დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.12.2005
საქმის ნომერი
ას-542-859-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-542-859-05 ას-542-859-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სესხისა და პროცენტის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 21 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ჩ-ემ და მოითხოვა, რომ გამარტივებული წესით განეხილათ მისი განცხადება თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ვის 12530 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. განმცხადებლის მითითებით, მან 2002წ. 11 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ეს ასესხა 9000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიური 1%-ის სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალეთა საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹12.

2003წ. 2 მაისის სესხის ხელშეკრულებით განმცხადებელმა კვლავ ასესხა თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ეს 2000 აშშ დოლარი 1 თვის ვადით უპროცენტოდ. შემდგომ კი, მიუხედავად გ. ჩ-ის არაერთგზის გაფრთხილებისა, მსესხებლებმა არ დაუბრუნეს მას აღნიშნული თანხა _ 9000 აშშ დოლარი _ ძირითადი თანხა, 1530 აშშ დოლარი _ გადაუხდელი პროცენტი და გასესხებული 2000 აშშ დოლარი.

აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის ბრძანებით, მაგრამ შემდგომში ქ.ლ-ემ და თ. ჟ-ამ გააპროტესტეს აღნიშნულ სასამართლოს ბრძანება, რის გამოც გაუქმდა 2003წ. 25 დეკემბრის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით.

გ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ქ. ლომინაძისა და თ. ჟ-ვის 13070 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა და ქ. ლომინაძესა და თ. ჟ-ას დაეკისრათ 13000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო იპოთეკით დატვირთული ბინა მიქცეულ იქნა აუქციონზე სარეალიზაციოდ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ქ. ლ-ემ და თ. ჟ-ამ. აპელანტებმა მოითხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შეუძლებელი იყო საქმის განხილვა, რადგან იპოთეკის საგანი იმავე დროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში დავის საგანს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თხოვნა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. ამასთან, მოსამართლისათვის ისიც იყო ცნობილი, რომ აღნიშნული იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შესრულებული იყო და ამ ეტაპზე რაიმეს შესწორება შეუძლებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა გ. ჩ-ემ, სადაც განმარტა, რომ აპელანტები შეგნებულად აჭიანურებდნენ საქმის განხილვას, რითაც მას ადგებოდა ზიანი. გ. ჩ-ემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის 13000 აშშ დოლარის 1%-ის დაკისრებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. არ დაკმაყოფილდა თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა გ. ჩ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილებას დაემატა ახალი პუნქტი, რომლითაც თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ეს გ. ჩ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13000 აშშ დოლარის 1%-ის, ანუ 130 აშშ დოლარის თვეში გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჟ-ამ და ქ. ლ-ემ. კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის.

კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, კერძოდ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა მტკიცებულებები. ასევე სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორების განცხადებით, 2003წ. 2 მაისის სესხის ხელშეკრულებას 2000 აშშ დოლარზე ისინი ყოველთვის სადავოდ ხდიდნენ, რადგან აღნიშნული თანხიდან მათ არც ერთი თეთრი არ გადასცემიათ. მეორე სესხის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირვანდელი სესხის დაუფარაობის გამო კასატორები ჩავარდნენ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რითაც ისარგებლა კრედიტორმა და ქ. ლ-ე და თ. ჟ-ა იძულებულები გახდნენ, ხელი მოეწერათ 2003წ. 2 მაისის ხელშეკრულებაზე. კასატორების განცხადებით, გ. ჩ-ე ყოველთვის სარგებლობდა მათი მძიმე მატერიალური მდგომარეობით.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ გ. ჩ-ემ აპელაციაში გაზარდა მოთხოვნა, რაზედაც სსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად მათი თანხმობა იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის უფლებაც კი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, დარღვეულ იქნა ეს მუხლი. კასატორთა განცხადებით, ასევე დარღვეულ იქნა 379-ე მუხლი, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივრით მხარემ შეიძლება სადავოდ გახადოს რაიონულ სასამართლოში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა და არა ის, რომ ამ ფორმით ჩამოაყალიბოს ის მოთხოვნა, რომელზეც არ უმსჯელია სასამართლოს პირველ ინსტანციას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც კასატორი უთითებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით. აღნიშნულ ნორმაში საუბარია სარჩელის უმოძრაოდ დატოვების თაობაზე და კასატორი არ უთითებს, თუ რატომ უნდა დარჩენილიყო განსახილველი სარჩელი უმოძრაოდ. კასატორი ასევე არ უთითებს, თუ რა გარემოებები ან რომელი ნორმა იქნა დარღვეული სასამართლოს ამგვარი მოქმედებით.

კასატორი უთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია. აღნიშნულში მოიაზრებენ იმ გარემოებას, რომ ამ თანხაში შევიდა სამი თვის გადასახდელი პროცენტის ოდენობა და გარიგების პუნქტები 6750 აშშ დოლარის გარდა ბათილია, რადგან იგი მოჩვენებითი და თვალთმაქცურია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კასატორი კი ვერ უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა მის მოსაზრებას გარიგების ან გარიგების პუნქტების ბათილობის თაობაზე. უფრო მეტიც, ასეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის საქმეში. აღნიშნულის გამო, მის მიერ ზემოთ მითითებული მოსაზრება გაზიარებული არ უნდა იქნეს. ასევე საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ მათ 2003წ. 2 მაისის ხელშეკრულება იძულებით დაადებინეს.

რაც შეეხება იმას, ბინაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია თუ არა საჯარო რეესტრში, აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს საჯარო რეესტრის მონაცემებით და არა კასატორის მიერ მითითებული დოკუმენტებით. ამასთან, ამ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ შეიძლება მიეცეს დავის გადაწყვეტისას, რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთი და იგივე დავის საგანზე მიმდინარეობს დავა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, საქმის წარმოება შეჩერდება მხოლოდ სსკ-ის 279-ე და 280-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას. ასეთი გარემოება კი მითითებული არ არის კასატორის მიერ.

სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ ამას სასამართლო მიზანშეწონილად ცნობს. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა საჭირო არ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა სახით აქვს ეს მოთხოვნა დაყენებული მხარეს, მას ასეთი უფლება გააჩნია სამართლებრივად და სასამართლოს უნდა ემსჯელა ამის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჟ-ასა და ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.