დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-169-496-05 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 9 ივლისს გ. და მ. ჯ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. ჯ-ისა და ზ. ლობჟანიძის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ.სამტრედიაში, ... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება გ. ჯ-ის სახელზე. მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ გ. და მ. ჯ-ები, მათი ვაჟი ლ. ჯ-ე და რძალი ზ. ლ-ე. მოსარჩელეებს ჰყავთ ქ.ქუთაისში გათხოვილი ქალიშვილი ქ. ჯ-ე. მოპასუხეთა მხრიდან მუდმივი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, მათი რჩენისათვის თავის არიდების გამო, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ლ. ჯ-ის უღირს მემკვიდრედ აღიარება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელში დასახელებული გარემოებანი სინამდვილეს არ შეესაბამება. მათი განმარტებით, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი განპირობებულია მშობლების სურვილით, თავისი კარ-მიდამო მხოლოდ ქ. ჯ-ეს დაუტოვონ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ჯ-ე და ზ. ლ-ე აღიარებულ იქნენ გ. და მ. ჯ-ების უღირს მემკვიდრეებად. რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ლ. ჯ-ემ და ზ. ლ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1310-ე მუხლი, რადგან ამ ნორმის გამოყენება და პირისათვის მემკვიდრის უფლების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ისეთ მოქმედებას ჩაიდენს, რომლითაც განზრახ ხელს შეუშლის მამკვიდრებელს უკანასკნელი ნება-სურვილის განხორციელებაში, რითაც ხელს შეუწყობს თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროდან მათი წილის გაზრდას. პალატის აზრით, განზრახი მოქმედება მხოლოდ მემკვიდრედ მოწვევის ან წილის გაზრდის მიზნით უნდა იყოს ჩადენილი, მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეთა მხრიდან მსგავსი მოქმედებების ჩადენა არ დადასტურებულა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სკ-ის 1312-ე მუხლი უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს არა ყველას, არამედ იმ პირს, რომლისათვისაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს გამოიწვევს. პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი შეტანილია მომავალი მამკვიდრებლების მიერ, ამდენად, მათი შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ვერანაირ ქონებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სკ-ის 1381-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებელს მის სიცოცხლეში სასამართლოში მიმართვის გზით შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ წარმოდგენილი სარჩელი მსგავს მოთხოვნას არ შეიცავს.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გ. და მ. ჯ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და ლახავს მათ უფლებებს. კასატორებმა არ გაიზიარეს სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება ხდება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ და მიუთითეს, რომ მათი ცხოვრება მოპასუხეებთან გაუსაძლისია, რის გამოც სასამართლოს უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. კასატორები სრულად დაეთანხმნენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, თუმცა მიუთითეს, რომ კოლეგიამ შეცდომით ცნო ზ. ლ-ე უღირს მემკვიდრედ, ვინაიდან მის მიმართ სარჩელში მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ან მოპასუხეთათვის მათ მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების აკრძალვა და მშობლებზე ზრუნვის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი, კერძოდ:
გ. და მ. ჯ-ების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რა მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობა, საოლქო სასამართლომ მხარეთა შორის არსებულ დავას სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დაუშვებლად მიიჩნია სკ-ის 1310-ე მუხლის გამოყენება. აღნიშნული ნორმით არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უღირს მემკვიდრედ პირის ცნობა ხდება მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ხელს უშლიდა მამკვიდრებლის ნამდვილი ნების გამოვლენას. სკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მამკვიდრებლად მიიჩნევა გარდაცვლილი პირი, რომლის ქონებაც სხვა პირებზე კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობით გადადის. ამავე კოდექსის 1312-ე მუხლის თანახმად, უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები თვითონვე წარმოადგენენ სავარაუდო მამკვიდრებელს და უღირს მემკვიდრედ ცნობას მათთვის არავითარი ქონებრივი შედეგი არ მოყვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. და მ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთიასის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.