დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.11.2006
საქმის ნომერი
ას-307-712-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-307-712-06 17 ნოემბერი,2006 წ, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

სარჩელის საგანი: მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლედ ცნობა, შეგებებული სარჩელის საგანი ბინიდან გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ფ-ურმა, ვ. ბ-ძემ, ი. გ-ძემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სს „ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვეს მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლეებად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო შენობა, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹3-ში, წარმოადგენდა თბილისის კამოს სახელობის ჩამომსხმელი ქარხნის საერთო საცხოვრებელს. ისინი მუშაობდნენ აღნიშნულ ქარხანაში და მათი საერთო საცხოვრებელში შესახლება და ჩაწერა განხორციელდა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. საბინაო კოდექსის მიხედვით, პირები საერთო საცხოვრებლიდან შეიძლება გამოსახლდნენ მხოლოდ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით, ვინაიდან ვერ უზრუნველყვეს სხვა საცხოვრებელი სადგომით, მათ მიერ სადავო შენობის ფლობა კანონიერია, რაც წარმოადგენს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელად და მოსარგებლედ ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა თავდაპირველი მოსარჩელეებისა და მათთან მცხოვრები პირების უკანონო მფლობელებად ცნობა და მათი გამოსახლება. სს „ჯ-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1987წ. 24 ივნისის ¹86-რ განკარგულებით თბილისში, ... მდებარე შენობა გადაეცა საქართველოს სსრ სახელმწიფო ღვინის მრეწველობის კომიტეტს, ხოლო აგროსამრეწველო კომიტეტის 1989წ. 30 მარტის ¹205 ბრძანებით აღნიშნული შენობა ჩაირიცხა რ\გ „სჯ-ის“ ბალანსზე, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს სს „ჯ-ა“. ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტით სადავო შენობის მესაკუთრე არის სს „ჯ-ა“. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს თავდაპირველი მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ისინი უნდა გამოსახლდნენ სადავო შენობიდან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაპირველი მოსარჩელეების მოთხოვნა და ისინი ცნობილ იქნენ მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის კეთილსინდისიერ მფლობელებად და მოსარგებლეებად, ხოლო სს „ჯ-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ჯ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა თავდაპირველ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაკმაყოფილდა სს „ჯ-ის“ შეგებებული სარჩელი და მოსარჩელეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თავდაპირველი მოსარჩელეები, ოჯახის წევრებთან ერთად, ფლობენ შენობას, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... ¹3-ში.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1987წ. 24 ივნისის ¹86-რ განკარგულებით სახელმწიფო ღვინის მრეწველობის კომიტეტს გადაეცა თბილისში, ... მდებარე შენობა.

საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის 1989წ. 30 მარტის ¹2-205 ბრძანებით სადავო შენობა ჩაირიცხა რ\გ „სჯ-ის“ ბალანსზე. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს 1993წ. თებერვლის ¹2878 ორდერით შენობა აღირიცხა რ\გ „სჯ-ის“ სახელზე. სს „ჯ-ა“ წარმოადგენს რ\გ „სჯ-ის“ სამართალმემკვიდრეს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილით, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ასევე, სკ-ის 1515-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული პასპორტითა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო შენობისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „ჯ-ა“ და, შესაბამისად, მიიჩნია, რომ სს „ჯ-ას,“ როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, შეუძლია მფლობელს, მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველ მოსარჩელეებსა და მათი ოჯახის წევრებს, მოსთხოვოს ნივთის (მის. თბილისი, ...) უკან დაბრუნება.

რაც შეეხება თავდაპირველ მოსარჩელეებს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მათ ვერ დაადასტურეს ნივთის კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტი, კერძოდ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს საერთო საცხოვრებელში მათთვის საცხოვრებელი ფართის მიცემის, აგრეთვე, მისი სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის შემდეგ ამ ფართით სარგებლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულის გამო ისინი ნივთის არაკეთილსინდისიერ მფლობელებად ჩათვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა. კასატორების აზრით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რადგან სასამართლომ საქმე განიხილა საქმეში მოპასუხეებად ჩაბმული პირების დაუსწრებლად, რომელთაც არ შეტყობინებიათ საქმის განხილვის თაობაზე, რაც კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კასატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, არ უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო შენობა იყო კამოს სახელობის ქარხნის საერთო საცხოვრებელი. მინისტრთა საბჭოს 1987წ. 24 ივნისის განკარგულებით სადავო შენობა გადაეცა ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტს, ხოლო 1989წ. 30 მარტს ბალანსიდან ბალანსზე რ/გ „სჯ-ას“. 1993წ. 22 თებერვალს რ/გ „სჯ-ამ“ აიღო ამ შენობის ორდერი. 1998წ. 10 მარტს ტექბიუროში რ/გ „სჯ-ის“ სახელზე აღირიცხა სადავო შენობა.

2005წ.წ. 30 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (მდებარე, ...) მესაკუთრეს დღეისათვის წარმოადგენს სს „ჯ-ა“ (რ/გ „საქკოლჯ-ის“ სამართალმემკვიდრე), ასევე დადგენილია, რომ თავდაპირველი მოსარჩელეები ამ შენობას ფლობენ არამართლზომიერად.

საქართველოს საქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეებად ჩაბმული პირები არ იყვნენ მოწვეული სასამართლო სხდომაზე 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში ჩაბმული იქნენ მოპასუხეების ოჯახის წევრები (მეუღლეები და შვილები). საქმეში არსებული უწყებებით ირკვევა, რომ საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ ყველა პირს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სკ-ის ნორმები, რაც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სკ-ის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს ერთმანეთს შორის ურთიერთობა სურთ ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, თვითონვე აირჩიონ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, მაგრამ, როდესაც კანონი უძრავი ქონების მიმართ სანივთო უფლებებს განსაზღვრავს, იმპერატიულადაა გათვალისწინებული, რომ გამოიყენება ახალი კოდექსი. „უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებში“ უწინარეს ყოვლისა, იგულისხმება ის წესები, რომლებიც განმტკიცებულია სკ-ის მე-2 წიგნში (მფლობელობა, უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა, სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა და ა.შ.).

მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ფართზე მათ მართლზომიერ მფლობელებად ცნობას, ხოლო სს „ჯ-ა“ შეგებებული სარჩელით მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან თავისი საკუთრების დაბრუნებას (გამოსახლებას). ახალი სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთების მფლობელობის და უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის შესახებ დადგენილია ახალი წესები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ახალი სკ-ის ნორმები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები სარჩელით თვითონ მოითხოვდნენ მოქმედი სკ-ის ნორმების გამოყენებას.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება.

სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში სამი წინაპირობის არსებობისას არის შესაძლებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და, მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

დადგენილია, რომ სადავო შენობის მესაკუთრეა სს „ჯ-ა“. სადავო შენობას ფაქტობრივად ფლობენ მოსარჩელეები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულნი არიან არაკეთილსინდისიერ, არამართლზომიერ მფლობელებად.

კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მფლობელობის დადგენასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად კანონით გათვალისწინებულია გარკვეული სახის მტკიცებულება.

სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, მფლობელი კეთილსინდისიერია, თუ მფლობელობას იძენს მართლზომიერად, რაც, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ მფლობელს გაცნობიერებული აქვს ნივთის ფლობის საფუძვლების მართლზომიერება. თუ მფლობელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეცნობიერებინა ურთიერთობის არსებული დეფექტები, მაშინ ის მაინც კეთილსინდისიერი იქნება, თუმცა უკანონო, ხოლო, თუ მფლობელს ჰქონდა შესაძლებლობა, დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა, ის არაკეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვლება.

მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ამ შემთხვევაში მფლობელობის შეფასება ხდება სამართლის ობიექტური ნების საფუძველზე. მართლზომიერი მფლობელია ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი მფლობელობა შეიძლება იყოს როგორც სანივთო (გირავნობა, აღნაგობა, უზურფრუქტი და სხვა), ისე _ ვალდებულებითი (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა). ნივთის დამქირავებელი, მოიჯარე და ა.შ. ნივთის მართლზომიერი მფლობელია მანამ, ვიდრე მათ აქვთ ნივთის ფლობის უფლება. დაუშვებელია მხოლოდ მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (სსკ-ის 162-ე მუხლის I ნაწილი).

მფლობელობა არამართლზომიერია იმ შემთხვევაში, როდესაც მფლობელს არ გააჩნია და არ შეუძლია წარმოადგინოს სამართლებრივი საფუძველი მის მიერ ამ ნივთის ფლობის უფლების დასადასტურებლად.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს ვერც სანივთო და ვერც ვალდებულებითი სამართლებრივი საფუძველი სადავო შენობის ფლობის უფლების დასადასტურებლად.

უდავოდ არის დადგენილი, რომ სადავო შენობა იყო კამოს სახელობის ქარხნის საერთო საცხოვრებელი. მოსარჩელეების განმარტებით, მათ მიერ ამ შენობის ფლობის საფუძველი გახდა ქარხნის ადმინისტრაციის ნებართვა საერთო საცხოვრებელში შესახლების თაობაზე და მათი ჩაწერა საერთო საცხოვრებელში. საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესებს არეგულირებდა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-4 თავი. ამ კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, მუშათა, მოსამსახურეთა, სტუდენტთა, მოსწავლეთა, აგრეთვე, სხვა მოქალაქეთა მუშაობის ან სწავლის პერიოდში ბინადრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებელი. საერთო საცხოვრებლისათვის გამოიყენება ამ მიზნით სპეციალურად აშენებული ან გადაკეთებული საცხოვრებელი სახლები.

ამავე კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში ფართობი მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მიეცემათ მათი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

საცხოვრებელი ფართობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაცია გასცემს საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართის დაკავების სპეციალურ ორდერს, რომელშიც აღინიშნება ორდერის გაცემის საფუძველი, მოქალაქის, რომელსაც მიეცა საცხოვრებელი სადგომი და მისი ოჯახის წევრების გვარი, სახელი და მამის სახელი.

ამდენად, საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართის დაკავების აუცილებელ წინაპირობას, როგორც მუშა-მოსამსახურეებისათვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისათვის წარმოადგენდა სპეციალური ორდერი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ საერთო საცხოვრებელში ფართის დაკავების შესახებ სპეციალური ორდერი.

საბინაო კოდექსის 119-120-ე მუხლები ითვალისწინებდა საერთო საცხოვრებელში მუშა-მოსამსახურეთა დროებითი მუშაობის პერიოდში შესახლების შესაძლებლობას. ამდენად, საცხოვრებელი ფართი მუშა-მოსამსახურეებს ეძლეოდათ მხოლოდ დროებით (მუშაობის ან სწავლის პერიოდში). მათ მიერ ფართის ფლობის მართლზომიერება დაკავშირებული იყო შრომით ურთიერთობასთან. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ფ-ური კამოს სახელობის ქარხანაში მუშაობდა 1984 წლამდე, რ. მ-შვილი – 1985 წლამდე,ვ. ჭ-შვილი – 1991 წლამდე, ვ. ბ-ძე – 1991 წლამდე, ზ. კ-ძე - 1991 წლამდე, ი. გ-ძე – 1993 წლამდე, ვ. ი-შვილი – 1990 წლამდე. ამდენად, მოსარჩელეები 1993წ. შემდეგ არ ყოფილან შრომითი ურთიერთობაში ქარხანასთან. 1987წ. შემდეგ სადავო შენობა აღარ წარმოადგენდა კამოს სახ. ქარხნის საერთო საცხოვრებელს და თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს მიერ გაცემული 1993წ. თებერვლის ¹2878 ორდერის საფუძველზე სადავო შენობა აღირიცხა რ\გ „სჯ-ის“ სახელზე.

ამდენად, მოსარჩელეებმა ვერც იმ დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებული მათთვის სადავო ფართის გადაცემისა (სპეციალური ორდერი) და ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი წარმოადგინეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს ის ობიექტური ფაქტორი, რომელიც მისცემდა უფლებას თავდაპირველ მოსარჩელეებს თავი დაეცვა ვინდიკაციური სარჩელისაგან და სკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, ისინი, როგორც სადავო ფართის არამართლზომიერი მფლობელები, ვალდებული არიან ნივთი დაუბრუნონ მესაკუთრეს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ფ-ურის, ვ. ბ-ძის, ი. გ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.