დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-435-713-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს «ე-ის” სარჩელი, სს «რ-ს” «ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 963.933.2 ლარის გადახდა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 2000წ. 20 ივნისს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დღემდე არ არის აღსრულებული.
2002წ. 12 ნოემბერს სს «ე-ასა” და შპს «დ-ას” შერწყმის შედეგად დაფუძნდა შპს «ს-ა”, რომელიც წარმოადგენს შერწყმამდე არსებული ზემოხსენებული სუბიექტების სამართალმემკვიდრეს.
შპს «ს-ის” გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და სსკ-ის 267 პრიმა მუხლისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა სს «ე-ის” უფლებამონაცვლეზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 მაისის საოქმო დადგენილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელე სს «ე-ა” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, შპს «ს-ით”, ხოლო მოპასუხე სს «რ-ი»_მისი საპროცესო უფლებამონაცვლით, სს «გ-ით”.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა «ს-ის” გენერალურმა დირექტორმა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ-ის 285-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინებაში უნდა აღინიშნოს ის მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე. ზემოაღნიშნული განჩინება კანონის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რის გამოც გაუგებარია, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობდა სასამართლო, როდესაც ამ განჩინების გამოტანისას სსკ-ის მე-7 და 92-ე მუხლებზე მიუთითებდა. სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიის პრინციპით, ვინაიდან ამ ურთიერთობას კანონი უშუალოდ არეგულირებს.
განჩინების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე სსკ-ის 92-ე მუხლით და სს «რ-ი” შეცვალა მისი საპროცესო უფლებამონაცვლით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მხარის შეცვლას მისი საპროცესო უფლებამონაცვლით საქმის განხილვის სტადიაზე და არა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მხარეების შეცვლას. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა განჩინების გაუქმებასა და განცხადების დაკმყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი ჩაითვალა ხარვეზიანად, მის ავტორს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. კოლეგიის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებით სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2004წ. 21 იანვარს შპს „ს-ამ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით „ს-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა. შპს „ს-ის“ სახელზე გაიცა აღმასრულებელი ფურცელი კოლეგიის 2003წ. 14 მაისის ¹2ა-83 განჩინების შესაბამისად.
კოლეგიის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს-ის“ გენერალურმა დირექტორმა დ. უ-მა, შემდეგი საფუძვლით: სასამართლო კოლეგიამ პრეიდიციული ძალა მიანიჭა წერილობით მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოლს სსკ-ის 106-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლის განჩინების გაუქმება და შპს „ს-ას“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 19 მარტის განჩინებით სს „ს-ის“ კერძო საჩივარი ჩაითვალა ხარვეზიანად და მას მიეცა განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
2004წ. 30 მარტს სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა საოლქო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით 2004წ. 7 აპრილამდე სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, იმ საფუძვლით, რომ „ს-ას“ დღიდან მისი შექმნისა რეგიონალური ენერგოკომპანიებისაგან მემკვიდრეობით ერგო მძიმე ფინანსური მდგომარეობა სახელმწიფო-საბიუჯეტო და სხვა სახის დავალიანებების სახით. ამჟამად მათ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია სხვადასხვა საინკასო დავალებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით სს „ს-ის“ კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გამოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „თ“ პუნქტში მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ კანონის დადგენილი წესით კერძო საჩივარზე, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს კერძო საჩივრისათვის სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა განსაზღვრა და ამ თანხის გადასახდელად კერძო საჩივრის ავტორს მისცა ვადა. ამასთან, გააფრთხილა, თუ ამ ვადაში ხარვეზი შევსებული არ იქნებოად კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს ამ სასამრთლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლოს პრეიდიციული ძალა მიენიჭებინოს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ოფისის გაქურდვაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობისათვის, ეს მაშინ როცა პრეიდიციის გამოყენებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ რადგან სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით აღმასრულებელი ფურცლის დედნის დაკარგვის გამო შპს „ს-ას“ საპატიოდ ჩაუთვალა 2000წ. 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედნის წარმოუდგენლობა, ეს არ ნიშნავს ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტისთვის პრეიდიციული მნიშვნელობის მინიჭებას.
სასამართლო კოლეგიამ ბაჟის გადაუხდელობის გამო, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად სწორად მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის დ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლისM 19 მარტის და 13 აპრილის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.