ახალად აღმოჩენილი გარემოებები

სამოქალაქო 26.02.2004
საქმის ნომერი
ვ-1239-ა-49-03
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
26.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ვ-1239-ა-49-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,ნ. კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1991წ. 25 ივლისის დადგენილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს 1988წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი, რომლითაც იგი მოითხოვდა მოპასუხეების, ჯ. ხ-ისა და მ. კ-ის ბინიდან გამოსახლებას დაკმაყოფილდა. ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის პაის მეოთხედის მესაკუთრედ და მის სასარგებლოდ ლ. ხ- დაეკისრა თანხის გადახდა.

1988წ. 7 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ზემო აღნიშნული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა 1988წ. 2 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად გააგზავნა იმავე რაიონის სასამართლოში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 1990წ. 26 იანვრის დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1989წ. 2 სექტემბრის დადგენილებიდან ამორიცხა რიგი მოტივები, რომლებიც ზღუდავდნენ სასამართლოს, საქმის ხელახლა განხილვის დროს სრულად გაერკვია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ბოლოს კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1991წ. 25 ივლისის პლენუმის დადგენილებით გენერალური პროკურორის პროტესტი მოცემულ საქმეზე დარჩა დაუკმაყოფილებელი იმ მოტივით, რომ საბურთალოს რაიონის სასამართოლოს 1988წ. 1 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი არ არსებობდა მისი არასრულყოფილების გამო. ლ. ხ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1991წ. 25 ივლისის პლენუმის დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ეს კანონი ამოქმედდა 1999წ. 15 მაისიდან, ანუ იმ პერიოდამდე 8 წლით ადრე, როდესაც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 1991წ. 25 ივლისს მიიღო დადგენილება საქმის ხელმეორედ განხილვის შესახებ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ლ. ხ-ს მიაჩნია, რომ ახლად მიღებულ კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა მოცემულ საქმესთან მიმართებაში, რადგანაც იგი ამძიმებს მის მდგომარეობას და უსპობს შესაძლებლობას მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. იგი მოითხოვს, რომ სადავო საკითხი მოწესრიგებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა ლ. ხ-ის განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განცხადება დაუშვებელია და იგი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1991წ. 25 ივლისის პლენუმის დადგენილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ანალოგიურ ნორმას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების 435-ე მუხლი.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამოქმედდა 1999წ. 15 მაისიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოების საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

დადგენილება რომლის გაუქმებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 1991წ. 25 ივლისს. მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გასულია 13 წელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ლ. ხ-ის განცხადება პლენუმის დადგენილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დაუშვებელია, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილების (დადგენილების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გასულია 5 წელზე მეტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლ. ხ-ის განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო, ვინაიდან არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების დაშვების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს იმ საქმეებს, რომელთა განხილვა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. ლ. ხ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ მიეკუთვნება ამგვარ კატეგორიას, რის გამოც მისი უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაზე განხილვის აუცილებლობა არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.