დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.12.2005
საქმის ნომერი
ას-934-1213-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-934-1213-05 19 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: უკანონო დაშენების მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. და ზ. ყ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო. ტ-ის მიმართ უკანონო დაშენების დანგრევის, პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და მიყენებული ზიანის 1025,35 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრე არის დ. ყ-ი. ამავე სახლში ¹31 ბინა ეკუთვნის ო. ტ-ეს, რომელმაც ყ-ების საცხოვრებელი ბინის თავზე დააშენა სართული და მანსარდი. სადავო მშენებლობა მიმდინარეობდა უპროექტოდ, რითაც დაზიანდა ბინის ჭერი და საყრდენი კედლები, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და მის მდგრადობას მომეტებული საფრთხე შეექმნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მშენებლობის ნებართვა მან მიიღო ქ.თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციისაგან და ობიექტის დანგრევის მოთხოვნაზე უფლებამოსილება მხოლოდ აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, მშენებლობის წარმოებაზე მას 14 მეზობლის, მათ შორის, ზ. ყ-ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ჰქონდა.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. და დ. ყ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ტ-ეს დაევალა ქ.თბილისში, ... მდებარე მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელი ბინის თავზე დაშენებული სართულისა და მანსარდის მონგრევა, შენობის აღნიშნული ნაწილის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ზიანის _ 1025,35 ლარის ანაზღაურება მოსარჩელეების სასარგებლოდ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ტ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ო. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და 2004წ. 20 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, სასამართლომ ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ყ-მა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ტ-ის წარმომადგენელ ნ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი დასაბუთებით: საქმის ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი ო. ტ-ე, მისი წარმომადგენელი ნ. ყ-ი და გარიგებითი წარმომადგენელი თ.ტ-ე. სააპელაციო პალატის განმარტებით, მათთვის, სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ცნობილი იყო სხდომის დღე და ადგილი. მათ გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილსა და ამავე კოდექსის 242-ე მუხლზე დაყრდნობით, საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ტ-ის წარმომადგენელმა თ. ტ-ემ შემდეგი მოტივებით: სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები, რადგან ო. ტ-ეს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, ხოლო თ. ტ-ეს პროცესის დღეს ჰქონდა ბრონქოპნევმონია იყო ავად, რის გამოც სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. კასატორის მოსაზრებით, პალატას არ უნდა გამოეყენებინა ხსენებული კოდექსის 233-ე მუხლი, რაც 393-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მიხედვით, საკასაციო საჩივრის საფუძველია. კასატორმა მხარემ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს დაურთო შპს «კ-ის» ცნობა 7-დან 14 ივნისამდე თ. ტ-ის ავადმყოფობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ო. ტ-ის წარმომადგენელმა ნ.ყ-მა შეიტანა საჩივარი, რომლის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2005წ. 10 ივნისს 12 საათზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი უწყებების თანახმად, ო. და თ. ტ-ეების სასამართლო უწყება ჩაიბარა თ. ტ-ემ, ხოლო ნ.ყ-ის უწყება მიიღო მისმა მეუღლემ. სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორი ო.ტ-ის წარმომადგენელი ნ.ყ-ი, ო. ტ-ე და მისი წარმომადგენელი თ. ტ-ე, არ გამოცხადდნენ, რისი მიზეზიც სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელ კ.პაპავას შუამდგომლობა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო ო.ტ-ის წარმომადგენელ ნ.ყ-ის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის დროს გამოიყენება ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში ო. და თ. ტ-ეებს, ასევე ნ. ყ-ს სასამართლო უწყება სათანადო წესით ჩაბარდათ, რადგან, სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო, თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრები სახლის მფლობელს, დამქირავებლებს, რომლებიც თანახმა იქნებიან, გადასცენ უწყება ადრესატს ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება მხარეს მიღებულად ჩაეთვლება, თუ იგი მხარისათვის გადასაცემად ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, რომელიც თანახმაა, იგი ადრესატს გადასცეს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, ო. ტ-ისათვის გაგზავნილი უწყება ჩაიბარა თ. ტ-ემ, ხოლო, ნ. ყ-ის ნაცვლად, ხსენებული დოკუმენტი ჩაბარდა მის მეუღლეს. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის არგუმენტი, თითქოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაუბარებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი მხარის მითითებას თ. ტ-ის ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს, სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის თანდართულ მტკიცებულებას თ.ტ-ის ავადმყოფობის შესახებ, აღნიშნულზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოხსენებული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია, ხოლო ზემოთ მითითებული ნორმა კი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენასა და შეფასებას.

სსკ-ის 410-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო.ტ-ის წარმომადგენელი თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთება