დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-27-387-05 11 მაისი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ.გოჩელაშვილი
დავის საგანი სარჩელში: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შეგებებულ სარჩელში: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ს-მ 2004წ. 17 თებერვალს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2002წ. 25 ივნისის ნასყიდობის ხელშკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ თავის მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მას მოპასუხემ სესხის სახით მისცა 4000 აშშ დოლარი თვეში პროცენტების დარიცხვით; მას გადახდილი აქვს ნ. გ-ისათვის 3900 აშშ დოლარი, მაგრამ მოპასუხემ ეს თანხა ჩაუთვალა მხოლოდ პროცენტებში და მოსთხოვა 4000 აშშ დოლარის დაბრუნება, რის გამოც, მათ შორის წარმოიშვა დავა.
ნ. გ-მა სასამართლოში აღძრა შეგებებული სარჩელი მოპასუხე თ. ს-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება ნ. გ-ის საკუთრებაში (ნასყიდობის შედეგად) არსებული ბინიდან. აღნიშნულ მოთხოვნას ნ. გ-მა საფუძვლად დაუდო სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით თ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ... ბინიდან გამოსახლებულ იქნა თ. ს-ა თანმხლებ პირებთან ერთად.
თ. ს-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
თ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ. ს-სა და ნ. გ-ს შორის 2002წ. 25 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ....
დადებულად იქნა ცნობილი თ. ს-სა და ნ. გ-ს შორის სესხის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე, რომლის დაბრუნების ვადად დაფიქსირდეს 2003წ. 25 ივლისი.
ქ. თბილისში, ... მდებარე ¹44 ბინა აღირიცხა თ. ს-ს სახელზე საკუთრების უფლებით და ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით.
დაევალა საჯარო რეესტრის სამსახურს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია.
ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა 4000 აშშ დოლარზე, რომელიც მათ შორის დაიდო სკ-ის 623-625-ე მუხლების შესაბამისად. ეს სასესხო ურთიერთობა ითვალისწინებდა სარგებელსაც პროცენტის სახით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 625-ე მუხლის თანახმად არ იყო გონივრული და იგი შეადგენდა თანხის 10%-ს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად სააპელაციო პალატამ მიიჩნია ის ხელწერილები, რომლებშიც თ. ს-ა აფიქსირებდა ნ. გ-ისათვის ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს. მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადაცემის აღნიშნული ფაქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ. ს-ა იხდიდა პროცენტს, რადგან ჰქონდა მისი გადახდის ვალდებულება.
სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის გარიგებითი წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული ხელწერილი, რომელიც ადასტურებს ნ. გ-ის მიერ თ. ს-ზე 4000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, სხვა სასესხო ურთიერთობას ეხება და აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად 2002წ. 25 ივნისს არ დადებულა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ბინაზე. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის 2002წ. 25 ივნისს დაიდო სასესხო ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე 10%-იანი სარგებლით ჯერ 6 თვით, ხოლო შემდეგ გაგრძელდა 2003წ. 25 ივლისამდე.
აღნიშუნლის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის 2002წ. 25 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ..., არის მოსაჩვენებლად დადებული გარიგება, რომლითაც დაიფარა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობა.
სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომლითაც მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა.
სასამართლომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებაზე გაავრცელა დაფარული გარიგების, სესხის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი წესები და აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა სადავო ბინა. იქვე მიუთითა, რომ სადავო ბინის აღრიცხვა უნდა მოხდეს მის ყოფილ მესაკუთრეზე _ თ. ს-ზე, რომელიც უნდა დაიტვირთოს იპოთეკით თ. ს-სა და ნ. გ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების (4000 აშშ დოლარზე) უზრუნველსაყოფად.
ვინაიდან სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით ისევ უნდა აღირიცხოს მისი ძველი მესაკუთრის _ თ. ს-ს სახელზე, ნ. გ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, სადავო ბინიდან, სკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, თ. ს-ს თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ნ. გ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ.ს-ს სარჩელზე უარის თქმა, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად, ხოლო თ.ს-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მხოლოდ მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლებელი იყო. სააპელაციო პალატა არსებითად გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რის უფლებაც არ ჰქონდა და აპელანტს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ის, რაც არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა, კერძოდ, აპელანტი არ ითხოვდა სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობას, იპოთეკით დატვირთვას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ცვლილებების რეგისტრაციას, სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რითაც უხეშად იქნა დარღვეული სსკ-ის 377-ე და 248-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები.
კასატორმა, ასევე, მოითხოვა სასამართლოს 2004წ. 21 ივლისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ბინას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ს-ს საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე 44-ე ბინა. თ. ს-მ ნ. გ-ს საკუთარი ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა 2002წ. 25 ივნისს. ამ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბინა გაიყიდა 6000 აშშ დოლარად და ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით, კერძოდ, თ. ს-ს ამ ბინის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა 2002წ. 25 დეკემბრამდე. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა ნ. გ-ი; დადგენილია, რომ თ. ს-ს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინა ნ. გ-ისთვის არ გადაუცია და იგი თავის ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას ამ ბინაში. თ. ს-მ 2004წ. თებერვალში შეტანილი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ნ. გ-თან გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის სინამდვილეში ადგილი ჰქონდა სასესხო ურთიერთობას; მოპასუხემ მას სესხის სახით მისცა 4000 აშშ დოლარი თვეში პროცენტების დარიცხვით; მას გადახდილი აქვს ნ. გ-ისათვის 3900 აშშ დოლარი, მაგრამ მოპასუხემ ეს თანხა ჩაუთვალა მხოლოდ პროცენტებში და მოსთხოვა 4000 აშშ დოლარის დაბრუნება, რის გამოც, მათ შორის წარმოიშვა დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის გარიგებითი წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომელიც ადასტურებს ნ. გ-ის მიერ თ. ს-სათვის 4000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, სხვა სასესხო ურთიერთობას ეხება და აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად არ დადებულა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2002წ. 25 ივნისს სადავო ბინაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. საქმეში მოცემულია მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი ხელწერილები, რომლებიც ხელმოწერილია თვით ნ. გ-ის მიერ და რომლითაც იგი ადასტურებს 2002წ. 25 დეკემბერს, 2003წ. 25 იანვარს, 2003წ. 25 თებერვალს, 2003წ. 25 მარტს, 2003წ. 25 აპრილს თ. ს-საგან სხვადასხვა თანხის მიღების ფაქტს და ნ. გ-ის ხელწერილი, რომელშიც იგი, როგორც გამსესხებელი, მიუთითებს, რომ თანახმაა, თ. ს-სათვის დადებული ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდეს ექვსი თვის ვადით, 2003წ. 25 ივლისამდე. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. გ-ს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატა არსებითად გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რისი უფლებაც არ ჰქონდა და აპელანტს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ის, რაც არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა, კერძოდ, აპელანტი არ ითხოვდა სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობას, იპოთეკით დატვირთვას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ცვლილებების რეგისტრაციას, სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რითაც უხეშად იქნა დარღვეული სსკ-ის 377-ე და 248-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები.
დადგენილია, რომ თ. ს-ს სასარჩელო განცხადება და საქმეში წარმოდგენილი მასალები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სინამდვილეში გაფორმდა ნ. გ-ის მიერ თ. ს-სათვის 4000 აშშ დოლარის სესხის მიცემის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო, როგორც მოსაჩვენებლად დადებული გარიგება სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი და ამ ნორმის შესაბამისად ბათილად ცნო მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და გამოიყენა დადებული გარიგების, კერძოდ, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების წესები.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ თ. ს-ს არ მოუთხოვია ნ. გ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სასამართლო არსებითად გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. საქმეში მოცემულია თ. ს-ს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას; სკ-ის 55-56-ე და 81-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ასევე, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე ყადაღის დადებას სსკ-ის 198-ე მუხლის თანახმად, რადგან მოპასუხემ არ გაასხვისოს აღნიშნული ბინა. სააპელაციო საჩივრის შინაარსიც მიუთითებს იმაზე, რომ თ. ს-ა მოითხოვს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არა ნაწილობრივ გაუქმებას, არამედ მთელი გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ ნ. გ-ს მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მოუთხოვია მისი ბინის გათავისუფლება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იმსჯელა თ.ს-ს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მთლიანად შეამოწმა გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივლისის განჩინებით თ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო ნ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინას, მდებარე ქ. თბილისში, .... ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ს-მ სადავო ბინაზე ყადაღის დადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპირებს სადავო ბინის გასხვისებას, რაც შეუძლებელს გახდის მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას. ამიტომ სსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მისი შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.
სსკ-ის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო საჩივარში ასეთი განჩინებების დაუსაბუთებლობაზე მითითებას ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ სწორედ მათი მიღების გამო იქნა გამოტანილი დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. ვინაიდან სსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე, საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ გამოიტანს გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იმსჯელოს იმ განჩინებების კანონიერებაზე, რომლებიც წინ უსწრებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თუ მათ ზეგავლენა მოახდინეს მის ფაქტობრივ თუ იურიდიულ დასაბუთებულობაზე; მაგრამ საკასაციო პალატამ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება) სწორედ ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების და არა მანამდე მიღებული განჩინებების მიმართ.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 21 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებულობაზე ეს განჩინება გავლენას არ ახდენს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.