გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.10.2005
საქმის ნომერი
ას-258-582-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-258-582-05 18 ოქტომბერი, 2005 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ჰ-ემ სარჩელი აღძრა შპს «საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო .. ..ის» მიმართ სკ-ის 408-ე, 409-ე, 412-ე, 413-ე და 1004-ე მუხლების საფუძველზე მორალური ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სასტუმრო «.. ..ის» ლუქს ნომერში, სადაც 2002წ. 20 ნოემბერს ჭერიდან ჩამოვარდნილი პანელის თავსა და კისერზე დაცემით მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც ჯ. ჰ-ემ დაკარგა გრძნობა. აღნიშნულმა შემთხვევამ დიდი ზიანი მიაყენა მოსარჩელის ისედაც მძიმე ჯანმრთელობასა და სულიერ მდგომარეობას. მას დასჭირდა დამატებითი მკურნალობა. ჯ. ჰ-ეს განმარტებით, აღნიშნული ზიანის გამო იგი მომავალშიც საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას. აღნიშნული შემთხვევა მოპასუხის დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია, ვინაიდან იგი ვალდებული იყო, მიეღო ყველანაირი უსაფრთხოების ზომა და ტექნიკურად გამართული ჰქონოდა სასტუმროს ნომრები. მოსარჩელის მოსაზრებით, რადგანაც მისთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს სასტუმროს უპასუხისმგებლო ქმედების შედეგს, მას სკ-ის 413-ე, 992-ე და 1004-ე მუხლებით უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მის მიერ მხოლოდ მორალური ზიანის მოთხოვნას იმ გარემოებით ხსნის, რომ, ტექნიკური მიზეზების გამო, მას არ შეუძლია, ამ ეტაპზე წარმოადგინოს მატერიალური ზიანის (სამედიცინო ხარჯების) დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: მოსარჩელის მითითება 408-ე, 409-ე, 412-ე და 413-ე მუხლებზე დაუსაბუთებელია. სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს შეეფარდება 1004-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ზიანის მიმყენებლის ბრალი, მისი გაუფრთხილებლობა, რაც გამოიხატება შენობის არსებულ ნაკლში ან შენობის არასათანადო მოვლაში. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მიყენებული ზიანისა და შენობის ნაკლს ან არასათანადო მოვლას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, რომელსაც არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ შენობის ნაწილის ნაკლი ან მისი ჩამოვარდნა განპირობებული იყო მისი არასათანადო მოვლით. მარტო ის ფაქტი, რომ შეკიდული ჭერის ფირფიტა ჯ. ჰ-ეს დაეცა, არ არის საკმარისი მტკიცება იმისა, რომ შენობას გააჩნდა ნაკლი, რადგან იგი შეიძლება გამოწვეულიყო თვით მოსარჩელის მოქმედებით ან შემთხვევითობით. ამ შემთხვევის შემდეგ სასტუმროს პერსონალმა შენიშნა ოთახში წაქცეული სკამი და კარადის სხვა კონსტრუქციების გაწევის ფაქტი, რაც მიანიშნებს, რომ ჭერის ჩამოვარდნას ხელი შეუწყო მოსარჩელის მოქმედებამ. ჯ. ჰ-ეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია ამ შემთხვევამ. მოსარჩელის მოთხოვნა დამყარებულია რა დელიქტზე, მან უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობა, შენობის ნაკლი და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა 1000 ლარის გადახდა შპს «საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო .. ..ის» სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული, კერძოდ, სხეულზე თავისა და კისრის არეში გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა და პაციენტის ჩივილები გამოიწვია 2002წ. 20 ნოემბრამდე არსებულმა ქრონიკულმა დაავადებებმა. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთებით ვერ იქნა დადგენილი კონკრეტულად რა სახის ტრავმა მიიღო ჯ. ჰ-ემ. კოლეგიის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კოპენჰაგენის ნეიროქირურგიული სამეფო საავადმყოფოს ექიმ-სპეციალისტის დასკვნა 2002წ. 20 ნოემბერს ჯ. ჰ-ესათვის ტრავმის მიყენებაში მოპასუხის ბრალეულობის შესახებ, ვინაიდან მასში არაფერია ნათქვამი თუ რა სამედიცინო დოკუმენტებს ეყრდნობა იგი. ამასთან, დასკვნა არ პასუხობს სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნას. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ფეხზე მდგომი მოსარჩელისათვის ჩამოვარდნილი ფილის ჰორიზონტალურად თავის ქალის ზედა ნაწილზე დაცემის ფაქტი, რაზეც უთითებდა მოსარჩელე ადგილობრივი დათვალიერების დროს. კოლეგიის მოსაზრებით, კომისიური სასამართლოს სამედიცინო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მოსარჩელეს 2002წ. 20 ნოემბერს რაიმე ტრავმა არ მიუღია, რის გამოც სამოქალაქო პასუხისმგებლობის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არ არსებობს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჰ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, არც ერთი პუნქტი არ შეიცავს რა სარჩელზე უარის თქმის მოტივაციას, არ არის მითითება, თუ რა გარემოებები მიაჩნია სასამართლოს დადგენილად და რა სახის გარემოებები არ იქნა მოსარჩელის მიერ დამტკიცებული. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო შემოიფარგლა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილის ციტირებით და არ შეუფასებია მთლიანობაში. აღნიშნული დასკვნის ციტირებისას სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა ექსპერტიზის დასკვნის ბოლო წინადადება, რამაც აბსოლუტურად შეცვალა დასკვნის შინაარსი. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ექსპერტიზის შესახებ სასამართლო პროცესზე ჯ. ჰ-ეს დასკვნით სიტყვაში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია. კასატორის მოსაზრებით, გაურკვევლადაა ჩამოყალიბებული ექსპერტის განცხადება იმის შესახებ, რომ ჯ. ჰ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რომლის შეფასებაც სასამართლოს არ მოუხდენია. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები: უბედური შემთხვევის შესახებ ანგარიში; ექიმ მ. მ-ის 2003წ. 22 ივნისის სამედიცინო-სამართლებრივი დასკვნა, 2002წ. 6 დეკემბრის სამედიცინო ანგარიში და 2003წ. 23 მაისის სამედიცინო ანგარიში; .. ..ის 2003წ. 19 დეკემბრის წერილი; 2003წ. 20 მაისის თერაპევტის ანგარიში; შპს «ს...ს» 27-28.03.03_12.05.03-ის ინვოისები; .. ..ის 2003წ. 5 ივნისის წერილი; 2002წ. 21 ნოემბრის ვ. ნ-ის მოხსენება 2002წ. 20 ნოემბერს ¹716 ოთახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ისრაელის ყოფილი ელჩის საქართველოში რ. კ-ის წერილობითი ახსნა-განმარტება 2002წ. 20 ნოემბრის სასტუმროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც დასტურდება, რომ აპარტამენტში შეკიდული ჭერის ფილა მართლაც ჩამოვარდა. კასატორის აზრით, საქმეში არსებული დოკუმენტაციის ანალიზისა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სასამართლო კოლეგია მიდის იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და მოსარჩელეს 2002წ. 20 ნოემბერს რაიმე ტრავმა არ მიუღია. სასამართლომ არ დაადგინა 2002წ. 20 ნოემბრის ფაქტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს «საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო .. ..ის» გენერალურმა დირექტორმა ლ. გ-ემ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა ჯ. ჰ-ეს მიმართ მოპასუხის სასარგებლოდ ხარჯების _ 12500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრა მოსარჩელეს 1000 ლარის გადახდა, არ გაითვალისწინა რა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საადვოკატო ბიურო «პ-ა და პარტნიორები სპს-სთან» 2003წ. 30 სექტემბრის ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ და მასში 2004წ. 14 აპრილის ცვლილება, რომელთა თანახმადაც ადვოკატი მიიღებს დამატებით ჰონორარს საქმის მთლიანად ან ნაწილობრივ მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო თანხის დაუკმაყოფილებელი ნაწილის 2,5 %-ის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუკი საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ჯ. ჰ-ემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მათ შორის უბედური შემთხვევის შესახებ ანგარიში; ექიმ მაიკ მაკკარტის 2003წ. 22 ივნისის სამედიცინო-სამართლებრივი დასკვნა; ექიმ მაიკ მაკკარტის 2002წ. 6 დეკემბრის სამედიცინო ანგარიში; .. ..ის 2003წ. 19 დეკემბრის წერილი; ექიმ მ. მ-ის 2003წ. 23 მაისის სამედიცინო ანგარიში; 2003წ. 20 მაისის თერაპევტის ანგარიში; შპს «ს...ს» 27-28.03.03-12.05.03წ. ინვოისი; შპს «ს...ს» 12.05.03წ. ინვოისი; .. ..ის 2003წ. 5 ივნისის წერილი; 2002წ. 21 ნოემბრის ვ. ნ-ის მოხსენება 2002წ. 20 ნოემბერს ¹716 ოთახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ისრაელის ყოფილი ელჩის საქართველოში რ. კ-ის წერილობითი ახსნა-განმარტება. აღნიშნულ მტკიცებულებებზე მსჯელობას და მათ შეფასებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ მოიცავს.

სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სსკ-ის 104-ე მუხლის გათვალისწინებით, მიიღო რა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, შემდგომში არანაირი შეფასება არ მისცა მათ, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე. სსკ-ის 225-ე და 226-ე მუხლების თანახმად, საქმის არსებითად განხილვისას სასამართლო მტკიცებულებათა სარწმუნოობისა და უტყუარობის შემოწმების მიზნით, აფასებს მტკიცებულებებს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ურთიერთშედარებითი გამოკვლევით. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმის არსებითად განხილვისას გამოიკვლიოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ფაქტობრივი დასაბუთებისათვის. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით არ იზიარებს მხარის მიერ წარმოდგენილ ამა თუ იმ მტკიცებულებას და რა დასაბუთებით ანიჭებს სხვა მტკიცებულებებს უპირატესობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო .. ..ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ.ჰ-ესათვის მოპასუხის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ და საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ჰ-ესა და შპს «საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო .. ..ის» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.