დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.05.2005
საქმის ნომერი
ას-1445-369-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1445-369-05 16 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 სექტემბერს ს. ყ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. შ.-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის კონფლიქტი დაიწყო მოპასუხის მიერ ს.ყ.-ის კუთვნილი სარდაფის უკანონოდ დაკავების გამო; 1999წ. 14 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტისას ა.შ.-მ მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად ამ უკანასკნელის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეირყა; ამასთან, მოპასუხემ გაზეთ “...-ში” გამოაქვეყნა წერილი, რომლის შინაარსითაც შელახა ს.ყ.-ის პატივი და ღირსება. მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის _ 25000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან მომხდარი ინციდენტი ს. ყ.-ისა და მისი ქალიშვილის მიერ იყო პროვოცირებული. მას მოსარჩელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 300 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინებით ალ.შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ს.ყ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2004წ. 21 აპრილს, რის შესახებ საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აპელანტს ეცნობა პირადად. ს.ყ.-ი სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს არ გამოცხადდა, რის შედეგადაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 21 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე ს.ყ.-მა შეიტანა საჩივარი და იმ მოტივით, რომ პროცესზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა და, ამასთან, სასამართლოს მხარის პირველი გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება არ ჰქონდა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა. სააპელაციო პალატის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მხარეს ეცნობა, რომ საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2004წ. 6 ოქტომბერს. ს.ყ.-ი პროცესზე კვლავ არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის უცნობებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ყ.-ის საჩივარი, მისი გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. პალატამ დაადგინა, რომ საქმის განხილვის დროის შესახებ მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ს.ყ.-ი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ყ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რის დამადასტურებლადაც წარმოადგინა სს “... ¹... პოლიკლინიკის” მიერ გაცემული ¹1/122 სამედიცინო ბარათის ამონაწერი, 2004წ. სექტემბერში ს.ყ.-მა მიმართა ხსენებულ დაწესებულებას და ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა. კასატორმა მოითხოვა, სსკ-ის 236-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის სხდომაზე, აპელანტ ს. ყ.-ის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა აპელანტთა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილება, ამავე კოდექსის 242-ე მუხლის გათვალისწინებით, სავსებით მართებულად გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი საპატიო მიზეზის, ავადმყოფობის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდა. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კასატორმა საპატიო მიზეზად მიჩნეული ავადმყოფობის ცნობა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა და ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მითითებული მოვლენის შესახებ, დადასტურებული არ არის. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთი საფუძვლების არსებობის შესახებ სადავო გადაწყვეტილების გამოტანის დროს სააპელაციო პალატისათვის უცნობი იყო. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ს. ყ.-ის მიერ საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე _ ავადმყოფობის ცნობაზე ვერ იმსჯელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდასაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.