დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.03.2006
საქმის ნომერი
ას-949-1197-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-949-1197-05 28 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ე-ძის მიმართ თანხის _ 4970 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ჯ. კ-ძე წლების მანძილზე მუშაობდა მეზღვაურად საქართველოს საზღვაო სანაოსნოში. 1999 წელს ო. ე-ძემ 2400 აშშ დოლარის სანაცვლოდ იკისრა მოსარჩელის რომელიმე კომპანიის გემზე სამუშაოთი უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც მოგვიანებით აღარ შეასრულა. ჯ. კ-ძის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ო. ე-ძემ მას თანხა არ დაუბრუნა. ბათუმის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ. გ-ავას მიმართ, სადაც მოწმის სახით დაიკითხა ო.ე-ძე, რომელმაც ჩვენებაში აღიარა ჯ. კ-ძისაგან თანხის გამორთმევის ფაქტი და იკისრა აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალებულება. მოსარჩელემ მოითხოვა ო. ე-ძისადმი ძირითად თანხასთან ერთად მისი 3%-ის დაკისრებაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: ო. ე-ძის განმარტებით, მას ჯ. კ-ძისაგან არც თანხა აუღია და არც რაიმე პასუხისმგებლობა უკისრია. მოსარჩელის დასაქმების უფლებამოსილება მას არ ჰქონია. ჯ.კ-ძეს გემზე მეზღვაურად მიღების შესახებ კონტრაქტი გაუფორმა შპს «ო. კ-მა», რომლის დირექტორ მ. გ-ავას მიმართ ქ. ბათუმის პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება, ხოლო თავად მ.გ-ავა გაქცეული იყო. ჯ. კ-ძესა და შპს «ო. კ-ს» შორის არსებული კონტრაქტის შესახებ ცნობილი იყო ო. ე-ძისთვისაც. მხარის განმარტებით, იგი არასათანადო მოპასუხეა და ჯ.კ-ძეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა აღეძრა შპს «ო. კ-ისა» და მ. გ-ავას მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ე-ძეს დაეკისრა 4970 აშშ დოლარის გადახდა ჯ. კ-ძის სასარგებლოდ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ე-ძემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა, ჯ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ე-ძეს დაეკისრა ჯ. კ-ძის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის ეკვივალეტი ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ე-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 სექტემბრის განჩინებით ო. ე-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება და ჯ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ე-ძეს ჯ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ო. ე-ძე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, რომლის ერთ-ერთ სფეროს მეზღვაურთა დასაქმება წარმოადგენდა. აღნიშნული დადასტურდა ბათუმის საქალაქო პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ, ო. ე-ძემ განმარტა, რომ რ. ხ-შვილთან ერთად დააფუძნა შპს «რ-ი», რომლის მოქმედების სფეროს წარმოადგენდა მეზღვაურების აღრიცხვა და დასაქმება სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო კომპანიებში. ასევე დადგენილ იქნა, რომ ჯ. კ-ძემ ო. ე-ძეს გადასცა 2400 აშშ დოლარი, ხოლო ო. ე-ძემ იკისრა მისი გემზე მეზღვაურად მოწყობის ვალდებულება, რაც ვერ შეასრულა. თანხის გადაცემა დადასტურდა ასევე მოპასუხის წარმომადგენელი თ. შენგელიას მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებითა და ერთ-ერთი მეზღვაურის _ ე.ე-ანის ჩვენებითაც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შასახებ, რომ ის არ არის სათანადო მოპასუხე და ჯ. კ-ძესთან გემზე დასაქმების შესახებ არ შეთანხმებულა, ვინაიდან ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.კ-ძესა და «ო. თ-ს» შორის ხელშეკრულება არ დადებულა, იგი დასაქმების თაობაზე ნამდვილად ო. ე-ძეს შეუთანხმდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სკ-ის 317-ე და 319-ე მუხლების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება, რომლის პირობა ო.ე-ძემ არ შეასრულა _ ჯ.კ-ძე მეზღვაურის თანამდებობაზე ვერ მოაწყო, ამდენად, ამავე კოდექსის 394-ე მუხლიდან გამომდინარე, ჯ.კ-ძის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია რაიონული სასამართლოს მსჯელობა სკ-ის 403-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხისათვის ძირითადი თანხის 3%-ის დაკისრების შესახებ და სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ო. ე-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად, ამასთან, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ო.ე-ძემ მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ბინის კასატორის კუთვნილ ნაწილზე ყადაღის დადების შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლი, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მიუთითა, რომ ო.ე-ძისა და რ.ხ-შვილის ფირმა «რ-ი» მეზღვაურებს დასაქმებაში ეხმარებოდა, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ 1999წ.ათვის ხსენებული ფირმა არ ფუნქციონირებდა და აღრიცხვაზე მყოფი პირების დასაქმებით დაკავებული იყო შპს «ო. თ-ი» რ.ხ-იას წარმომადგენლობით. კასატორის განმარტებით, მან დასასაქმებელი პირებისაგან, მათ შორის ჯ.კ-ძისაგან, თანხა შეაგროვა შპს «ო. თ-ისათვის» გადასაცემად და სადავო თანხის ადრესატისათვის გადაცემის შემდეგ მოსარჩელესთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ჯ.კ-ძესა და შპს «ო. თ-ს» შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დასტურდებოდა, ვინაიდან საქმის მასალებში წარდგენილ იქნა შპს «ო. თ-ის» სახელზე გადახდილი ქვითრები, მათ შორის ჯ.კ-ძის მიერ გადახდილი თანხის ქვითარიც. ასევე წარდგენილია მეზღვაურების სია, რომელშიც საზოგადოების მიერ სამუშაოზე გასაგზავნ პირთა შორის მოსარჩელეცაა შეტანილი, ამასთან, მოცემულ საქმეზე დართული სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოიპოვება შპს «ო. თ-ის» ფაქსები, სადაც დასაქმებულ პირთა შორის ჯ.კ-ძეც მოიხსენიება. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტები აშკარად ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს ნამდვილად ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს «ო. თ-თან». კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს ო.ე-ძემ და მისმა წარმომადგენელმა აღიარეს კასატორის ვალდებულება ჯ.კ-ძის მიმართ მისი დასაქმების შესახებ, აღნიშნული რეალობას არ შეესაბამება და გაურკვეველია, მითითებული გარემოება სასამართლომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა. რაც შეეხება მოწმე ე.ე-ანის განმარტებას, რომელმაც ო.ე-ძის სადავო ვალდებულების არსებობა დაადასტურა, კასატორის მოსაზრებით, სიცრუეა. ე.ე-ანმა განმარტა, რომ შპს «ო. თ-ის», რ.ხ-იასა და მ. გ-ავას შესახებ არაფერი იცოდა, სისხლის სამართლის საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ე.ე-ანს შპს «ო. თ-თან» ხელშეკრულებაც ჰქონდა დადებული და თანხაც შეტანილი. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილდა ო.ე-ძის შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე რ.ხ-იასა და მ.გ-ავას დაკითხვის შესახებ და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებებს. კასატორმა მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ო.ე-ძის საჩივრის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. გარნერის მიმართ ე.ე-ანის, ჯ.კ-ძისა და სხვათა თანხების თაღლითურად მითვისების შესახებ, თუმცა, კასატორის აზრით, გამოძიებისას გაირკვევა მ. გ-ავასა და რ. ხ-იას ურთიერთობა ჯ.კ-ძესთან. ამდენად, ო.ე-ძემ მიიჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე განსახილველი სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელა და მის შუამდგომლობას დაუსაბუთებლად უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 317-ე, 319-ე და 394-ე მუხლები, ვინაიდან მხარეებს შორის არავითარი სახელშეკრულებო, მათ შორის მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ დამყარებულა. ო.ე-ძეს ჯ.კ-ძის დასაქმება იმ პერიოდისათვის არ შეეძლო, რის შესახებაც მოსარჩელისათვისაც იყო ცნობილი. ჯ.კ-ძემ ისიც იცოდა, თუ რა მიზნით გადასცა მოპასუხეს სადავო თანხა. მხარეთა შორის ზემოხსენებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო-სამართლებრივ კონკრეტულ ნორმაზე ან კანონის ანალოგიაზე ვერ მიუთითა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 53-ე მუხლით და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა. სააპელაციო პალატამ ასევე არ გამოიყენა სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომლის საფუძვლეზეც სასამართლოს მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრებამდე უნდა შეეჩერებინა, ხოლო აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სათანადო მოპასუხედ შპს «ო. თ-ის» ჩაბმა, რამეთუ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელეს სწორედ აღნიშნულ საზოგადოებასთან ჰქონდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს, სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად ცნო შემდეგი:

ო. ე-ძე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, რომლის ერთ-ერთ სფეროს მეზღვაურთა დასაქმება წარმოადგენდა. ამ მიზნით ჯ. კ-ძემ ო. ე-ძეს გადასცა 2400 აშშ დოლარი‚ მაგრამ მან ჯ.კ-ძე არ დაასაქმა. აღნიშნული დადასტურებულია ბათუმის საქალაქო პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ, ო. ე-ძის ჩვენებით, რომლითაც იგი აღიარებს ჯ.კ-ძისაგან თანხის მიღებას, ასევე მოპასუხის წარმომადგენელ, თ. შენგელიას სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებით.

სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება(აღიარება), რომლებზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის ოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საააპელაციო სასამართლომ მოპასუხის აღიარება მართებულად მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად და დაადგინა, რომ თანხის გადაცემა მოხდა და შეთანხმება შედგა ჯ.კ-ძესა და ო.ე-ძეს შორის, შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტები სწორედ ეს პირები არიან.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ მან ჯ.კ-ძისაგან თანხა მიიღო შპს «ო. თ-ისათვის» გადასაცემად და სადავო თანხის ადრესატისათვის გადაცემის შემდეგ მოსარჩელესთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ჯ.კ-ძე გემზე დასაქმების თაობაზე შეუთანხმდა თვით ო. ე-ძეს და არა შპს «ო. თ-ს», რადგან საქმის მასალებით, ჯ. კ-ძესა და შპს «ო. თ-ს» შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა არ დადასტურებულა. ეს გარემოება დადასტურებულია, აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული‚ ო.ე-ძის ჩვენებით, სადაც ო.ე-ძე ადასტურებს, სამუშაოზე მოწყობის მიზნით, კონკრეტული პირებისაგან და მათ შორის ჯ.კ-ძისაგან თანხის პირადად მის მიერ მიღების ფაქტს. ამავე დაკითხვის ოქმში ო.ე-ძე უთითებს რამოდენიმე პირისათვის თანხის დაბრუნების თაობაზე, ამასთან დაზუსტებით აღწერს, რომ ზემოხსენებული თანხები ო.ე-ძემ გადასცა რ.ხ-იას და თხუთმეტი დღის შემდეგ შეხვდა ამავე საკითხთან დაკავშირებით.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სკ-ის 317-ე და 319-ე მუხლების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება, რომლის პირობა ო.ე-ძემ არ შეასრულა, ჯ.კ-ძე მეზღვაურის თანამდებობაზე ვერ მოაწყო, რაც მიღებული შესრულების _ თანხის დაბრუნების საფუძველია.

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას თანასაკუთრებაში არსებული ბინის მის კუთვნილ ნაწილზე ყადაღის დადების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან კასატორის ეს მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრებამდე. სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად უთითებს თანხის თაღლითური გზით უკანონოდ მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს. მოცემულ საქმეში დავის საგანია მოდავე მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ჯ.კ-ძისათვის თანხის დაბრუნება. სისხლის სამართლის საქმე კი, მართალია, აღძრულია რამოდენიმე პირის, მათ შორის ჯ.კ-ძის თანხის თაღლითური გზით უკანონოდ მითვისების ფაქტზე, მაგრამ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ჯ.კ-ძის კავშირი სისხლის სამართლის საქმესთან (დაზარალებულად ცნობა). ამავე მასალებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იმ პირების მიმართ, რომლებსაც უშუალოდ უკავშირდებოდა თვით კასატორი ე-ძე. საქმის შედეგების მიხედვით მას შეეძლება რეგრესის წესით მოითხოვოს თანხის დაკისრება. ამდენად, მოცემული საქმის შეჩერების თაობაზე კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 16 მარტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.