გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.12.2006
საქმის ნომერი
ას-149-574-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-149-574-06 ¹ ას-149-574-06 25 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ა-ს» დირექტორმა ა. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და თ. ხ-შვილების მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს «ა-ს» ეკუთვნის ბაღდათის რაიონში, ... ¹22-ში მდებარე შერეული საქონლის მაღაზია. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ხ-შვილი მაღაზიაში მუშაობდა გამყიდვლად, მისი მეუღლე თ. ხ-შვილი კი დამხმარედ. მოპასუხეებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა სარეალიზაციოდ შეტანილ საქონელზეც. პროდუქციის რეალიზებიდან მიღებულ თანხას პერიოდულად იბარებდა შპს «ა-ს» დირექტორის მოადგილე რ.ნ-ძე, რაც ფიქსირდებოდა სპეციალურ რვეულში თანხის ოდენობის ზუსტი მითითებით. 2003წ. 17 ოქტომბერს, მითითებული პირის მიერ მაღაზიის აღწერა-ინვენტარიზაციისას აღმოჩნდა, რომ აღრიცხვის რვეულში შეტანილი მონაცემები გადასწორებული იყო. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, რ.ნ-ძეს მაღაზიიდან წაღებული ჰქონდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მას რეალურად ჩაბარდა. მოსარჩელემ მოითხოვა რიცხობრივი მონაცემების გადასწორების შედეგად მიუღებელი თანხის _ 7040 ლარის, პროდუქციის ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დანაკლისის _ 751 ლარის, საურავის _ 1029 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 2890 ლარის, სულ _ 11710 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო მონაცემების შემცველი რვეული ინახებოდა მაღაზიაში, მათი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა მათ რიცხვითი მონაცემები არ გადაუსწორებიათ.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 3980 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შპს «ა-ს» დირექტორმა ა.ნ-ძემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან ერთად მოითხოვა ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 260 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს «ა-ი» ჩამოყალიბდა 1995 წელს. შპს «ა-სმა» 2002წ. 2 მაისს ნ. ხ-შვილთან, 2003წ. 1 ივნისს კი თ. ხ-შვილთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. ნ. ხ-შვილი დაინიშნა გამყიდვლად, ხოლო თ. ხ-შვილი _ დაცვის უფროსად. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, თ.ხ-შვილმა ვალდებულება იკისრა‚ თავისი მეუღლე ნ.ხ-შვილისათვის გაეწია დახმარება და მის შემცვლელად ემუშავა მაღაზიაში. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სადავო პერიოდი მოიცავს 2003წ. 7 იანვრიდან ამავეწ. 17 ოქტომბერს, აგრეთვე, სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ამ პერიოდში მოპასუხეებმა რ. ნ-ძისაგან მიიღეს 49006 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც რეალიზებულ იქნა 48690,55 ლარის პროდუქცია. სასამართლომ არ გაიზიარა ნ. და თ.ხ-შვილების მოსაზრება, რომ მათ სავაჭრო საქონელი არ დაუზიანებიათ და არ გაუნადგურებიათ, ამდენად, მათი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხეთა ქმედების შედეგად მოსარჩელემ ფულადი დანაკლისის სახით მიიღო. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების დოკუმენტს წარმოადგენდა რვეული, რომელშიც ნ.ხ-შვილი ყოველდღიურად აღრიცხავდა დღის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას და დღის ბოლოს აბარებდა რ.ნ-ძეს. ეს უკანასკნელი ამოწმებდა რვეულში შეტანილ სიტყვიერ და ციფრობრივ მონაცემებს, რასაც ადასტურებდა თავისი ხელმოწერით. პალატამ, ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე მითითებით, არ გაიზიარა ნ.ხ-შვილის მოსაზრება, რომ აღნიშნული რვეულის შენახვა-წარმოება მის მოვალეობას არ წარმოადგენდა და მასზე ხელი ნებისმიერ პირს მიუწვდებოდა. სასამართლოს განმარტებით, სადავო რვეული კანონით დადგენილ ბუღალტრულ წარმოებას არ შეესაბამება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი განსახილველი სადავო ანგარიშსწორების ერთადერთი დამადასტურებელი მტკიცებულებაა. ამასთან, აღრიცხვის ამ ფორმაზე მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ, რაც მათ საქმიანობაში წესად დამკვიდრდა. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო რვეულში დაფიქსირებული მონაცემები გადასწორებულია, რაც დადასტურდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმოწერისა და საბუთების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ფულად დანაკლისზე პასუხისმგებლობა ნ. ხ-შვილს უნდა დაეკისროს, ვინაიდან მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ 2003წ. 17 ოქტომბრამდე სადავო რვეული ინახებოდა ნ. ხ-შვილთან, 2003წ. 17 ოქტომბერს მოპასუხე გადასწორებების შედეგად მიღებული ციფრების რეალობას სადავოდ არ ხდიდა, რაც თავისი ხელმოწერითაც დაადასტურა. სასამართლომ არ გაიზიარა ნ.ხ-შვილის განმარტება, რომ სადავო რვეული 2003წ. 14 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე ინახებოდა რ.ნ-ძესთან. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც იგი ვერ გახდებოდა ნ.ხ-შვილის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, რადგან რვეულის შენახვის ვალდებულება მას ეკისრებოდა. შრომის კანონთა კოდექსის 118-ე და 121-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმოწერისა და საბუთების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, რვეულში გადასწორებული 23 შემთხვევიდან 13 შემთხვევაში შესაძლებელი გახდა გადასწორებამდე არსებული თავდაპირველი ციფრების აღდგენა და ამ ნაწილში მეტობით გადასწორებული თანხების ოდენობამ შეადგინა 3980 ლარი. დარჩენილ 10 შემთხვევაში თავდაპირველი ციფრების აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 172-ე მუხლით და არ გაიზიარა ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა დარჩენილ 10 შემთხვევაში მეტობით გადასწორებული თანხის ჯამი, 3060 ლარი და სარჩელის ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა, ვინაიდან აღნიშნული ოდენობა მიღებულია დადგენილი 13 შემთხვევიდან გამოყვანილი საერთო არითმეტიკული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ასევე არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც იმ დასაბუთებით, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 2003წ. შედეგების საბალანსო მონაცემები 2005წ. მიუღებელი შემოსავლის ფაქტის დასადგენად ვერ გამოდგება. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სადავო შემთხვევა სკ-ის 413-ე მუხლით რეგულირებულ ურთიერთობათა რიცხვს არ განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც შპს «ა-სმა», ისე ნ. და თ. ხ-შვილებმა, გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 17 ივლისის განჩინებით ნ. და თ. ხ-შვილების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

შპს «ა-სის» დირექტორმა ა. ნ-ძემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. და თ. ხ-შვილებისათვის 12 990 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებანი მართებულად დაადგინა, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლოს ასევე უნდა გაეზიარებინა საქმის მასალებში წარმოდგენილი 2005წ. 31 მარტის საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გადასწორებული მონაცემების აღდგენის შეუძლებლობის გამო, ექსპერტმა ამ ნაწილში სადავო დანაკლისი 3060 ლარით განსაზღვრა. აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 162-ე, 171-173-ე მუხლებით და საქმეზე დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა ან ექსპერტიზის ჩატარება დაევალებინა სხვა ექსპერტისათვის, რაც არ განხორციელებულა. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი შედარებითი ანალიზის მეთოდით გაანგარიშებული თანხა _ 3060 ლარი კანონით განსაზღვრულ გონივრულ გაანგარიშებას შეესაბამება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს «ა-სს» გააჩნდა საქონელბრუნვის სტაბილური გარემო და შემოსავალი. 2004-2005 წლებში საქონლის რეალიზების მონაცემებით სტაბილური მოგების მაჩვენებელია 99,2%, სავარაუდო შეცდომა _ 0,8%, შემოსავლის სტაბილური მაჩვენებელი _ 99%. სასამართლომ აღნიშნული მსჯელობა უკანონოდ არ გაიზიარა და სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ხითარიშვილებს 2004-2005 წლებზე გაანგარიშებით ზიანის _ 2890 ლარის ანაზღაურება არ დააკისრა. ზემოხსენებული საქონელბრუნვის მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ ა. ნ-ძეს საქმიან წრეში დადებითი რეპუტაცია ჰქონდა, ვინაიდან 10 თვის განმავლობაში სარეალიზაციოდ 49006 ლარის პროდუქციას ანდობდნენ, თუმცა მოპასუხეთა ქმედებების შედეგად მისი საქმიანი რეპუტაცია შეირყა, 2003წ. 17 ოქტომბრიდან შპს «ა-სი» აღარ ფუნქციონირებს, რაც ა.ნ-ძის მიერ შრომის სუსტ ორგანიზაციაზე მიუთითებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 118-ე მუხლი, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი დანაწესი არ გამოუყენებია და დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოპასუხეთათვის უნდა დაეკისრებინა მორალური ზიანის _ 5000 ლარის გადახდა. ამასთან, ნ. და თ. ხ-შვილებს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ასევე სახელმწიფო საგადასახადო სამსახურისათვის გადასახდელი 1029 ლარის, საქონლის აღწერისას გამოვლენილი 751 ლარის დანაკლისის, ასევე ადვოკატისა და ექსპერტიზის ხარჯების _ 260 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-სის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება მაღაზიის აღწერისას გამოვლენილი დანაკლისის _ 751 ლარისა და მხარეთა ანგარიშსწორების რვეულში მონაცემთა გადასწორების 10 შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე შპს «ა-სის» სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ შეიცავს მითითებული სახის პრეტენზიას, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1995 წელს დაფუძნდა შპს «ა-სი», რომელმაც 2002წ. 2 მაისს ნ. ხ-შვილთან, 2003წ. 1 ივნისს კი თ. ხ-შვილთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. ნ. ხ-შვილი დაინიშნა გამყიდვლად, ხოლო თ. ხ-შვილი _ დაცვის უფროსად და გამყიდვლის შემცვლელად. მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორება წარმოებდა აღრიცხვის რვეულის მეშვეობით, რომელშიც ნ.ხ-შვილი ყოველდღიურად აღრიცხავდა დღის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას და დღის ბოლოს აბარებდა რ.ნ-ძეს. ეს უკანასკნელი ამოწმებდა რვეულში შეტანილ სიტყვიერ და ციფრობრივ მონაცემებს, რასაც ადასტურებდა თავისი ხელმოწერით. სადავო რვეული ინახებოდა ნ. ხ-შვილთან, რომელიც პასუხისმგებელი იყო მასში შეტანილი მონაცემების სისწორეზე. ასევე დადგინდა რვეულში დაფიქსირებული მონაცემების გადასწორების ფაქტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმოწერისა და საბუთების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღრიცხვის რვეულში გადასწორებული 23 შემთხვევიდან 13 შემთხვევაში შესაძლებელი გახდა გადასწორებამდე არსებული თავდაპირველი ციფრების აღდგენა და ამ ნაწილში მეტობით გადასწორებული თანხების ოდენობამ შეადგინა 3980 ლარი. დარჩენილ 10 შემთხვევაში თავდაპირველი ციფრების აღდგენა ვერ მოხერხდა.

საკასაციო პალატა იზირებს კასატორის მოსაზრებას, ანგარიშსწორების მონაცემების გადასწორების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დაუსაბუთებლობის შესახებ შემდეგი მოტივით: მითითებულ მოთხოვნის დასასაბუთებლად შპს «ა-სმა» სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება _ ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გამოანგარიშდა დარჩენილ 10 შემთხვევაში მეტობით გადასწორებული თანხის ჯამი _ 3060 ლარი. მოსარჩელემ ამ დასკვნაზე დააფუძნა თავისი სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა ანგარიშსწორების რვეულში სადავო მონაცემების მეტობით გადასწორების იმ 10 შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლის თავდაპირველი მონაცემების აღდგენა ვერ მოხერხდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება, სსკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიარა, თუმცა ნ.ხ-შვილის ბრალეულობა სადავო რიცხობრივ მონაცემთა მეტობით გადასწორებაში და დამდგარი ზიანის არსებობაში დადგენილად მიიჩნია.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სადავო გარემოებათა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის თანაბრად არის განაწილებული და ყოველი მხარე ვალდებულია‚ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნის ან შესაგებლის საფუძველი. განსახილველი დავის გადაწყვეტისას, სასამართლოს არ უმსჯელია, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეკისრებოდა თუ არა მოსარჩელეს სადავო ზიანის ზუსტი ოდენობის მტკიცების ტვირთი და მომდინარეობდა თუ არა ასეთი ვალდებულება რომელიმე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმიდან. ასევე არ შეუფასებია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულების უარსაყოფად და გასაქარწყლებლად მოპასუხეს გააჩნდა თუ არა დასაბუთებული შესაგებელი.

საფუძვლიანია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმით, სასამართლო გამოიკვლევს და დაადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და სათანადო სამართლებრივ შეფასებას აძლევს მათ. სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ყველა იმ გარემოებასა და მოთხოვნაზე, რომელსაც მხარე აყენებს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აპელანტ შპს «ა-სის» მოთხოვნაზე მაღაზიის ინვენტარიზაციისას გამოვლენილი 751 ლარის დანაკლისის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ. სააპელაციო პალატას ზემოხსენებული დანაკლისის არსებობის ფაქტი არ გამოუკვლევია და, შესაბამისად, არც იურიდიულად შეუფასებია, რაც მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

რაც შეეხება კასატორის სხვა მოთხოვნებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე კასატორის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სკ-ის მე-18 და 413-ე მუხლები მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა ამავე კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმით მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგომის შესაძლებლობა და მისი მოვალის ბრალით მიუღებლობა დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი შემოსავლის რეალურობა დადასტურებული არ არის.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო საგადასახადო სამსახურისათვის გადასახდელი 1029 ლარისა და ექსპერტიზის ჩასატარებლად და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ 260 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მითითებულ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მტკიცებულება, რომელიც ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფიელბის საფუძვლად გამოდგებოდა, მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მითითებულ მოთხოვნათა დაუსაბუთებლობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ა-სის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება მაღაზიის აღწერისას გამოვლენილი დანაკლისის _ 751 ლარისა და მხარეთა ანგარიშსწორების რვეულში მონაცემთა გადასწორების 10 შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში შპს «ა-სის» სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ განჩინებით კვლევით ნაწილში დასაბუთების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს სადავო ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის კანონის დადგენილი წესით გადანაწილების თაობაზე და ასევე დანაკლისის _ 751 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ა-სის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 იანვრის განჩინება _ მხარეთა ანგარიშსწორების რვეულში მონაცემთა გადასწორების 10 შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და მოპასუხეებისათვის 751 ლარის დანაკლისის დაკისრებაზე შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილევლად.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.