გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.06.2005
საქმის ნომერი
ას-157-484-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-157-484-05 22 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: წილის გამოყოფა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 8 აპრილს ლ. წ-მა და ო. ს-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ნ. ა-ის, გ. და ც. ს-ების მიმართ წილის გამოყოფისა და ზარალის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხეებს მათ შვილთან, გ. ს-თან ერთად, საერთო საკუთრებაში გააჩნიათ თბილისში, ... მდებარე ბინა ¹10, სადაც ცხოვრობდნენ 2002წ. 10 ივნისამდე. ოჯახში შექმნილი უთანხმოების გამო, მცირეწლოვან შვილთან ერთად მოსარჩელეები იძულებული გახდნენ დაექირავებინათ სხვა საცხოვრებელი ბინა. ლ. წ-მა და ო. ს-მა მიიჩნიეს, რომ ვინაიდან მოპასუხეები სარგებლობენ მათი საკუთრებით, მათ ადგებათ ზიანი, რადგან ბინის 50 ლარად გაქირავების შემთხვევაში 2 წლის განმავლობაში მიიღებდნენ 1200 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საერთო საკუთრებიდან 3/6-ის გამოყოფა, საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა მხარეთა შორის საზიარო უფლება თბილისში, რუსთავის ... მდებარე ¹10 ბინაზე, საერთო ფართით 66.60 კვ.მ, საცხოვრებელი _ 48 კვ.მ და მოსარჩელეებს ლ. წ-სა და ო. ს-ს მათ არასრულწლოვან შვილთან გ. ს-თან ერთად წილის სახით გამოეყოთ ცალკე ზემოაღნიშნული ბინის 3/6, ხოლო ზიანის ანაზღაურებაზე მათ ეთქვათ უარი. მოპასუხეებს ნ. ა-ეს, გ. და ც. ს-ებს აეკრძალოთ ხელშეშლა მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ემ, გ. და ც. ს-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავო ბინაზე საერთო (საზიარო) საკუთრების უფლება წარმოეშვათ 1998წ. 8 ივლისს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ნ. ა-ეს, ლ. წ-ს, ც., გ., ო. და გ. ს-ებს გადაეცათ თბილისში, ... ¹12ა-ში მდებარე ბინა ¹10. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004წ. 22 მარტის ცნობის თანახმად, ბინა აღნიშნულ პირებზე ირიცხება თანაბარი უფლებით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბინის უსასყიდლოდ გადაცემა მოხდა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, რომლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან, შესაბამისად, მოდავე პირებს საკუთრების უფლება ბინაზე თანაბრათ აქვთ მოპოვებული, სადაც თითოეულის წილი შეადგენს 1/6-ს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებულია ნ.ა-ესა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შორის, ბინის მესაკუთრესაც თვითონ წარმოადგენს, ვინაიდან ბინა საკუთრებაში გადაეცა იმ პირებს, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულებაში და აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ტექბიუროს ცნობითაც. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტთა მითითება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის სასამართლოში წარუდგენლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეზე დართულია თბილისის მერიის ტექბიუროს ცნობა, ხოლო სკ-ის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურისათვის სამოქალაქო კოდექსით დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დავალებული აქვს ტექნიკურ ინვენტარიზაციის ბიუროს.

სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია მოსარჩელეები არ ითხოვდნენ საზიარო უფლების გაუქმებას, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასეთის მითითებით, მხარეს არ მიეკუთვნა იმაზე მეტი, რასაც ითხოვდა. მოსარჩელეებს განესაზღვრათ მხოლოდ იდეალური წილის 3/6, რასაც ისინი ითხოვდნენ, ხოლო ნატურით გამოყოფას და რეალური წილის განსაზღვრას ადგილი არ ჰქონია.

სკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტთა ზემომითითებული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად გადაწყვეტილების გაუქმებას. საქმის მასალებით არ დადასტურდა შეგებებული სარჩელის წარდგენა საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე (188-ე მუხლი). ამასთან, ის არ პასუხობდა სკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა მიღებული წარმოებაში შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების განცხადება ადვოკატების ხარჯების დაკისებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით, მეორე მხარეს ეკისრება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ემ და გ. ს-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არსწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტი. მათი აზრით, აღნიშნული კანონი გულისხმობს სახელმწიფოს ნებას უსასყიდლოდ გადასცეს ბინა მის დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრებს, რომლის განხორციელებაც დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრების ნებაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება გადასცა დამქირავებელს და მისი ოჯახის წევრებს, თუმცა მის მიღებაზე ნება მხოლოდ ნ. ა-ემ და გ. ს-მა გამოხატეს.

საკასაციო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად ჩათვალა მოსარჩელეთა მცირეწლოვანი შვილი სადავო ბინაზე საკუთრების უფლების თანაბარ მეწილედ, რადგან ბინის პრივატიზების მომენტისათვის იგი ექვსი წლის იყო, ხოლო სკ-ის მე-12 მუხლის მეოთხე ნაწილით შვიდ წლამდე ასაკის პირი (მცირეწლოვანი) ითვლება ქმედუუნაროდ და იგი არ წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლის სუბიექტს.

კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, კერძოდ, მათ გააუქმეს მხარეთა შორის საზიარო საკუთრების უფლება, თუმცა მოსარჩელეები ითხოვდნენ საერთო საკუთრებიდან 3/6 განსაზღვრას. ამდენად, სასამართლომ მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე» ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სარჩელით მოითხოვდნენ სადავო ქონებაში წილის განსაზღვრას და გამოყოფას, ე.ი. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 954-ე და 961-ე მუხლები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეთა შორის საზიარო საკუთრების უფლება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... (საერთო ფართი _ 66.60 კვ.მ, საცხოვრებელი _ 48 კვ.მ) და ლ. წ-ს, ო. ს-ს მათ არასრულწლოვან შვილთან გ. ს-თან ერთად გამოეყოთ წილის სახით, ცალკე, ბინის 3\6.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს განესაზღვრათ სადავო ქონებაში მხოლოდ იდეალური 3\6, ხოლო ქონება ნატურით არ გაყოფილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით საზიარო ნივთზე (ბინაზე) საზიარო უფლება გაუქმდა სკ-ის 963-ე მუხლით, საზიარო უფლების გაუქმება ნივთზე ხდება ნატურით გაყოფისას (მოსარჩელეც წილის გამოყოფას მოითხოვს). მითითებული ნორმით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აღნიშნულ ნორმაზე, მაგრამ არ დაასაბუთა მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა სადავო ბინის ნატურით გაყოფა. თუ ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელეების მოთხოვნა წილის გამოყოფის თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ ცალკე გამოეყოთ სადავო წილი ისე, რომ არ დაადგინა შესაძლებელია თუ არა ბინის ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეამოწმოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით წილის გამოყოფისა და საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში.

საკასაციო პარატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას სასამართლოს მიერ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის არასწორად განმარტებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 28 მაისის ¹ას-283-575-04 განჩინება „გადაწყვეტილება» 2004 წ. ¹6 გვ. 1381).

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მცირეწლოვან გ. ს-ისთვის სასამართლოს წილი არ უნდა მიეკუთვნებინა, რადგან იგი ბინის პრივატიზაციისას ქმედუუნარო იყო. სკ-ის მე-11 მუხლის I ნაწილით ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლება-მოვალეობები, წარმოეშობა დაბადების მომენტიდან. გ. ს-ის, რადგან იგი ბინის პრივატიზაციის დროს დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო, მიენიჭა უფლება ბინაზე შეეძინა საკუთრება. რაც შეეხება ქმედუნარიანობას, ვინაიდან გ. ს-ი სარჩელის წარდგენისას შეზღუდულქმედუნარიანი იყო (სარჩელის აღვძრისას იგი 12წ. იყო), სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები. განსახილველ შემთხვევაში გ. ს-ის კანონიერი წარმომადგენლები არიან მოსარჩელეები _ ლ. წ-ი და გ. ს-ი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.