დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.12.2004
საქმის ნომერი
ას-1051-1285-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.12.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1051-1285-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ივნისს გ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ს.-ის” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1996წ. 6 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს/ს “ს.-მ” იკისრა ვალდებულება, ქ. თბილისში, ... 13ა-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის “ა” კორპუსის მე-3 სადარბაზოს მე-5 სართულზე მდებარე ორი ბინა, 105,25 კვ. მეტრისა და 83,38 კვ.მ-ის, 1997წ. ბოლოსათვის გადაეცა გ. ბ.-ის საკუთრებაში, ხოლო ამ უკანასკნელს სახელშეკრულებო 50931 ლარიდან 20000 ლარი უნდა შეეტანა ს/ს “ს.-ის” ანგარიშზე 1996წ. 10 თებერვლამდე, რაც, ¹2 ქვითრის თანახმად, განახორციელა. 1997წ. 1 მაისს ურთიერთშეთანხმებით მხარეებმა გააფორმეს ახალი ხელშეკრულება იგივე მშენებარე სახლის “ა” კორპუსის მე-3 სადარბაზოს მე-5 სართულის ¹55 ბინის გ. ბ.-ისათვის გადაცემის შესახებ.

1996წ. 6 თებერვლის შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო გ. ბ.-ის მიერ გადახდილი 20000 ლარი ჩაეთვალა ¹55 ბინის საერთო ღირებულების 22512 ლარის ოდენობით, დანარჩენი 2512 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა დათქმულ დროს _ 1997წ. 30 სექტემბრამდე. გ. ბ.-ის განმარტებით, მისი მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების მიუხედავად, მშენებლობა შეთანხმებულ ვადაში _ 1998წ. პირველ ნახევარში, არ დასრულდა. მან არაერთხელ უშედეგოდ მიმართა მოპასუხეს თავის მიერ გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, რა დროსაც განიცადა სკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალური ზარალი. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე, რომლის თანახმად, 1996 წლიდან ლარმა განიცადა ინფლაცია და მის მიერ გადახდილი 22512 ლარმა შეადგინა 35787 ლარი. სკ-ის 405-ე, 394-ე, 411-ე, მე-8 და 1328-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მის მიერ ბინის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობის დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის სახით 1998წ. მეორე ნაწილიდან მოყოლებით ბანკთაშორის გათვალისწინებული საშუალო საპროცენტო განაკვეთის, თვეში 3%-ის, სულ – 42944,4 ლარის ანაზღაურება.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – მოპასუხეებს: სს „ს.-ის”, სს „ს – 2000”-ს, სს „მ.-ს” გ. ბ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22512 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დამატებით დაეკისრათ 11 256 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 მარტის განჩინებით გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. 2004წ. 13 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს.-ის” გენერალურმა დირექტორმა ნ.ც.-ამ, სადაც მიუთითა, რომ „ს.-ის” რეორგანიზაციის შედეგად მის საფუძველზე ჩამოყალიბდა სს „ს.-ა”, რომლის საწესდებო კაპიტალი გაყოფის შედეგად წარმოადგენდა 653972 ლარს – 76,11%, სს „ს. 2000” –150495 ლარს – 17,51%, სს „მ.-ი” – 54725 ლარს – 6,38%. განმცხადებელმა მოითხოვა სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე აღსრულების წესის განსაზღვრა და აღსრულების განაწილვადება თითოეულ საწარმოზე ქონების განაწილების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინებით სს „ს. 2000-ის” გენერალური დირექტორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრისა და აღსრულების განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამება სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განაწესს, რადგან მისი დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმეზე არსებული გადაწყვეტილების შეცვლას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს. – 2000-ის” გენერალურმა დირექტორმა ნ. ც.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო: არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, სინამდვილეში მან (ნ. ც.-მ) სასამართლოს პროცესზე დააყენა ეს მოთხოვნა, რაზეც პროცესზე იყო მსჯელობა და მოსამართლეც სიტყვიერად დაეთანხმა განაწილვადებაზე, გადაწყვეტილებაში კი ასეთი არ იქნა ასახული. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებას სს „ს. 2000-ის” გენერალური დირექტორის ნ. ც.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სს „ს.-ს”, სს „ს. 2000-ს” სს „მ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39768 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა, გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეებს უნდა გადახდოდა სოლიდარულად. განმცხადებელი _ სს „ს. 2000” ითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხეებისათვის სს „ს.-ის” რეორგანიზაციის შედეგად მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ საწარმოსათვის ქონების განაწილების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა განმცხადებელ სს „ს. 2000-ის” განცხადება. სსკ-ის 263-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს რომელმაც საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით მათი ქონებრივი მდგომარეობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნულ მუხლში საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების და წესის შეცვლის შესახებ, მაგრამ ეს შეცვლა არ უნდა იწვევდეს გადაწყვეტილების შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას და მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაცვლად თანხის დაკისრებას წილების მიხედვით.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანის დროს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს. 2000-ის” გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისისა და 20 სექტემბრის განჩინებები.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.