დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.07.2005
საქმის ნომერი
ას-195-516-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-195-516-05 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 დეკემბერს სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. გ-მა მოპასუხეების _ გ. მ-ის, ზ. და თ. დ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ და განმარტა, რომ 2000წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით მისი ძმისშვილი ვ. დ-ე გამოსახლდა მისი საკუთრების ბინიდან. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მოპასუხეები მის დაუკითხავად შევიდნენ ბინაში. სადავო ბინა არის მის მიერ პრივატიზებული, ხოლო მოპასუხეებს არ გააჩნიათ ბინით სარგებლობის იურიდიული საფუძველი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, იმ მოტივით, რომ ისინი სადავო ბინაში 43 წელი ცხოვრობენ. ბინა ფორმალურად იყო გაფორმებული მოსარჩელეზე, რომელსაც იქ ერთი დღეც არ უცხოვრია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. მ-მა საჩივრის მეშვეობით მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. 2003წ. 28 ივლისს საჩივარი დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემოთ აღნიშნული განჩინება. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს. ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა კერძო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საჩივარი ზეპირ სხდომაზე განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ სარჩელი მოხსნა მოპასუხე თ. დ-ის მიმართ, იმ მოტივით, რომ იგი არ ცხოვრობს სადავო ბინაში.

სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე, განიხილა სარჩელი და 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა იგი და სადავო ბინიდან გამოასახლა მოპასუხეები. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. მ-ის წარმომადგენელმა კ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსი. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. ამ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად, მოპასუხეები იყვნენ მოსარჩელის ოჯახის წევრები და მათ მოიპოვეს ფართზე უფლება. ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები 43 წელია ცხოვრობენ სადავო ბინაში და მათ მიმართ უნდა გამოყენებულიყო 1996წ. ბინის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მომწესრიგებელი ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 29 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1991 წლიდან პრივატიზებამდე ბინაში ჩაწერილი იყო მხოლოდ დ. გ-ი. სააპელაციო პალატამ საჩივრის არგუმენტი აპელანტის ოჯახის წევრობის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად, ფართზე უფლებას მოიპოვებოდნენ ძირითადი დამქირავებლის ოჯახის წევრები. 107-ე დადგენილების თანახმად, პრივატიზაციაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დამქირავებლის ოჯახის წევრები, ხოლო საქმის მასალებით დადგინდა, რომ აპელანტი არ იყო დ. გ-ის ოჯახის წევრი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ აპელანტის ოჯახი სადავო ბინაში 43 წელი ცხოვრობდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა. აქვე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუნდაც 10 წელი, ცხოვრება ვერ წარმოშობს რაიმე უფლებას ბინაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება იმ პირისგან, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნივთს.

საოლქო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინება 2005წ. 28 იანვარს საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა გ. მ-ის წარმომადგენელმა კ. ხ-მა. მან მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2004წ. 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ამის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

1. რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 185-ე მუხლი, რადგან მოსამართლემ მოსარჩელე დ. გ-ს დაუდგინა ხარვეზი ბაჟის გადახდაზე და 10 დღიანი ვადა მის შესავსებად. მოსარჩელემ ამ ვადას ერთი კვირა გადააცილა. მოსამართლემ კი ჩათვალა, რომ ბაჟი გადახდილი იყო. არ გამოიტანა განჩინება 185-ე მუხლის შესაბამისად და ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ მოპასუხეებისათვის არ გაუგზავნია სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მიხედვით უწყებები;

2.სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ის მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 185-ე, 233-ე, 240-ე, 241-ე მუხლები, არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვაზე, რაც ნათელს მოჰფენდა საქმეზე ჭეშმარიტებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სსკ-ის 441-ე მუხლის მოთხოვნა, რომ მესაკუთრეს და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა უნდა შეჩერდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მიღებამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 1991 წლიდან სადავო ბინაში ჩაწერილი იყო მხოლოდ მოსარჩელე. 1994წ. 5 ნოემბერს, სადავო ბინის პრივატიზაციის შემდეგ, მოსარჩელე აღირიცხა როგორც ერთ-ერთი მესაკუთრე, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არ ყოფილა მოსარჩელის ოჯახის წევრი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მითითება რაიონული სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან საკასაციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას. ამასთან, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.