დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-22-473-06 ¹ ას-22-473-06 13 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა, სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-შვილის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობისა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ი. მ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რა ე.ლ-ესთან, შეეძინათ შვილი _ თ. მ-შვილი. მოსარჩელეს შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია, რაშიც თავდაპირველად ხელს უშლიდა ყოფილი მეუღლე, ხოლო შემდეგ 8 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა საზღვარგარეთ, სადაც ხელმეორედ დაქორწინდა და შეეძინა 6 შვილი. საქართველოში დაბრუნებისას ი. მ-შვილმა შეიტყო, რომ მისი კუთვნილი‚ ქ. თბილისში, ... ქ.¹51-ში მდებარე ბინა 1971წ. 12 იანვარს მისმა დამ _ ე. მ-შვილმა მოპასუხეს უკანონოდ აჩუქა, რის შემდეგაც თ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ და სადავო ბინის ი. მ-შვილის სახელზე პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით ცდილობდა ბინის დასაკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, თ.მ-აშვილი წარმოადგენდა უღირს მემკვიდრეს, ვინაიდან მის სიცოცხლეშივე ცდილობდა ხელი შეეშალა მამის უკანასკნელი ნების _ ბინის თავისი მემკვიდრეებისათვის გადაცემის, აღსრულებაში ხელის შეშლას და სამკვიდროდან მისაღები თავისი წილის გაზრდას. სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1381-ე მუხლებზე დაყრდნობით ი.მთვრალაშვილმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
თ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: იგი დაბადებიდან, წლების განმავლობაში, ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ქ.¹51-ში მდებარე ბინაში, რომელიც 1971წ. 12 იანვრის ხელშეკრულებით აჩუქა მამიდამ. უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა თ.მ-შვილის მიერ მამის სამკვიდროდან მისაღები სავალდებულო წილის გაზრდის განზრახვის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე მის მიერ აღძრული სარჩელით ცდილობდა მხოლოდ თავისი კუთვნილი ბინის დაბრუნებას. მოპასუხის განმარტებით, იგი სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს აცხადებს.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ი. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. მ-შვილი იყო ი. მ-შვილის შვილი. სხვა ქორწინებიდან ი.მ-შვილს ჰყავდა სხვა შვილებიც. მხარეებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა ქ.თბილისში, ... ქ.¹51-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რის გამოც მათ შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ.მ-შვილის მიერ მის მიმართ სასამართლოში სარჩელის აღძვრა, სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1381-ე მუხლების თანახმად, შეიძლება მისი უღირს მემკვიდრედ ცნობისა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს, ვინაიდან თ.მ-შვილის უფლება თავისი ინტერესების სასამართლოში დაცვის შესახებ გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ ჩაითვლება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტს თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რის გამოც ი.მ-შვილის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ი. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1381-ე მუხლები და არ გაითვალისწინა, რომ თ. მთვრალაშვილი მამის მიმართ იჩენდა მტრულ დამოკიდებულებას, აყენებდა მორალურ ზიანს და არ ცნობდა მამად. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 90-ე მუხლის მოთხოვნა და მოცემულ დავაში მესამე პირად არ ჩართო ნოტარიუსი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც სამომავლო სამკვიდრო ქონება _ სადავო სახლი მდებარეობს. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა თ. მ-შვილის განმარტება იმის შესახებ, რომ ე. მ-შვილთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, სადავო სახლი მას ეკუთვნის და სათანდო შეფასება არ მისცა კასატორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ბინის მის სახელზე პრივატიზების თაობაზე. სააპელაციო პალატამ სათანადო შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, კერძოდ, მოპასუხის განმარტებას, იმის შესახებ, რომ თ.მ-შვილი სადავოდ ხდიდა არა მარტო ზემოხსენებული ბინის საკუთრებას, არამედ კასატორის მოქალაქეობის საკითხსაც, ასევე იმ გარემოებას, რომ თ.მ-შვილი მოცემული დავის დამთავრებისას მოსარჩელის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებაზე უარს აცხადებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის წარმოება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი, კერძოდ:
ი. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რა მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობა, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებულ დავას სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დაუშვებლად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის გამოყენება. აღნიშნული ნორმით არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უღირს მემკვიდრედ პირის ცნობა ხდება მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ხელს უშლიდა მამკვიდრებლის ნამდვილი ნების გამოვლენას. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მამკვიდრებლად მიიჩნევა გარდაცვლილი პირი, რომლის ქონებაც სხვა პირებზე კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობით გადადის. ამავე კოდექსის 1312-ე მუხლის თანახმად, უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თვითონვე წარმოადგენს სავარაუდო მამკვიდრებელს და უღირს მემკვიდრედ ცნობას მათთვის არავითარი ქონებრივი შედეგი არ მოჰყვება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის ნაწილშიც ი. მ-შვილის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რისი ვალდებულებაც, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ი. მ-შვილს ეკისრებოდა. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის მეორე ნაწილში გათვალისწინებულ შესაძლებლობას, მამკვიდრებლის მიერ მის სიცოცხლეშივე სავალდებულო წილის მიღების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ თ. მ-შვილის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა და მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებად ვერ ჩაითვლება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ ქ.თბილისში, ... ქ.¹51-ში მდებარე ბინასთან დაკავშირებით თ.მ-შვილის განმარტების გაზიარებისა და მის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილი უფლების უგულებელყოფის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია უღირს მემკვიდრედ ცნობა და სავალდებულო წილის ჩამორთმევა. ამდენად, მითითებული ბინის კუთვნილების საკითხზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. მ-შვილს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევის გარეშე, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.