გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.11.2003
საქმის ნომერი
ას-448-1091-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-448-1091-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი,თ. კობახიძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “მ.ლ-მა” და ნ. ლ-მა, მოპასუხეების _ შპს “ბ.” და დ. კ-ის მიმართ (მესამე პირი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “ს.”). მან განმარტა, რომ მოპასუხეები ახორციელებენ მოსარჩელეთა (განსაკუთრებული უფლების მფლობელთა) უფლებების ხელყოფას კონკრეტული ეგზემპლარების დამზადებისა და რეალიზაციის გზით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, შპს “ბ.” დამზადებული აქვს დაახლოებით 500000 ცალი სადავო ბოთლი, რომლის გავრცელებაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გამოიწვევს მათი უფლებების დარღვევას და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, რამდენადაც ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას, ბოთლების, როგორც კონტრაფაქციული ეგზემპლარების განადგურება წარმოადგენს.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე მუხლისა და სსკ-ს 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეები ითხოვდნენ, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყადაღა დადებოდა გასავრცელებლად გამზადებულ სადავო ბოთლებსა და მოპასუხეებს აკრძალვოდათ სადავო ბოთლის რეპროდუცირება, გავრცელება და ნებისმიერი სახით გამოყენება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისის განჩინებით შპს “მ.ლ.-ისა” და ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს აეკრძალათ სადავო ბოთლის რეპროდუცირება, გავრცელება ნებისმიერი სახით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ბ.” განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-3 ნაწილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 აგვისტოს განჩინებით, შპს “ბ.” კერძო საჩივარი დასაშვებად და დასაბუთებულად არ მიიჩნიეს. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების, შპს “მ.ლ-ისა” და ნ. ლ-ის, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს “ბ.” მიერ გასავრცელებლად გამზადებულ სადავო ბოთლებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოპასუხეებს აეკრძალათ სადავო ბოთლის რეპროდუცირება, გავრცელება ნებისმიერი სახით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” როგორც საქართველოს კანონის 61-ე მუხლს, ისე სსკ-ს 191-ე, 198-ე და 194-ე მუხლებს.

საქართველოს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

საქართველოს საპატენტო კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოგონებების, სასარგებლო მოდელებისა და სამრეწველო ნიმუშების შექმნასთან, მათ გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის ნორმები, ვინაიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის სახითაა შექმნილი, არეგულირებს საქართველოს საპატენტო კანონი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “ს.ს” მიერ გაცემული პატენტი 2002 135 სამრეწველო ნიმუშზე _ “ბოთლი”.

პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 191-199-ე მუხლებით, კერძოდ, სსკ-ს 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. მოსარჩელე მხარის მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ან სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

გასაზიარებელია მოსაზრება, რომ კოლეგიას სსკ-ს 191-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ემსჯელა რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობას და, შესაბამისად, რატომ გახდებოდა შეუძლებელი ან გაძნელდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. მხოლოდ აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ იყო სასამართლო უფლებამოსილი დადებითად გადაეწყვიტა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ მსჯელობის გარეშე მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად. საქმის მასალების მიხედვით კერძო საჩივარი დასაშვებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის II ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბიგის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ივლისისა და ამავე კოლეგიის 2003წ. 13 აგვისტოს განჩინებები, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.