გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-289-651-05 14 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ც.-ი და შ. ჩ.-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1958წ. 20 ივლისიდან, ხოლო 1989 წელს შ. ჩ.-ა ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ნ. ბ.-სთან. 1993წ. 5 ივნისს შ. ჩ.-ა გარდაიცვალა.
2003წ. 4 თებერვალს ე. ც.-მა სარჩელი აღძრა ნ. ბ.-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა შ. ჩ.-ასა და ნ. ბ.-ს ქორწინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსის 43-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად, ქორწინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუკი ერთ-ერთი მეუღლე სხვასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის განჩინებით აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე შეწყდა წარმოება. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ც.-ის წარმომადგენელმა ვ. ვ.-მა. სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას, ნ. ბ.-ს გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება კერძო საჩივარზე ნ.ბ.-ს უფლებამონაცვლის დადგენამდე.
სააპელაციო სასამართლომ ე. ც.-ის განცხადების საფუძველზე საოქმო განჩინებით განაახლა საქმის წარმოება 2004წ. 8 აპრილს და ნ. ბ.-ს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართო ლ. ჯ.-ა.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის განჩინებით ე.ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის განჩინება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი შ. ჩ.-ასა და ნ. ბ.-ს შორის 1989წ. 19 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება.
ლ. ჯ.-ამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა ან საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა 1997წ. 25 ნოემბრამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსი, ვინაიდან ქორწინება, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე, რეგისტრირებულია ახალი სკ-ის ძალაში შესვლამდე. არ არსებობს სკ-ის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა სურვილი ურთიერთობის ახალი კოდექსით მოწესრიგებისა.
საქორწინო და საოჯახო კოდექსის 43-ე მუხლით ქორწინების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამავე კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობები, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით კი ქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.
ლ. ჯ.-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ნ. ბ.-ს გარდაცვალების შემდეგ საოლქო სასამართლომ 2003წ. 26 სექტემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე არ დააკმაყოფილა გარდაცვლილი ნ.ბ.-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე; სააპელაციო სასამართლომ არ მისცა აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად; ქორწინების ბათილობისას დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან ქორწინება, ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია და, შესაბამისად, სამართალშემოქმედების სუბიექტებად გვევლინება მამაკაცი და ქალი; ქორწინების გაბათილება უნდა მოხდეს იმავე სუბიექტებს შორის ან ერთ-ერთთან; გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ც.-მა 2003წ. 4 თებერვალს ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა აწ გარდაცვლილ შ. ჩ.-ასა და ნ. ბ.-ს შორის 1989წ. 19 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქორწინება მას და აწ გარდაცვლილ შ. ჩ.-ას შორის შეწყვეტილი არ ყოფილა, რაც დადასტურებულია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით; მოპასუხედ მიუთითა ნ. ბ.-ა.
საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხე ნ. ბ.- გარდაიცვალა. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით ე. ც.-ის კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეჩერდა საქმის წარმოება მოპასუხე ნ. ბ.-ს უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საოქმო განჩინება არ საჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განჩინებით ე. ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განახლდა საქმის წარმოება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და არ იმსჯელა იმ საკითხზე, დასაშვ.- თუ არა უფლებამონაცვლეობა განსახილველ დავაში და კანონიერია თუ არა განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
კასატორი ლ.ჯ.-ა სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2003წ. 26 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება ნ. ბ.-ს უფლებამონაცვლის დადგენამდე, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად არ თვლის უფლებამონაცვლეობას და იგი არასათანადო მოპასუხეა.
სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია, თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;
სსკ-ის 394-ე მუხლის “ე”პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული ამავე სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება კერძო საჩივარზე უფლებამონაცვლის დადგენამდე, არ მიუთითა, იზიარებდა თუ არა სააპელაციო პრეტენზიას მოპასუხის უფლებამონაცვლის პროცესში დაშვების თაობაზე, რითაც დაუშვა სწორედ ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს დასაშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა განსახილველ სადავო-სამართლებრივ ურთიერთობაში და შემდეგ მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჯ.-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილეველად დაუბრუნდეს ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.