დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.11.2005
საქმის ნომერი
ას-941-1200-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-941-1200-05 9 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ისა და თ. ა-ის წინააღმდეგ სესხისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. ზაფხულში ი. ბ-ს ასესხა 750 დოლარი, რის სანაცვლოდ მას იპოთეკით უნდა გადაეცა ოროთახიანი ბინა, Mმაგრამ თანხის გადაცემის შემდეგ ი. ბ-მ უარი განაცხადა ბინის იპოთეკაზე და მოსარჩელეს შესთავაზა დაბა სურამში 30კვ.მ შენობის მისივე ხარჯებით აშენება და მშენებლობის ხარჯებთან ერთად ძირითადი ვალის გადახდაც.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეთანხმების შემდეგ მან ააშენა 30კვ.მ შენობა, მაგრამ მოპასუხეებმა მხოლოდ 500 აშშ დოლარი და 125 ლარი გადაიხადეს. ზ.ხ-მ მოითხოვა მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრებოდათ ძირითადი ვალი _ 450 დოლარი, მშენებლობაზე გაწეული ხარჯები _ 1975 ლარი, 400 ბლოკი და 300მ რკინა (რაც დაახლოებით შეადგენს 600 ლარს).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ი. ბ-სა და თ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 450 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, ასევე, ერთობლივ მშენებლობაში ზ. ხ-ის მიერ გაწეული ხარჯები _ 1975 ლარი, 400 ცალი პენზის სამშენებლო ბლოკი და 300 მეტრი ხრახნილისებური რკინა ნატურით ან კომპენსაციის _ 600 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2001წ. ივნისში დაიდო სესხის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით,რაც დასტურდება არა მარტო მოსარჩელის განმარტებით, არამედ მოპასუხე ი. ბ-ის ჩვენებითაც, სადაც იგი ადასტურებს მხოლოდ 350 ლარის არსებობას, რაც დაუბრუნა მოსარჩელეს. ასევე განმარტავს, რომ ხ-ის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მან კიდევ დამატებით გადაიხადა 125 ლარი.

სასამარლომ მიიჩნია, რომ 350 ლარი და დამატებით 125 ლარის გადახდა მიუთითებს მოპასუხეების ვალდებულებაზე. სკ-ის 361-ე მუხლით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. სასამართლომ ზეპირი მოსმენის შედეგებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოპასუხეები უარყოფდნენ ვალის არსებობას გადახდის ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით. სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენით მიიჩნია, რომ ვალის დაბრუნების მიზნით და უზრუნველსაყოფად მოპასუხე თ. ა-მა შესთავაზა მოსარჩელეს თავის ეზოში კომერციული ფართის აშენება და ერთობლივი მოგებიდან არსებული ვალის გადახდა. ზ. ხ-მ თანხმობა განაცხადა ასეთი მშენებლობაზე და ხარჯის, ანუ თანხის გაღებაზე, რადგან შეგნებულად მიაჩნდა, რომ ამ გზით დაიბრუნებდა გაცემულ სესხს,ხოლო შემდგომი კი მოგება ექნებოდა. ზ.ხ-მ თავისი ფულადი ხარჯები რომ გაიღო მშენებლობისათვის და სამშენებლო მასალები მიიტანა, დადასტურდა არა მარტო მისი ჩვენებით, არამედ მოწმეების _ შ. ქ-ის, კ. ლ-ის, გ. გ-ისა და გ. ფ-ის ჩვენებებითაც.

სასამართლომ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო გამდიდრებას მოპასუხე მხარის მხრიდან, სასამართლომ მიუთითა სკ-ის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 987-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-მ და თ. ა-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ 350 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად ცნო სესხის სახით 750 აშშ დოლარის აღების ფაქტი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს თანხის გადახდა მაშინ, როცა ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ სასმართლოს გადაწყვეტილება ვერ დაემყარება მხოლოდ შინაგან რწმენას და იგი უნდა დადასტურდეს უდავო მტკიცებულებებით.

სსკ-ის 105-ე მუხლის 2-ე ნაწილის საფუძველზე შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურ განხილვას.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გარიგება ზეპირი ფორმით იყო დადებული, ხოლო მოპასუხემ _ ი. ბ-მ განაცხადა, რომ ხ-ისაგან ისესხა 350 ლარი და გადაუხადა პროცენტის სახით 125 ლარი, ასევე ძირითადი თანხა 350 ლარი.

თ.ა-მა განმარტა, რომ ზ. ხ-საგან შეიძინა სამშენებლო მასალა და გადაიხადა 500 დოლარი, რასაც ასევე აღიარებს ზ. ხ-ე.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხე ი. ბ-ს გადასახდელად დააკისრა 350 ლარი, რადგან, ხ-ის განმარტებით, მან ასესხა ი. ბ-ს 350 ლარი, რაც აღიარა ი. ბ-მ და განმარტა ,რომ დააბრუნა ზემოაღნიშნული თანხა, თუმცა სათანადო მტკიცებულება თანხის დაბრუნების შესახებ ვერ წარმოადგინა.

სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ აღიარება საკმარის მტკიცებულებად ცნო და საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასმართლომ დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მ. კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 11 მაისის გასაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ ი. ბ-ის აღიარებაზე,რომ მან ზ. ხ-ისაგან ისესხა 350 ლარი. სააპელაციო კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ შეაფასა მტკიცებულებები: მოპასუხეთა ახსნა-განმარტებები, შსს ხაშურის რაიგანყოფილებიდან წარმოდგენილი მასალები, მოწმეთა ჩვენებები. 2005წ. გადაწყვეტილების მიღების დროს კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ სკ-ის 361-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; ასევე არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სკ-ის 624-ე მუხლს მისცა არასწორი ინტერპრეტაცია და გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ მოპასუხე ი.ბ-ის მიერ 350 ლარის სესხად აღების თაობაზე გაკეთებული აღიარებითი ახსნა-განმარტება, თუმცა კი შეფასების გარეშე უარყო მოპასუხეთა ახსნა-განმარტებების სხვა მომენტები, ისევე, როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები როგორც სესხის, ასევე, მშენებლობის ხარჯების თაობაზე. 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონი არ არის დარღვეული.

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ ზ.ხ-ის საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით) დაუსაბუთებელია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა 750 აშშ დოლარის თაობაზე მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას. სკ-ის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ისეთ მტკიცებულებებზე (გარდა მოწმეთა ჩვენებებისა), რომლებითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ 750 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 361-ე მუხლი, რადგან მოპასუხეებმა ვალის ნაწილი აღიარეს.

ი.ბ-მ აღიარა, რომ ზ. ხ-სგან 350 ლარი ისესხა. სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ,მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი, რის გამოც მას აღნიშნული თანხა დაეკისრა გადასახდელად, რაც შეეხება დანარჩენ თანხას, მისი სესხად გადაცემის ფაქტი მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რაც ვერ შეძლო. სასამართლომ არ გაიზიარა ი.ბ-ის განმარტება 350 ლარის დაბრუნების თაობაზე, ე.ი. არ დადგინდა, რომ ვალდებულება შესრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 361-ე მუხლი, რადგან ამ ნორმით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამასთან, მითითებული ნორმით, ვალდებულების არსებობა იგულისხმება იმ მოცულობით, რა ოდენობითაც იგი ვალლდებულმა პირმა შეასრულა.

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მშენებლობის ხარჯების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებანი.

პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებების არსებობა. ამასთან, კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც სასამართლომ არ შეაფასა და. შესაბამისად. საფუძვლად არ დაუდო გადაწყვეტილებას.

ამდენად, კასატორის პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.