გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 31.03.2005
საქმის ნომერი
ას-907-1125-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-907-1125-04 31 მარტი, 2005 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ჟ-მა“ მოპასუხე სს „ს-ის“ მიმართ (რომელიც წარმოადგენს სს ,,ე-ის“ სამართალმემკვიდრეს), ფულადი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის სამმართველოს 26.09.2000 წლის ¹36 და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.03.2000 წლის ¹1-3-193 ბრძანებების საფუძველზე, სს „ე-ი“ შეერწყა რა მსგავსი პროფილის სხვა სააქციო საზოგადოებებს, ჯერ სს „მ-ის“ სახით ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ კი _ სს „ს-ის“ სახით და ეს უკანასკნელი გახდა მისი სამართალმემკვიდრე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 10 მაისის გადახდის ბრძანების საფუძველზე მოვალე სს „ე-ს“ განმცხადებლის _ შპს „ჟ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1.540.312 ლარის გადახდა, რომელზეც გაიცა სააღსრულებო განკარგულება და მის საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. ამავე გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით, 2003 წლის 22 იანვრის განჩინებით გადახდის ბრძანების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სს „ს-ით“.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღიარებულად იქნა ცნობილი, რომ 2001 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სს „მ-ის“ დებიტორული დავალიანება (საურავებისა და დისკონტის ჯამი) შპს „ჟ-ის“ მიმართ შეადგენს 6.110.654 ლარს. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სარჩელის მიხედვით, შპს „ჟ-სა“ და სს „ე-ს“ შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სს „ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაუგროვდა ვალი, რაც ზემოთ მითითებული, დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად შეადგენს 6.110.654 ლარს. აქედან, ძირითადი დავალიანება _ 1540312 ლარი _ თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 10 მაისის გადახდის ბრძანებით უკვე დაეკისრა მოპასუხეს. სხვაობა უკვე დაკისრებულსა და დუშეთის რაიონული სასამართლოს მიერ აღიარებულს შორის შეადგენს 4.570.342 ლარს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციებისა და მათი საერთო რაოდენობის დისკონტირების ჯამს 2001 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.

1996-1997 წლების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2001 წლის 1 ივლისიდან 2003 წლის 1 მაისამდე სს „ს-ის“ დავალიანებამ შპს „ჟ-ის“ მიმართ შეადგინა 1.691.401 ლარი, მათ შორის, საურავების ჯამი შეადგენს 526.564 ლარს, სანქციების - 353.511 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანების დისკონტირება - 811.326 ლარს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს შპს „ჟ-სა“ და სს „ე-ს“ შორის 1998 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას (ორი 10 კვ.მ ელექტროგადამცემი ხაზების გადაცემის შესახებ) და მის საფუძველზე 1999 წლის 30 სექტემბერს გაფორმებულ დამატებით შეთანხმებას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხისაგან მოითხოვა 1998 წლიდან მოცემული სარჩელის აღძვრის თარიღამდე ძირითადი დავალიანების სახით 493.816 ლარის, ხოლო საურავების სახით - 428.437 ლარის, მთლიანად - 922.253 ლარის გადახდა.

მთლიანად მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხისაგან მოითხოვა 7.183.996 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ საქმის მომზადების ეტაპზე გაზარდა თავისი მოთხოვნები და 2003 წლის 1 ოქტომბრის განცხადებით მოპასუხისაგან მოითხოვა 2003 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ სამართლებრივი მომსახურებისათვის, ხელშეკრულების 4.11 პუნქტის მიხედვით, ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 2%-ის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 5.000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მიიჩნია, რომ სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისი განმარტებით, მოსარჩელე უთითებს რა მას და სს „ე-ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ვერ ასახელებს მისი დადების თარიღს და, ამდენად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მოითხოვს სარჩელში მითითებული თანხის დაკისრებას.

რაც შეეხება 1998 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მისი პირადი გაანგარიშებები არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს და, ამდენად, ისინი სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, გარემოება, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

კოლეგიის 2003 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჟ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2004 წლის 14 მაისის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე კოლეგიას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მორიგების დადებისას დაცული არ არის სკ-ის 328-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე არ გაიზიარა მისივე არგუმენტი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან, სკ-ის 142-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი. დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი აღიარებულია სს „მ-ის დებიტორული დავალიანება შპს „ჟ-ის“ მიმართ. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ჟ-ის“ ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შპს „ჟ-ის“ სარჩელი, სს „ს-ს“ სს „ჟ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7183996 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ს-ის“ დავალიანებამ 2001 წლის 1 ივლისისათვის შეადგინა 6110650 ლარი, რაც აღსრულებულია დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით. აღნიშნული თანხიდან ძირითადი დავალიანება _ 1540312 ლარი _ მოპასუხეს დაკისრებული აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 მაისის გადახდის ბრძანებით, ხოლო სხვაობა სასარჩელო წესით აღიარებულსა და უკვე დაკისრებულ თანხებს შორის შეადგენს 4572342 ლარს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციებისა და მათი საერთო რაოდენობის დისკონტის ჯამს 2001 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.

საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. კასატორმა მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული საიჯარო ქონების რეალურად გადმოცემის ფაქტი, ხოლო გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო. კასატორის აზრით, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მოხდა ფაქტის დადგენა და არა მოთხოვნის უფლების შეძენა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულია მის დაუსწრებლად კომპანიის წინამორბედი საზოგადოებისა და შპს „ჟ-ის» უკანონო ფარული გარიგებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა მისთვის 1691401 ლარი, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჯარიმა პროცენტებში, ხოლო, თუ დისკონტირებული თანხა აღმოჩნდებოდა უფრო მეტი, ვიდრე საჯარიმო პროცენტი, მაშინ უნდა დაკისრებოდა მხოლოდ თანხა ან დისკონტი. კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ „ჟ-ის“ მოთხოვნაზე გასულია ხანდაზმულობის ვადა, რადგან ხელშეკრულება დადებულია 1996 წელს, ხოლო იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია, ხოლო დღეისათვის მოქმედი სკ-ის 88-ე და 145-ე მუხლების მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებით მოთხოვნებისთვისაც. კასატორის განმარტებით, დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოთხოვნა არ შეუძენია, რადგან მან დააყენა არა მოთხოვნითი, არამედ აღიარებითი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. აღნიშნულ მუხლში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა კი ხდება სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო კოლეგიამ სს „ს-ის» ვალი შპს „ჟ-ის“ მიმართ 2001 წლის 1 ივლისიდან 2003 წლის 1 მაისამდე განსაზღვრა 1691401 ლარით, რომელთა შორის 526 564 ლარი საურავების ჯამია, სანქციები – 353511 ლარი, დებიტორულ დავალიანების დისკონტირება კი - 811326 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო კოლეგია არ უთითებს, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეფასებითა და ანალიზით განსაზღვრა სს „ს-ის» ვალი ასეთი ოდენობით, უფრო მეტიც, სასამართლო არ უთითებს, თუ რა თანხების ჯამს შეადგენს 6261743 ლარი. ამასთან, გაუგებარია, თუ რა იგულისხმება სასამართლოს მიერ მითითებულ სანქციებში და რომელი ნორმის საფუძველზე დაეკისრა მხარეს სანქციებისა და დავალიანების დისკონტირების თანხები. იგივე უნდა ითქვას საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო სს „ს-ისათვის» დაკისრებული 922253 ლარის თაობაზეც. საქმეში წარმოდგენილი 1998 წლის 1 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება სემეკის მიერ მოიჯარისათვის დაწესებული „გადაცემის“ ტარიფით მიღებული წლიური შემოსავლის 50%-ით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რას შეადგენდა ამ პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირა და რამდენს შეადგენს აღნიშნული თანხის 0,2%-ის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ხომ არ აქვს ადგილი სკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

სასამართლო კოლეგიამ შპს „ჟ-ის“ სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებაში ასევე არ არის ნამსჯელი, თუ რას შეადგენს მითითებული თანხა _ შპს „ჟ-ისა“ და მის ადვოკატებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ თუ სასამართლოს მიერ გონივრულ ფარგლებში დაკისრებულ თანხას.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს შპს „ჟ-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. საქართველოს სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში შპს „ჟ-ის“ მიერ აღიარებითი სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება თავიდან, ე.ი. დუშეთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და იგი ხელახლა უნდა იქნეს განხილული იმავე კოლეგიის მიერ, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი იმის თაობაზე, თუ რას შეადგენს სს „ს-ის“ ვალი შპს „ჟ-ის“ მიმართ 2001 წლის 1 ივლისიდან 2003 წლის 1 მაისამდე, ასევე, რამდენს შეადგენს სს „ს-სათვის“ დაკისრებული საიჯარო ქირა და იურიდიული მომსახურების ხარჯები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

სასამართლო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.