთი მხარეთა საერთო საკუთრებაა, რაც დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 25 ივნისის დადგენილების მე-8 პუნქტით, რომლითაც ...... 911 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაკანონდა ლ. ნ-ისა და ყოფილი მესაკუთრე ჯ. გ-ის სახელზე. გამიჯვნის ხელშეკრულების ტექსტში ნოტარიუსი მიუთითებს, რომ მეორე სართული მთლიანად კ. მ-ის საკუთრებაა, ასევე, მისი საკუთრებაა პირველ სართულზე მე-10 და მე-11 ოთახები. ამ ტექსტის საფუძველზე ნოტარიუსი მთლიანად არღვევს 1999წ. 25 ნოემბერს კ.მ-სა და ვ. გ-ს შორის გაფორმებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას. ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1999წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით მეორე სართულის მე-8-მე-9 ოთახები და პირველი სართულის მე-10-მე-11 ოთახები არის საერთო საკუთრება. სადავო ხელშეკრულება, სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა ლ. ნ-ის მეუღლის, როგორც თანამესაკუთრის, თანხმობას. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 59-ე მუხლის დანაწესები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 68-ე მუხლი. მხარის მითითებით, პალატამ არასწორად არ მიიჩნია მოპასუხედ ნოტარიუსი მ. ა-ი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2000წ. 6 აპრილს ლ. ნ-ესა და კ. მ-ს შორის გაფორმდა გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კ.მ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი ბინის 9\25-ის მესაკუთრედ, ხოლო ლ. ნ-ე ამავე საცხოვრებელი ბინის 16\25-ის მესაკუთრედ. გამიჯვნის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელე და მოპასუხე საჯარო რეესტრში აღრიცხული იყვნენ ზემოაღნიშნულ ბინაზე, თითოეული, 1\2-ის მესაკუთრედ. მხარეთა შორის სადავო გამიჯვნა განხორციელდა მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად მფლობელობის შესაბამისად.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ამ სახის პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად, ხოლო სამართლებრივ შეფასებას კანონშესაბამისად მიიჩნევს, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 59-ე და 68-ე მუხლები და ბათილად არ ცნო სადავო გამიჯვნის ხელშეკრულება, როგორც მოტყუებით და ფორმადაუცველად დადებული გარიგება.

სკ-ის 59-ე მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა, ხოლო 68-ე მუხლით კი გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. დასახელებული ნორმებით იმპერატიულად დაწესებულია ფორმასავალდებულო გარიგების ფორმის დაუცველობის შედეგი. გარიგების ფორმაში მოიაზრება რა მარტივი და რთული წერილობითი ფორმები, მოცემულ შემთხვევაში გარიგება დადებულია სათანადო სანოტარო ფორმით. ამასთან, საკასაციო პალატა იზირებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ნოტარიუსის მიერ „ნოტარიატის შესახებ“ კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დარღვევის შედეგად გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ გარიგების სანოტარო წესით გაფორმებისას ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების დადგენილი წესის დარღვევა არ იწვევს გარიგების ბათილობას, თუკი გარიგების მხარეთა ნების გამოვლენა ნამდვილია და ეჭვს არ იწვევს.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სადავო ხელშეკრულების დადებისას ლ. ნ-ის მეუღლის, როგორც თანამესაკუთრის, თანხმობის აუცილებლობის თაობაზე. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ლ. ნ-ე. სამოქალაქო კოდექსი იმპერატიულად ადგენს სანივთო სამართლებრივი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობას, რაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის ერთ-ერთი წინაპირობაა (სკ-ის 183-ე მუხლი). საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, მეუღლის თანხმობაც ასეთ შემთხვევაშია სავალდებულო. ლ. ნ-ეს საცხოვრებელ ბინაზე სადავო გამიჯვნის ხელშეკრულების გაფორმებამდე საჯარო რეესტრში მეუღლის _ ლ. ნ-ის მესაკუთრედ აღრიცხვაზე და არც შემდგომში სადავო გარიგებით საჯარო რეესტრში ლ.ნ-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის გამო საჩივარი რეესტრის მონაცემების უზუსტობისა და ჩანაწერის შეცვლის შესახებ არ შეუტანია. აღნიშნულით ლ. ნ-ემ საჯარო რეესტრში აღრიცხვისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით სარგებლობის, კერძოდ, ნივთის განკარგვის უფლება დაუთმო მეუღლეს ლ.ნ-ეს.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება სადავო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა აპელანტის მოსაზრება, მიიჩნია, რომ მის მიერ დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი. იგივე უნდა ითქვას საკასაციო საჩივარზეც, რომელიც სადავო გარიგების მოტყუებით დადების თაობაზე დადასტურებელი არ არის. სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კი სამართალწარმოება მიმდინარეობს რა შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. და ბ. ნ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.