დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-969-1215-04 6 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 16 აპრილს ნ. კ-ემ რ. ჯ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 17 მარტს გაცემული მინდობილობის, 2000წ. 13 სექტემბრისა და 2003წ. 14 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 17 მარტს მოპასუხისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ძვირი ჯდებოდა, გასცა მინდობილობა, თბილისში, ....... ¹6-ში მდებარე ¹52 ბინის გასხვისების უფლების მიცემის შესახებ. ამასთან, დადეს პირობა, რომ ამ მინდობილობას იურიდიული შედეგი არ მოჰყვებოდა. 2003წ. მარტის შუა რიცხვებში მან გაიგო, რომ რ. ჯ-ს მისი ბინა გაუყიდია ი. ზ-ზე, რომელმაც თავის მხრივ, 2003წ. 14 მარტს ბინა მიჰყიდა ბ. წ-ს.
ნ. კ-ემ 2003წ. 27 მაისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მან ასევე მოითხოვა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მინდობილობის იურიდიული შედეგი, კერძოდ, თუკი იგი ვალს დროულად არ დააბრუნებდა, ბინა გაიყიდებოდა. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელემ და მისმა ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე გამოხატეს თავისი ნება მინდობილობის საფუძველზე ბინის გასხვისების შესახებ. როცა ნ. კ-ემ ვალი არ დაუბრუნა, მან მითითებული ბინა მიჰყიდა ი. ზ-ს.
2003წ. 7 მაისს ბ. წ-მა ნ., ს. და თ. კ-ეების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა ბინიდან გასახლება შემდეგი საფუძვლით:
მან 2003წ. 14 მარტს ი. ზ-ისაგან შეისყიდა ქ. თბილისში, ....... ¹6-ში მდებარე ¹52 ბინა. მოპასუხეებს დაკავებული აქვთ მითითებული ბინა და არ უშვებენ სახლში.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ივლისის განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ამავე სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა ბ. წ-ის სარჩელი, ნ., ლ., ს., თ. კ-ეები თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ რ. ჯ-სა და ნ. კ-ეს შორის 2000წ. 7 მარტს ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც ნ. კ-ემ 6 თვის ვადით გასცა მინდობილობა მთელი თავისი ქონების მართვაზე, მათ შორის, გასხვისების უფლებით.
პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მინდობილობა გაცემული იყო თვალთმაქცურად, მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. მინდობილობაში გამოხატული ნება მინიჭებული უფლებების რეალიზაციას რომ ისახავდა მიზნად, დასტურდებოდა ნ.კ-ის მშობლების მიერ სადავო ბინის გასხვისების შესახებ შედგენილი წერილობითი თანხმობით.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო დაცული სკ-ის 54-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესები. ნ. კ-ემ ვერ დაამტკიცა, რომ მითითებული გარიგება მართლსაწინააღმდეგო, ამორალური, თვალთმაქცური ან შეცდომით დადებული იყო და წარმოადგენდა ძალაუფლების, ბოროტად გამოყენებას.
2004წ. 5 ივლისს ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 383-ე, 372-ე, 223-ე და 221-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმე ყოველმხრივ, არ მისცა უფლება, შეკითხვები დაესვა მოწინააღმდეგე მხარისათვის და არ იმსჯელა მის შესაგებელზე.
სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენად კანონიერად იყო აღძრული მესამე პირის სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც უნდა ეგო პასუხი სარჩელზე.
სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რა რაოდენობის თანხა დაუბრუნა მან კრედიტორს და რამდენს შეადგენს მისი ვალი.
სესხის უზრუნველსაყოფად მინდობილობის გაცემის ფორმას კანონი არ ითვალისწინებს და სასამართლომ გამოიყენა არარსებული ნორმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 724-ე, 729-ე, 477-ე, 483-ე, 487-ე, 489-ე, 490-ე, 494-ე მუხლები და არ გამოიყენა სსკ-ის 85-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესოძ კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2000წ. 17 მარტს რ. ჯ-სა და ნ. კ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე, ასევე, ნ. კ-ემ რ. ჯ-ს მისცა ნოტარიულად დამოწმებული 6-თვიანი მინდობილობა თავისი ქონების, მათ შორის, სადავო ბინის, რეალიზაციის შესაძლებლობის შესახებ. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ ბინის რეალიზაციაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს ნ. კ-ის ოჯახის წევრებმაც. 2000წ. 13 სექტემბერს რ. ჯ-მა სადავო ბინა არსებული მინდობილობის საფუძველზე მიჰყიდა ი. ზ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა მითითებული ბინა 2003წ. 14 მარტს მიჰყიდა ბ. წ-ს. სარჩელის აღძვრის დროისათვის სადავო ბინის მესაკუთრეა ბ. წ-ი, ბინა კი დაკავებული აქვთ ნ. კ-ესა და მისი ოჯახის წევრებს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითებები არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი. არასწორია კასატორის მითითება, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 383-ე, 372-ე, 223-ე და 221-ე მუხლების მოთხოვნები. სსკ-ის 383-ე და 372-ე მუხლები არეგულირებენ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების წესებს, ხოლო 221-ე და 223-ე მუხლები სასამართლო პროცესზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და შეკითხვების მიცემის წესებს. საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმით კი მითითებული ნორმების დარღვევა არ დასტურდება. პირიქით, ნ. კ-ის წარმომადგენელის, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ჰქონდა უფლება, შეკითხვები დაესვა მოწინააღმდეგე მხარისათვის და იყენებდა ამ უფლებას. საქმეში არსებული სხდომის ოქმით ასევე არ დასტურდება სსკ-ის 223-ე მუხლით უზრუნველყოფილი უფლების, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენად კანონიერად იყო აღძრული მესამე პირის სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც პასუხი უნდა ეგო ამ სარჩელზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირის სარჩელი საერთოდ არ არსებობს. საქმეშია ორი სარჩელი: პირველი _ ნ. კ-ესა და რ. ჯ-ს შორის, მეორე _ ბ. წ-სა და ნ. კ-ეს, ლ. კ-ე, ს. კ-ესა და თ. კ-ეს შორის. ორივე სარჩელში მოპასუხეებად მითითებული არიან ის პირები, ვინც პასუხი უნდა აგონ მოცემულ სარჩელებზე, აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნა. მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხე დასახელებული არ ყოფილა და მისი შეცვლა ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელი იყო.
ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 724-ე, 729-ე, 477-ე, 483-ე, 487-ე, 489-ე, 490-ე, 494-ე მუხლები, სკ-ის 477-ე-494-ე მუხლები არეგულირებენ ნასყიდობის, ხოლო 724-ე-729-ე მუხლები საკუთრების მინდობის წესებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა კანონის ზემოთ მითითებული ნორმების განმარტება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება არ დადებულა. მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად გამოიყენება. მოცემულ შემთხვევაში რ. ჯ-სა და ი. ზ-ს, ასევე, ი. ზ-სა და ბ. წ-ს სურდათ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და, შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას მოჰყვება, რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზანი მათ ქმედებაში არ იკვეთება. ასევე, რ. ჯ-ის მხრიდან არ იკვეთება გავლენის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ვინაიდან მან ი. ზ-თან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა კანონის დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ნ. კ-ის სურვილით გაიცა და ეს უკანასკნელი მინდობილობის ნამდვილობას საეჭვოდ არ ხდის.
სკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია კი ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთების მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის წარდგენით. განსახილველ შემთხვევაში იპოთეკა არ წარმოშობილა. ნ. კ-ესა და რ. ჯ-ს შორის სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, ასევე ზეპირად შეთანხმდნენ ისინი ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ბინის გასხვისების თაობაზე, რაც ნ. კ-ემ მის მიერ გაცემული მინდობილობით დაადასტურა. სკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე (სკ-ის 709-ე მუხ.) მინდობილი დავალების შესრულების შემდეგ რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ის, რაც შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით (სკ-ის 715-ე მუხ.)
სკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
მოცემულ შემთხვევაში არსებობს დავალების ხელშეკრულება. დადგენილია, რომ მინდობილობა გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მინდობილობაში გამოხატული ნება მინიჭებული უფლებების რეალიზაციას რომ ისახავდა მიზნად, დასტურდება ნ. კ-ის მშობლების მიერ სადაო ბინის გასხვისების შესახებ შედგენილი წერილობითი თანხმობით.
კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ გაურკვევია, თუ რა ოდენობის ვალი დააბრუნა ნ. კ-ემ და, მინდობილობის შესაბამისად, ბინის გაყიდვის დროს რამდენს შეადგენდა მისი ვალი, ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ამ გარემოებების გარკვევა წინამდებარე დავის განხილვის საგანი ვერ გახდება. იმ საკითხის გარკვევა, თუ რა ოდენობის ვალი დაფარა ნ. კ-ემ და ბინის რეალიზაციის შემდეგ ზედმეტად აღებული თანხა დასაბრუნებელი აქვს თუ არა ნ. კ-ისათვის, ცალკე დავის საგანს წარმოადგენს.
სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
მოცემულ შემთხვევაში ბ. წ-ი არის რა სადავო ბინის მესაკუთრე, სრული უფლება გააჩნია, მოითხოვოს ამ ბინაში მყოფ პირთა გასახლება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.