დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.02.2006
საქმის ნომერი
ას-191-884-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-191-884-03 16 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: მზითვებისა და ინდივიდუალური საკუთრების ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ი-შვილმა სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. ა-ოვის მიმართ და აღნიშნა, რომ 1994წ. მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. 2002 წელს მოპასუხემ დაატოვებინა ოჯახი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის სახლში მიტანილი მზითვებისა და ინდივიდუალური საკუთრების ნივთების დაბრუნება.

თბილისის ისანი _ სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას დაუბრუნდა სხვადასხვა დასახელების მზითვის სახით მიტანილი ინდივიდუალური ნივთები, რომლის საერთო ღირებულება 4438 ლარია.

რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ვ. ა-ოვმა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

თბილისის ისანი _ სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს მიერ 2002წ. 11 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ა-ოვმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის ისანი – სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განჩინება, ვ. ა-ოვის საჩივარი რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია სსკ-ის 233-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როცა გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სასამართლო სხდომაზე ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ი-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება სსკ-ის 393-ე მუხლის საფუძველზე.

2003წ. 11 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ა-ოვის რძალმა კ. ა-ოვმა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ვ. ა-ოვის გარდაცვალების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 სექტემბრის განჩინებით დ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა აწ გარდაცვლილი ვ. ა-ოვის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ამავე სასამართლოს 2005წ. 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დ. ი-შვილის საკასაციო საქმის განხილვა განახლდა სსკ-ის 283-ე მუხლის საფუძველზე და ვ. ა-ოვის უფლებამონაცვლედ, სამოქალაქო საქმეში დ. ი-შვილის სარჩელის გამო, პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე ჩართულ იქნა ვ. ა-ოვის შვილი _ ვი. ა-ოვი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. ა-ოვი არ იყო გაფრთხილებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის სხდომის დღის შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თვლის, რომ მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით მხარის შეუტყობინებლად იგივეა, რაც საქმის განხილვა მხარის მონაწილეობის გარეშე. ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვლება, როცა სასამართლოს უწყებაში არ არის მითითება გამოუცხადებლობის შედეგებზე. სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ვ. ა-ოვის სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით გაგზავნილი შეტყობინება სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს განჩინება უსაფუძვლოდ, სადაც იგი საუბრობს სსკ-ის 232-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს მხარის გამოუცხადებლად მიჩნევას, რომელიც‚ თუმცა დანიშნულ დროს გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენება უკანონოა და სამართლებრივად უსაფუძვლოა, ვინაიდან რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ვ. ა-ოვი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა