დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.10.2006
საქმის ნომერი
ას-217-636-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-217-636-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ა-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ანის მიმართ საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. ა-ანს მამის _ რ. ა-ანის კუთვნილ‚ 1993წ. 6 თებერვალს პრივატიზებულ ბინაში ფლობისა და სარგებლობის უფლებით გამოეყო ფართი. 2001წ. იანვრიდან ს.ა-ანს აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრია, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს სადავო ფართზე უფლებადაკარგულად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

წალკის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს დაუსწრებელი და 20 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, რ.ა-ანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს. ა-ანის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა წალკის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს. ა-ანმა შეიტანა საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 16 მარტის სხდომაზე ს. ა-ანი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს. ა-ანის გამოუცხადებლობის მოტივით, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 387-ე და 242-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შემტანი პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ა-ანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: 2006წ. 16 მარტის სხდომაზე ს.ა-ანის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საჩივრის შემტანი პირის ავადმყოფობით. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ექიმის ცნობა, რომლის თანახმად ს.ა-ანი 2006წ. 15-17 მარტს იმყოფებოდა ავად. მხარემ ვერც სასამართლო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინება ვერ შეძლო შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, მითითებული მომენტისათვის ახალქალაქში თოვდა, გზებზე მოძრაობა შეწყდა, რამაც ასევე ხელი შეუშალა ს.ა-ანის პროცესზე გამოცხადებასა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას. ამდენად, ამ შემთხვევაში არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, რის გამოც ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. საკასაციო საჩივარს დაერთო სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად 2006წ. 15-17 მარტს ს. ა-ანი იმყოფებოდა ავად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწაყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ს. ა-ანის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ა-ანის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის _ ს. ა-ანის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა წალკის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს. ა-ანმა შეიტანა საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 16 მარტის სხდომაზე ს. ა-ანი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ. საჩივრის ავტორს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შემტანი პირის დანიშნულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 233-ე მუხლით კი განსაზღვრულია ის გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებად ს.ა-ანი მიიჩნევს 2006წ. 16 მარტის სასამართლო სხდომის დღეს მის ავად ყოფნას.

სსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამდენად, კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ისეთი გარემოების არსებობა, რომელის გამოც გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება შეუძლებელი გახდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ვერ აცნობა თავისი ავადმყოფობის, ასევე ახალქალაქის რაიონში იმჟამად არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ს.ა-ანის ავადმყოფობის ცნობით მხარის ისეთი დაავადების არსებობა, რომელიც სასამართლოში მის გამოუცხადებლობასა და სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინებას შეუძლებელს გახდიდა, არ დასტურდება. ასევე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მოსაზრება იმჟამად ახალქალაქში შექმნილი უამინდომის სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუძლეველ ძალად მიჩნევის შესახებ, რადგან საქმის მასალებით აღნიშნული გარემოება სათანადო წესით დადასტურებული არ არის.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ა-ანმა, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 16 მარტის სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სათანდოდ ვერ დაადასტურა, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ა-ანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.